Thumbnail
  • გიორგი მიქაუტაძის თვისებების თავდამსხმელი საფეხბურთო ბაზარზე იშვიათია
  • აიაქსში მას ყველაფერი ექნება ბევრი გოლების გასატანად
  • ამსტერდამი კარგი ტრამპლინია შემდგომი დიდი ტრანსფერისთვის

რაღაცით ლუის სუარესს ჰგავსო - ასე დაახასიათა შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძე.

სწორი და კარგი შედარებაა. ჯერ ერთი, სუარესი აიაქსის ლეგენდაა. სწორედ იქ დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში. და მეორეც: მიქაუტაძე ურუგვაელს სტილითაც ჰგავს - საფეხბურთო თავხედობით, მოხერხებულობით, გოლის ალღოთი და კარზე დაგეშილობით. მანამდე, ევროპოპის "გასვლით შეხვედრაში" შოთიმ სუარესიც ახსენა და სახასიათო რამ თქვა - სულ კარში დარტყმაზეა, ყველა კუთხიდან ურტყამსო. ფორვარდისთვის ეს კარგი და იშვიათი თვისებაა.

რატომაა მიქაუტაძე მაგარი

მიქაუტაძე კლასიკური ფორვარდია - მას თითქოს არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, არც განსაკუთრებული ტექნიკა, სიმაღლეში სულ 176 სანტიმეტრია და ლიგა 1-ის სამი თამაშის მონაცემებით, საშუალოდ 19 პასს ასრულებდა 72-პროცენტიანი სიზუსტით. საქართველოს ნაკრებში 10-პასიანი თამაშებიც ჰქონია. თუმცა, ის აკეთებს იმას, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და იშვიათი რამეა - გოლებს, გოლებს არაფრიდან.

სწორედ ამიტომ, კლასიკური ფორვარდის ანალიზი ყველაზე რთული და ალოგიკური რამეა - რიცხვებში ვერ გაანალიზებ, პასების რაოდენობით და სიზუსტით კარგი ფორვარდი არ ფასდება. კარგ ფორვარდს სჭირდება ალღო, მომენტის და შეცდომის პოვნის უნარი. ხომ გვახსოვს გიორგის გოლი ნორვეგიასთან - არავინ რომ ელოდა, ისეთ მომენტში იპოვა შეცდომა და გაიქცა. მსგავსი წელსაც შეაგდო, კლერმონთან: ისევ ჩასაფრებული იყო, მცველი შეცდომაზე დაიჭირა და ცივსისხლიანად შეასრულა.

თავხედობაზე და კარზე დაგეშილობაზე ზემოთ გითხარით. აუტსაიდერ მეცთან ერთად ახერხებდა და ლიგა 1-ის პირველ სამ შეხვედრაში თამაშში საშუალოდ 3.7-ჯერ ურტყამდა მეტოქის კარში. ძალიან მაგარი შედეგია - ანუ, თამაშში პასით, შეხებებით ჩართული თითქოს ნაკლებადაა, მაგრამ როცა ერთვება, კარში ურტყამს და გააქვს.

თან, მართლა რაღაცნაირი ხულიგნური მოურიდებლობაც აქვს, რაც თავდამსხმელს ძალიან უხდება - ნულოვანი თავმდაბლობა, მკვლელის ინსტიქტი, გოლის მუდმივი წყურვილი. სულ მოძრაობს, სულ გასხლტომაზეა და ყოველთვის იცის, "სად არის" მეტოქის კარი. ფეხებში მიარტყამ, იუხეშებ, რეაქცია არ აქვს, მეორე წამს უკვე გაგისხლტება.

20 წლის ბიჭი პენალტებს როგორ ურტყამდა, იქიდანაც ჩანდა, ვინ იყო - მშვიდად, მკვლელივით, ნერვების გარეშე.

მოკლედ, მაგარი ბიჭი გვყავს. თან ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მისი ზედა ზღვარი არც ვიცით, სად არის - თვიდან თვემდე უკეთესი ხდება.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები საფეხბურთო ბაზარზე ძალიან იშვიათია და მით უმეტეს იშვიათია ჩვენს ეპოქაში, როცა სწორად და კარგად მოთამაშე, პასის მიმცემი და გამხსნელი, აი, სტანდარტულად სწორად მოაზროვნე მოთამაშეები საფეხბურთო სამყაროს არ უჭირს, თუმცა აი, ის სუარესისეული მკვლელის ინსტიქტი, ალღო და მოულოდნელობა ძალიან იშვიათი ხილია. რამდენი მაგარი ფორვარდი გახსენდებათ ჩვენს ეპოქაში?! ძალიან ცოტა. სწორედ ამიტომ გადაიხადა აიაქსმა მისთვის ძალიან სოლიდური თანხა - 16 მილიონი. იმ თვისებებს, რომლებიც გიორგის აქვს, ბაზარზე ძალიან რთულად ნახავ.

