- საქართველო 70:59 ვენესუელა
- ზუროსის გუნდმა აგრესიული დაცვით მეტოქეს კარგი სროლები არ მისცა
- სამწამიანში საქართველოს სრული უპირატესობა ჰქონდა
- ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო
ვენესუელის ნაკრებთან მატჩს ცოტა სიფრთხილით ველოდებოდით - ვიცოდით, რომ პერიმეტრიდან ბევრს და ხშირად ისვრიან და თუ სროლა წაუვიდათ, შეიძლება სახიფათო გუნდიც იყოს.
საქართველომ ვენესუელას 20 წუთში ისე მოუგო, რომ საკუთარი დომინაცია არცერთი წუთით ეჭვქვეშ არ დაუყენებია - მეტოქისგან ნაკრებს ხიფათი არც უგრძვნია. ეს პირველ რიგში აგრესიული და აქტიური დაცვის დამსახურება გახლდათ.
პირველ ნახევარში ზუროსის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ 23 ქულა ჩააგდებინა - თითქმის არ მისცა თავისუფალი სამიანები და კარგი სროლები. მეტოქეს საქართველოს დაცვისთვის სამწამიაში პრობლემების შექმნა ისედაც არ შეეძლო - ჩვენი გაბარიტების, სიმაღლის და დაცვითი რესურსის მქონე გუნდთან ეს არ შეიძლება გამოსულიყო. ვენესუელას საქართველოს აგრესიული დაცვის წყალობით თავისუფალი სამიანები არ ჰქონდა, ამიტომაც ცუდ სროლებს იღებდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ჯამში, სამხრეთამერიკელებს 25-დან მხოლოდ 6 ზუსტი სამიანი ჰქონდათ, რაც ზუსტი სამიანების კატასტროფულ 24 პროცენტს ნიშნავს.

პერიმეტრიდან უკეთესი არც საქართველო იყო - 23-დან 5 ჩაგდებული სროლა და ზუსტი სამიანების 21 პროცენტი. ჩვენს არცერთ მოთამაშეს არ ჰქონდა 1-ზე მეტი ზუსტი სამიანი. უკვე მესამე თამაშია, მეტს ველით თად მაკფადენისგან, პერიმეტრზე საქართველოს მთავარი მსროლელისგან - 30 წუთში მხოლოდ 6-დან 1 ზუსტი სროლა და 3 ქულა.
თუმცა, საქართველოს ნაკრების თამაშზე ამას დიდი გავლენა არ ჰქონია, რადგან სამქულიანები ზუროსის გუნდის ძირითადი შემტევი ოპცია არ არის - მით უმეტეს ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელთანაც სამწამიანში უპირატესობა გვაქვს. ვენესუელას საქართველოს შემტევების სამწამიანში გაჩერება არ შეეძლო და ზუროსის გუნდმა აქცენტი ამ კომპონენტზე გააკეთა. პირველ ნახევარში ორქულიანი დისტანციიდან 15-დან 12 ზუსტი სროლა ჩავაგდეთ - ანუ, ყოველი 5-დან 4 (ზუსტი სროლების 80 პროცენტი).
განსაკუთრებით შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია, რომელსაც სამწამიანში მეტოქე ვერაფრით აჩერებდა - 25 ქულა, 17-დან 9 ზუსტი სროლა, აქედან 12-დან 8 ზუსტი ორქულიანი და 9 ნასროლი ჯარიმა. ეს სტატისტიკა შენგელიას სამწამიანში სრულ დომინაციაზე მეტყველებს. თორნიკემ თუ რამე ააცილა - ისიც პერიმეტრიდან, მესამე და მეოთხე მეოთხედში, როცა თამაში უკვე მოგებული იყო, საქართველო ცოტა მოეშვა და მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.
კიდევ ერთი დომინანტური მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს - 22 წუთში 11 ქულა და 11 მოხსნა, სამიდან სამი ჩაგდებული ბურთი და 8 ნასროლი ჯარიმა. სტატისტიკის მიღმა ბითაძე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს დაცვისთვის - მისი სიმაღლის, ხელების სიგრძის და სწრაფი მოძრაობის წყალობით, მეტოქისთვის სამწამიანი ზონა რთული გასავალია. გოგა სამი თამაშია უკვე სამწამიანში ფიზიკურ დომინაციას ამყარებს და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სამწამიანში დომინაციის მთავარი მაჩვენებელი ნასროლი საჯარიმოები იყო - საქართველომ 21 ჯარიმა ისროლა (აქედან 19 შენგელიამ და ბითაძემ), მეტოქემ კი მხოლოდ 7. ჯარიმებს სწორედ მაშინ ისვრი, როცა სამწამიანში აქტიური და აგრესიული ხარ, მეტოქე ვარ გაჩერებს და იძულებულია დაჯარიმდეს.
ამ უპირატესობის ფონზე ზუროსს თითქმის არ გამოუყენებია სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც სულ 16 წუთი და 3 სროლა ჰქონდა.
ზოგადად, დაცვაში კარგად გამოვიყურებით - კაბო-ვერდეს და ვენესუელას 59 და 60 ქულა ჩავაგდებინეთ (მაგალითად, ვენესუელას 85 ქულა ჰქონდა ჩაგდებული სლოვენიასთან), სლოვენიასთან წაგებულ შეხვედრაშიც კი - ორი მეოთხედი მეტოქეს 20 ქულა არ ჩავაგდებინეთ, მაშინ, როცა სლოვენია ძალიან მაგრად უტევს და მაღალშედეგიანი გუნდია.
დაცვას კვლავ ძალიან დაეხმარა კახა ჯინჭარაძე, რომელსაც ზუროსმა 26 წუთი და მისცა და აქტიური და აგრესიული დაცვა ითამაშა 4 ქულის და 9 მოხსნის ფონზე. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ჯინჭარაძესთან ერთად გუნდს სტაბილურად დადებითი ბალანსი აქვს.
სოლიდური წუთები ჰქონდათ რატი ანდრონიკაშვილს და დუდა სანაძეს, რომელთაც წინა თამაში ჩაუვარდათ. ორივეს 9-9 ქულა ჰქონდა +11-ის და აგრესიული დაცვის ფონზე.
იდეალურად არა, თუმცა უკეთ, ვიდრე წინა თამაშებში გვქონდა საქმე დაკარგვების და ჩვენი ფარის დაცვის კუთხით - 12 დაკარგვა გვქონდა და 13 მოხსნა გავატანეთ - უფრო ნაკლები, ვიდრე წინა თამაშებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვენესუელას არ ეყო კლასი, რომ ეს შანსები გამოეყენებინა და მეორე შანსის ქულები აეღო. თუმცა, შემდეგ თამაშებში ამ კომპონენტებზე ყურადღების გამახვილება მოგვიწევს. მაგალითად, ჩვენმა შემდგომმა მეტოქემ გერმანიამ ფინეთს ბოლო შეხვედრაში 18 დაკარგვა აიძულა და სწრაფი შეტევებიდან ბევრი ქულები ჰქონდა.
კარგი ის იყო, რომ ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან, ორივე მეტოქესთან, რომლებსაც კლასით ვჯობდით, პირველივე ნახევარში მოვიგეთ, კლასზე, სოლიდურად და ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე.
ამით პროგრამა მინიმუმი შესრულებულია - საქართველოს ნაკრები მის ისტორიაში პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან 16 საუკეთესო გუნდს შორის გავიდა. ახლა ყველა თამაში ბონუსია - წინ უკვე მუნდიალის ორი ფავორიტი - გერმანია და ავსტრალია გველოდება. ამ თამაშებშიც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ და მერე ვნახოთ, ეს მაქსიმუმი, რამდენს ყოფნის. ამ გუნდით მეტის ოცნება შეგვიძლია.
კომენტარები