- საქართველო 73:100 გერმანია
- მეტოქეს 33 შედეგიანი პასი ჰქონდა და 20 სამქულიანი ჩაგვიგდო
- ილიას ზუროსი: არ ვიცი, გერმანიასთან მატჩის მე-2 ტაიმში რა მოხდა
- გორდონ ჰერბერტი: საქართველოსთან პირველი ტაიმი ჩვენთვის ამ ტურნირზე უცუდესი იყო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპის სტარტზე გერმანიასთან წააგო, რაც იმ თამაშის ფონზე, რაც ქართველმა კალათბურთელებმა აჩვენეს, სრულიად ლოგიკური გახლდათ. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ასეთი დონის მეტოქესთან გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი საქართველო თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა, დღეს კი, ამასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ.
ზუროსის ნაკრებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, მეორე ნახევარი კი 25 ქულით წააგო და საბოლოოდ, 73:100 დამარცხდა. მოგვიანებით, მსოფლიოს პირველობაზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა სლოვენიის ნაკრებმა (ავსტრალიასთან), რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ გერმანიამა და სლოვენიამ 4-4 მოგება მოაგროვეს და მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს, საქართველო და ავსტრალია კი პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, გასული 3 მატჩისგან განსხვავებით, შეიცვალა სასტარტო ხუთეული და გიორგი შერმადინის ნაცვლად, პირველი წუთიდანვე ვიხილეთ მოედანზე გოგა ბითაძე. შესაბამისად, ხუთეულმა ასეთი სახე მიიღო: ბითაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე და თორნიკე შენგელია.
გერმანიის ნაკრები ამ თამაშზეც დანაკლისით წარსდგა. ორლანდო მეჯიქის ლეგიონერმა ფრანც ვაგნერმა მსოფლიოს პირველობის პირველივე მატჩში მიღებული ტრავმა ვერ მოიშუშა და განაცხადში ფორმალურად იყო, მეტოქის სასტარტო ხუთეული კი ასე გამოიყურებოდა: ისააკ ბონგა, ანდრეას ობსტი, დენის შრიოდერი, დანიელ თაისი, იოჰანეს ფოიგტმანი.

მეტოქემ აშკარად არადამაჯერებლად დაიწყო და თითქოს, ეს საქართველოსთვის კარგი შანსი უნდა ყოფილიყო. ბითაძისა და შენგელიას წინამძღოლობით, ჩვენი გუნდი 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა, ყოვლად გაუგებარი შეცდომების ფონზე, ამ უპირატესობის შენარჩუნება შეუძლებელი გახლდათ. საქართველოს ნაკრებმა პირველ მეოთხედში ბურთი 6-ჯერ (!) დაკარგა, მაკფადენმა კი სამივე სამქულიანი ააცილა, რასაც ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორიც გერმანიაა, ცხადია, არ გვაპატიებდა. შედეგად, საწყისი ათწუთეული 16:22 წავაგეთ.
თადმა მე-2 მეოთხედში კიდევ 2 სამქულიანი გააცუდა და ფსიქოლოგიურად ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ შეცვლა თავად მოითხოვა. საწყის წუთებში გერმანია 8 ქულითაც კი დაწინაურდა, თუმცა, შემდგომი პერიოდი საქართველოს ნაკრების იყო. თამაში საკუთარ თავზე სანდრო მამუკელაშვილმა აიღო, საშუალო დისტანციიდან რამდენჯერმე იხეირა, სამქულიანიც ჩააგდო და როდესაც ბითაძემ სწრაფ შეტევაში დუდა სანაძე გაუშვა, ტაბლოზე უვე საქართველოს უპირატესობა დაფიქსირდა.

საბოლოოდ, მეოთხედი 25:21 მოვიგეთ, რისი საფუძველიც ის გახდა, რომ ამ ათწუთეულში ბურთი მხოლოდ ერთხელ დავკარგეთ. გერმანიამ ტაიმი მაინც სათავისოდ დაასრულა (43:41), დამაფიქრებელი კი შენგელიას ტრავმა იყო. ის ფოიგტმანთან ჭიდილში მოედანზე ზურგით დაეცა და პირველი ნახევრის ბოლო წუთები სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
საბედნიეროდ, თოკო შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, თუმცა, ამან გერმანიის სპურტი ვერ შეაჩერა. თავი ისევ იჩინა ქაოსურმა შეტევებმა, პერიმეტრიდან ვერ ვივარგეთ, ზედიზედ ექვს გაცუდებულ შეტევას კი ის მოჰყვა, რომ მეტოქემ ძალიან მნიშვნელოვანი გაქცევა მოაწყო და 61:45 დაწინაურდა. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. საქართველოს ნაკრებმა ამ მეოთხედში 6-ვე სამქულიანი ააცილა, ათწუთეული 16:27 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ გერმანიას 57:70 ჩამორჩა. ამ მეოთხედში შერმადინის გარჯა შეიძლება აღინიშნოს, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე შეტევაში ლიდერობა თავად იკისრა და ეს წარმატებითაც გამოუვდა.

დასკვნით მეოთხედში 7 აცილებული სამქულიანის ფონზე პირველი 2 ქულის ჩაგდება მოახერხა მაკფადენმა (საბოლოოდ, 5 ქულა აიღო) და ეს სტატისტიკა სრულად მეტყველებს, თადის ჩაგდებული თამაშის გათვალისწინებით, შეტევაში რამდენი დავკარგეთ. თავის მხრივ, გამოჩნდა ის, რომ გერმანია აშკარად უკეთესი გუნდია, ვიდრე – საქართველო. ეს განსაკუთრებით პერიმეტრის მოთამაშეებზე ითქმის, რომელთაც ჩვენები პირწმინდად დაჯაბნეს. ეს იმ ფონზე, როდესაც შრიოდერს ტრავმის გამო ბოლო მეოთხედში აღარც უთამაშია. გერმანია დიდი ანგარიშით დაწინაურდა და დასკვნით წუთებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
დღევანდელი წარუმატებლობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება და მეოთხედფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსიღა გააჩნია. თუკი დღესვე სლოვენიამ ავსტრალიას სძლია, ზუროსის გუნდი პლეი-ოფს მიღმა ოფიციალურად დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ავსტრალიას გაეჯიბრებიან, სლოვენია კი გერმანიას შეხვდება.

საქართველო 73:100 (16:22, 25:21, 16:27, 16:30) გერმანია
საქართველო: ანდრონიკაშვილი (23 წ. 2 ქ. 4 პ.), სანაძე (25 წ. 6 ქ.), შენგელია (22 წ. 12 ქ.), მაკფადენი (27 წ. 5 ქ. 5 მ. 7 პ.), ბითაძე (25 წ. 15 ქ. 6 მ.); მამუკელაშვილი (33 წ. 19. 4 მ.), ჯინჭარაძე (16 წ. 3 მ.), ლიკლიკაძე (5 წ. 4 ქ.), ცინცაძე (7 წ.), შერმადინი (15 წ. 9 ქ. 4 მ.), ბერიშვილი (1 წ. 1 ქ.).
კომენტარები