Thumbnail

კრემონეზეს მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში პირველად ითამაშა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. სტუმრად ტერნანასთან მოგებულ მატჩში (1:0) ერთადერთი გოლი სწორედ ლუკას აქტიურობას მოყვა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მეორე ტაიმში ათი კაცით დარჩენილმა კრემონეზემ გოლი 65-ე წუთზე, მას მერე გაიტანა, რაც კუთხურის შემდეგ კარისკენ თავით ლოჩოშვილმა დაარტყა. ტერნანას მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ მასიმო კოდამ დამატებაზე შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ლუკამ Sofascore-ისგან ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.9. 

მატჩის შემდეგ კრემონეზეს მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება შეაფასა და ლუკა ლოჩოშვილზეც ილაპარაკა:

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გაძევებამდე გვქონდა უპირატესობა, შემდეგ კი თამაში შეიცვალა - თავს ვიცავდით, მაგრამ შინ 3 ქულით ვბრუნდებით. 

ლოჩოშვილი ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, შეიძლება, ყოველთვის არ ითამაშოს, მაგრამ ის კრემონეზესთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ძლიერი მოთამაშეა. ცხადია, რომ უნდა მოუმატოს, მაგრამ კმაყოფილი ვართ, რომ ის გვყავს".

აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილისთვის ეს იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებული პირველი თამაში იყო. ქართველ მცველს ამ სეზონში კრემონეზეს მაისურით მანამდე მხოლოდ იტალიის თასზე, კროტონესთან ჰქონდა ნათამაშები. 

კრემონეზემ, რომელიც სერია B-ში წინა სეზონის შედეგებით დაქვეითდა, მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოიგო. დავიდე ბალარდინის გუნდს პირველ ორ თამაშში ფრე და წაგება ჰქონდა, მე-4 ტურში კი, 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე გენუის სამპდორიას მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები