- მონაკოში 2023/24 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდა
- ტურნირის ამ ეტაპზე სამი ქართველი ლეგიონერის გუნდები იასპარეზებენ
მონაკოში 2023/24 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი (12 პირდაპირი საგზურის მქონე, 10 პლეი ოფში მოგებული და 10 ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული) 8 ჯგუფში გადანაწილდა. გაირკვა ტურნირის მონაწილე სამი ქართველი ლეგიონერის გუნდების მეტოქეებიც.

გიორგი მიქაუტაძის აიაქსი B ჯგუფში ითამაშებს, სადაც ამსტერდამელებთან ერთად მარსელი, ბრაიტონი და ათენის აეკ-ი გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი ნიდერლანდურ გრანდს სულ ახლახან შეუერთდა.
ოთარ კიტეიშვილის შტურმი D ჯგუფში გამოვა, სადაც დაპირისპირება იტალიურ ატალანტასთან, პორტუგალიურ სპორტინგსა და პოლონურ რაკუვთან მოუწევს.

ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი H ჯგუფში გამოვა. აზერბაიჯანული გუნდი, რომელსაც 24 წლის ქართველი მეკარე ევროპალიგის პლეი ოფში ლუბლიანას ოლიმპიას ბარიერის დაძლევაში უშუალოდ დაეხმარა, გერმანულ ლევერკუზენს, ნორვეგიულ მიოლდესა და შვედურ ჰეკენს ეთამაშება.

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი: ვესტ ჰემი, ოლიმპიაკოსი, ფრაიბურგი, ბაჩკა-ტოპოლა.
B ჯგუფი: აიაქსი, მარსელი, ბრაიტონი, აეკ-ი.
C ჯგუფი: რეინჯერსი, ბეტისი, სპარტა, არისი.
D ჯგუფი: ატალანტა, სპორტინგი, შტურმი, რაკუვი.
E ჯგუფი: ლივერპული, ლასკ-ი, სენტ-ჟილუაზი, ტულუზი.
F ჯგუფი: ვილიარეალი, რენი, მაკაბი ჰაიფა, პანათინაიკოსი.
G ჯგუფი: რომა, სლავია, შერიფი, სერვეტი.
H ჯგუფი: ლევერკუზენი, ყარაბაღი, მიოლდე, ჰეკენი.

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი 21 სექტემბერს დაიწყება და 14 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფების გამარჯვებული ასპარეზობას ტურნირის 1/8-ფინალში გააგრძელებენ, მეორე ადგილზე გასული გუნდები კი ამ ეტაპზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად, 18 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მესამეადგილოსნებთან პლეი ოფს ჩაატარებენ.
თავის მხრივ, ევროპალიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები კონფერენსლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნებს პლეი ოფში დაუპირისპირდებიან, რათა ასპარეზობა ამ ტურნირის 1/8-ფინალში გააგრძელონ.
2023/24 წლების ევროპალიგის ფინალური მატჩი 2024 წლის 22 მაისს, ირლანდიაში, დუბლინის "ავივა სთედიუმზე" გაიმართება.
კომენტარები