რატომაა აიაქსი სწორი არჩევანი

თავისი თვისებების გამო მიქაუტაძეს რომ მთხოვნელთა რიგი ედგა, ეს ვიცოდით და არ გაგვკვირვებია. საუბარი იყო მილანზეც, სერია A-ს სხვა კლუბებზეც და ფრანგული ფეხბურთის გრანდებზეც. აიაქსის ვარიანტი, პირადად, მე ძალიან მომეწონა - მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად, საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე ნიდერლანდების.

გიორგი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, ისევ იზრდება და ამ ვითარებაში აიაქსი იდეალური სამუშაო გარემოა შემდგომი პროგრესისთვის. გასათვალისწინებელია ნიდერლანდების ჩემპიონატის და აიაქსის თამაშის სპეციფიკაც. ნიდერლანდებში ბევრი გოლი გადის, ბევრი სივრცეა და მიქაუტაძისნაირ ფორვარდს შეუძლია, პირადი სტატისტიკა ისე გააკეთოს, რომ 1-2 სეზონში რეალის, ბარსას და ლივერპულის კალიბრის გუნდების სამიზნე იყოს. თანაც, აიაქსის პროდუქტს, განსაკუთრებით შეტევაში, ყველა დიდი გუნდი იოლად ენდობა. ამიტომ, აიაქსი მხოლოდ ზრდისთვის კი არ არის იდეალური ვარიანტი, ძალიან კარგი შემდგომი ტრამპლინიცაა. გიორგის ყველაფერი ექნება, რომ სოლიდური პირადი სტატისტიკა ჰქონდეს - ბევრი დარტყმა, ბევრი მომენტი, ბევრი გოლი. შეიძლება მილანი უფრო დიდი გუნდია, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ჟირუსთან კონკურენცია, მუდმივი სტრესი, იტალიური აუტსაიდერები, რომლებიც სივრცეს არ გაძლევენ - 22 წლის ბიჭისთვის რისკი ამ სცენარში უფრო მეტია, ვიდრე აიაქსის.

სხვა ფაქტორიცაა - ტენ ჰაგის აიაქსმა წინა წელს სიცოცხლე საბოლოოდ დაასრულა. წინა სეზონში ამსტერდამში ბევრი პრობლემა და გაუგებრობა იყო - მწვრთნელის ცვლილებები, ცუდი თამაში, ჩაგდებული ჩემპიონატი. ამ წელს აიაქსმა გაუშვა შეტევაში გუნდის მრავალწლიანი ლიდერი დუშან ტადიჩი და ასევე წინა სეზონში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, თავდამსხმელი - მოჰამედ კუდუსი. აიაქსს თავდასხმაში ახალი სისხლი სჭირდება.

ზოგადადაც, ტადიჩი-კუდუსის დუეტის გარდა ტიმბერს და ალვარესს - დაცვასა და ნახევარდაცვაში გუნდის ლიდერებს - შეელივნენ. აიაქსმა ამ ზაფხულში ტრანსფერებით 156 მილიონი ევრო გააკეთა. ახლა ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო და 90 მილიონად რამდენიმე მოთამაშე მიიყვანა, რომელთა საშუალო ასაკი 21.7 წელია. მათ შორისაა მიქაუტაძე, რომელიც როგორც ჩანს, ტადიჩი-კუდუსის დუეტის წასვლის შემდეგ ამსტერდამელთა შეტევაში ერთ-ერთი მთავარი ოპცია უნდა იყოს. ამიტომ, აიაქსში გადასვლა ჭკვიანური ნაბიჯი იყო - გიორგის სათამაშო დრო ექნება და თავიდანვე იცის, რომ წუთებისთვის ჭიდაობა კი არ მოუწევს, ახალი პროექტის საფუძველშივეა.

მოკლედ, ძალიან დიდ გუნდში ხომ მივიდა, თან მივიდა სწორ დროს, სწორ სიტუაციაში და ყველაფერი აქვს, რომ აიაქსი ტრამპლინად გამოიყენოს. მისგან ბევრ გოლებს ველით.

კომენტარები

ბოლო ამბები