Thumbnail

'დემჩენკოს ჩვენთვის რეკორდული ხელფასი შევთავაზეთ' - დილას განცხადება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გორის დილამ ანდრეი დემჩენკოს თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
  • ტექსტიდან ირკვევა, რომ უკრაინელმა გორელების სარფიან შეთავაზებაზეც უარი თქვა

გორის დილამ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გუნდიდან ანრეი დემჩენკოს წასვლის საკითხზე განცხადება გააკეთა. როგორც კლუბი განმარტავს, უკრაინელს რეკორდული ხელფასი შესთავაზეს, მაგრამ ამ წინადადებაზეც უარი თქვა. 

დემჩენკომ დინამო ბათუმიდან შეთავაზება კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დილას ასპარეზობის დასრულების შემდეგ მიიღო. ბათუმელები გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებდნენ და არჩევანი უკრაინელზე შეაჩერეს. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და დემჩენკო საქართველოს ვიცე-ჩემპიონს სათავეში ჩაუდგა. 

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის დილას აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. მთავარ მწვრთნელს შესთავაზეთ, ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.

გორის დილა მადლობას უხდის ანდრეი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და დასახული მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ," - ვკითხულობთ დილას განცხადებაში. 

დემჩენკოს წასვლის შემდეგ გორის დილას მთავარი მწვრთნელი ანდრეის ასისტენტი, ირაკლი მოდებაძე გახდა. ამჟამად, გორელები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებენ და ევროტურნირების ზონას 2 ქულა აშორებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები