Thumbnail
  • მატჩის შემდეგ გონსალო პინედა რეიესმა და საბა ლობჟანიძემ ისაუბრეს
  • ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე სამ შეხვედრაში ორი გოლია

აშშ-ში გადაბარგების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ ატლანტა იუნაიტედის შემადგენლობაში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორში თავი გოლით გამოიჩინა. 28 წლის ფეხბურთელმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ ჯერ ნეშვილს გაუტანა, შემდეგ კი დალასთან დაძაბულ შეხვედრაში თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ შეხვედრა მაინც ფრედ 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბა პირველად მოხვდა ატლანტა იუნაიტედის სასტარტო შემადგენლობაში. შეხვედრის შემდეგ MLS-ის კლუბის მექსიკელმა მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო პინედა რეიესმა საბაზე ისაუბრა და მისი თამაში შეაფასა.

"ორი გოლი ერთ კვირაში ძალიან კარგია, საბას პროდუქტიულობით ბედნიერი ვარ. ყოველთვის შეტევის სურვილი აქვს. აგრესია, რომელიც მჭირდება მოედნის იმ ნაწილში, ტექნიკური კუთხით სუფთაა. მოედნის იმ მხარეს, ბრუკსთან ერთად, ის ძალიან ბევრ რამეს გვაძლევს. მეორე ტაიმში ოდნავ გაქრა, მაგრამ როგორც კი შანსი გაუჩნდა, მომაკვდინებელი იყო. სწორედ ამიტომ შევიძინეთ ის, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრ თამაშზე მოახდენს გავლენას", - აღნიშნა ატლანტა იუნაიტედის მწვრთნელმა.

თავის ახალ კლუბზე შეხვედრის შემდეგ ლობჟანიძემაც ისაუბრა და როგორც ჩანს, ის კმაყოფილია.

"მშვენიერი გოლი იყო. საერთო ჯამში, ყველაფერი იდეალურადაა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყველა ვარჯიშზე სიამოვნებას ვიღებ. ძალიან კარგი სტაფი და თანაგუნდელები მყავს. ყველაფერი კარგადაა", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ.

შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 17 სექტემბერს ლიონელ მესის ინტერ მაიამისთან გამართავს. მანამდე კი, ლობჟანიძეს სანაკრებო მატჩები ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები