Thumbnail

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი მეორე ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 84:100 დამარცხდა. სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა თორნიკე შენგელიასა და დუდა სანაძის გარეშე ჩაატარა. ორივე მათგანს ტრავმა აქვს - ეროვნული გუნდის კაპიტანმა გერმანიასთან გასულ შეხვედრაში მიიღო დაზიანება, დუდა კი მთელი ტურნირი ტრავმით ასპარეზობდა და ზუროსმა მისი დასვენება გადაწყვიტა, არ უთამაშიათ ასევე მიხეილ ბერიშვილსა და გიორგი ცინცაძეს, შესაბამისად, ჩვენი სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი.

პირველი მეოთხედი აქტიურად დავიწყეთ და მეტოქეს არ ჩამოვუარდებოდით. საწყისი წუთები ჯოშ გიდისა და გიორგი შერმადინის მინიდუელად იქცა, რომლებიც ქულებს ცვლიდნენ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიამ პირველ მეოთხედში 6 ქულის სხვაობით მოიგო. ეს დიდწილად პერიმეტრიდან შესრულებული ზუსტი სამქულიანებით იყო გამოწვეული - მეტოქე თავისუფალ სასროლზე რამდენიმეჯერ დარჩა და ეს შანსები გამოიყენა.

გოგა ყველაზე შედეგიანი იყო

მეორე მეოთხედიც ავსტრალიელთა უპირატესობით დაიწყო. ბრაიან გურჯიანის გუნდი მარტივი კომბინაციების წყალობით ახერხებდა ქულების მოპოვებას, რითაც საქართველოს ნაკრები ვერ გამოირჩეოდა - ზუროსის კალათბურთელები ამას ინდივიდუალური პერფორმანსის საშუალებით ცდილობდნენ. მეორე პერიოდში მეტოქის ვეტერანმა მოთამაშემ, პატი მილსმა გაიბრწყინა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია საქართველოს ნაკრებს სჯობდა, შეცდომები ორივე გუნდის მხრიდან ძალიან ბევრი იყო - პირველ ტაიმში მეტოქემ ბურთი 11-ჯერ დაკარგა, საქართველოს ნაკრებმა კი 8-ჯერ. დიდ შესვენებამდე საბოლოო ანგარიში ჯო ინგლსმა დააფიქსირა, რომელმაც საბოლოო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ბურთი კუთხეში მიიღო და ბაზერი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მეტოქე პერიმეტრის ზონიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ნაკრებზე. ავსტრალიელებმა 16-დან 10 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, ზუროსის კალათბურთელებმა კი 8-დან მხოლოდ 2-ის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს კომპონენტი გახდა გარდამტეხი. უნდა გამოვარჩიოთ რატი ანდრონიკაშვილის თამაშიც, რომელსაც პირველ ტაიმში თავის გუნდში საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა და დაცვასთან ერთად შეტევაშიც გამოირჩეოდა. საბოლოო ჯამში, დიდ შესვენებამდე ავსტრალია 17 ქულით იგებდა.

მაკფადენს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და რამდენიმე გამორჩეული მომენტიც ჰქონდა. პერიოდის შუაში კარგი კომბინაციის შედეგად ჯერ მამუკელაშვილი დარჩა თავისუფალ სამიანზე და ჩაგდება მოახერხა, შემდეგ კი თადმა ბითაძეს ალეი-უპი აუგდო და გოგამაც ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. გარდა ამისა, ბოლო წუთებში ძალიან კარგი იყო მაკფადენიც, რომელმაც ამ მეოთხედში 11 ქულა დააგროვა. მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრების აქტივშია, რადგან 30:25 მოიგო და გარდა ამისა, თამაშიც გამოასწორა. 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას სატურნირო კუთხით მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს 5 ტექნიკური დაუგროვდათ, აქედან 2 ახალგაზრდა ლუკა ლიკლიკაძემ მიიღო.

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში, 16 ქულით დამარცხდა.

ავსტრალია 100:84 (23:17, 31:20, 25:30, 21:17) საქართველო

საქართველო: ანდრონიკაშვილი (30 წ. 12 ქ. 8 პ.), მაკფადენი (38 წ. 18 ქ. 9 პ.), ბითაძე (30 წ. 20 ქ. 5 მ.); მამუკელაშვილი (34 წ. 12ქ. 9 მ.), ჯინჭარაძე (27 წ. 2ქ. 6 მ.), ლიკლიკაძე (8 წ. 2 მ.), შერმადინი (26 წ. 16 ქ.), ტურძილაძე (6 წ. 4 ქ.).

🎙 | მატჩის განხილვა. საუბრობენ: დათო მანჯავიძე, დათო როგავა და გივიკო ბაქრაძე

კომენტარები

ბოლო ამბები