Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა. ეროვნულმა გუნდმა მეორე ეტაპზე გადასვლით პროგრამა მინიმუმი შეასრულა, იქ კი, უძლიერეს მეტოქეებთან, გერმანიასთან და ავსტრალიასთან ვეღარაფერი მოახერხა. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლით და იქ პირველი ეტაპის გადალახვით ისტორია უკვე დაწერილია. გასული უიკენდის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში.


კალათბურთი | ზუროსი რჩება თუ მიდის?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ თავის მომავალზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა. "აქ გატარებული 8 წლის შემდეგ ასე დასრულება რთულია, ჩემი გრძნობების ახსნა ახლა არ შემიძლია. ჩემი ყველა კალათბურთელი მიყვარს, საქართველო მიყვარს, ახლა თავს უფრო მეტად ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად," - ჯერ ეს თქვა, მერე კი ეს: "დავრჩები თუ არა საქართველოს ნაკრებში? ამ გუნდით ვამაყობ, მათთან ერთად 8 წელი ვმუშაობდი და ნაკრებს ყველაფერი მივეცი. მეტს ვერაფერს ვიტყვი."

📋 | საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე - ყველა ამბავი ნახეთ აქ

კვარა | რატომ შეცვალეს ხვიჩა?

ნაპოლი ლაციოსთან აგებდა და რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა - ეს მატჩის 66-ე წუთზე მოხდა. არადა, საქართველოს ნაკრების ლიდერი ძალიან კარგად თამაშობდა. ნაპოლის მწვრთნელის გადაწყვეტილება იტალიაშიც არ მოეწონათ. "კვარაცხელია გავიდა და ნაპოლი თამაშიდან გაქრა" - წერს "კორიერე დელო სპორტი". "გარსია აბსურდულად მოიქცა" - ნეაპოლელთა მწვრთნელს აკრიტიკებენ ჟურნალისტებიც. იტალიური მედია ამ ამბავს იმ საკითხს უკავშირებს, რომ ნაპოლისთან კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების და შესაბამისად, ხელფასის მომატების საკითხი ისევ გადაუჭრელია.

📋 | ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.

მიქაუტაძე | უგოლო დებიუტი აიაქსში

ამსტერდამის აიაქსში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. მართალია, ეს არ ყოფილა საუკეთესო დებიუტი, მაგრამ მაინც - 22 წლის ქართველი ფეხბურთელის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. მორის სტეინმა მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 90 წუთიც ათამაშა. აიაქსი კი ერედივიზიონის მე-4 ტურში სტუმრად სიტარდს ძალიან უფერულ შეხვედრაში დაუზავდა - 0:0.

📋 | გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.

მამარდა | პენალტების მოგერიებაც დაიწყო

ლა ლიგის მე-4 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბასკეთში ალავესთან 0:1 დამარცხდა. ეს "ღამურების" მეორე მარცხია ჩემპიონატში პირველი ორი გამარჯვების შემდეგ. ალავესს განაცხადში არ ყოლია ფორვარდი გიორგი გაგუა. ასე რომ, ლა ლიგაში ქართული დუელი არ შედგა. უკვე მე-5 წუთზე ვალენსიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კიკე გარსიამ შეასრულა, მაგრამ მამარდაშვილმა ვეტერანი ფეხბურთელის დარტყმა მოიგერია. მსაჯმა ჩათვალა, რომ ვალენსიას ფეხბურთელმა დარტყმამდე შეირბინა საჯარიმოში, ამიტომაც კიკე გარსიამ ხელახლა დაარტყა, თუმცა ქართველმა გოლკიპერმა ეს დარტყმაც მოიგერია. ეს პირველი პენალტია, რომელიც გიორგიმ ლა ლიგაში მოიგერია.

ლეგიონერი | მიქელთაძის სუპერგოლი კორეაში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაის სტუმრად ბექა მიქელთაძის გვანჯუმ 2:0 მოუგო, ქართველმა შემტევმა კი K ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიქელთაძემ, რომელმაც 70 წუთი ითამაშა, 55-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბექასთვის ეს აზიაში მეექვსე მატჩი და პირველი გოლია. ულსანში 90 წუთი იყო მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც 28 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში.

კომენტარები

ბოლო ამბები