Thumbnail

მესის პირველი წარუმატებლობა MLS-ში - მოგებათა სერია შეწყდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესის დებიუტის შემდეგ ინტერ მაიამიმ პირველად ვერ მოიგო
  • არგენტინელს ბოლო წუთზე კარგი დრიბლინგი ჰქონდა

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი გადავიდა, ინტერ მაიამი ყველა თამაშს იგებდა და ეს პირველი წარუმატებლობაა, რაც მოგებათა შთამბეჭდავი სერიის დასრულებას ნიშნავს. ზედიზედ 9 გამარჯვების შემდეგ, მესის გუნდმა საკუთარ მოედანზე ნეშვლი ვერ დაამარცხა - მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

თამაშში, რომელსაც ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერიც ესწრებოდნენ, ნეშვილი მთელ რიგ მომენტებში უკეთესადაც კი გამოიყურებოდა და უკეთესი მომენტებიც ჰქონდა.

რაც შეეხება თვითონ მესის: მსოფლიოს არგენტინელმა ჩემპიონმა ჯარიმებიც შეასრულა კარგი პოზიციებიდან, სულ ბოლო წუთზე კი მისთვის ჩვეული დრიბლინგითაც სცადა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა - ნეშვილის მეკარე ელიოტ პანიკომ აუღო.

“ასეთები ხდება ხოლმე, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ბრწყინვალე მატჩები გვქონდა, ამდენი მოგება ზედიზედ და ახლა ეს ფრე ჩვენთვის უჩვეულო ჩანს, მაგრამ ესეც ნორმალურია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა ტატა ხერარდო “ტატა” მარტინომ.

ცოტა ხნის წინ ეს გუნდები ერთმანეთს Leagues Cup-ის ფინალში შეხვდნენ, სადაც ინტერ მაიამიმ პენალტების სერიაში მოიგო. მესის 9 თამაშში 11 გოლი ჰქონდა გატანილი. ახლა კი ეს გახლდათ პირველი მატჩი მესის დებიუტის შემდეგ, რომელშიც მაიამელებმა ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ინტერ მაიამი 22 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და პლეი ოფში გამსვლელ მე-9 ადგილამდე 10 ქულა აშორებს. დარჩენილია 10 მატჩი. მომდევნო მატჩს მესის გუნდი 4 სექტემბერს, ლოს ანჯელესთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები