Thumbnail

ფრანგული შეტევის სტილს „შამპანი“ ჰქვია და მის მთავარ გურუდ ტულუზის და საფრანგეთის ეროვნული ნაკერების თხუთმეტი ნომერი და ლეგენდარული მწვრთნელი პერ ვილპრუ ითვლება.


შამპანი (მეორენაირად ფრენჩ ფლეარი, ანუ „ფრანგული ნიჭი“) ოფლოუდზე და მიყოლაზე დგას, მისი მთავარი იდეა ისაა, რომ რაქი ავადმყოფობაა, ბურთი რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა დარჩეს ცოცხალი, გუნდმა იმ წამსვე ამოიცნოს დაცვის ხაზში გაჩენილი მცირე ბზარიც კი და მოედნის ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს შეუტიოს, თამამად და ლაღად.

მოკლედ, შამპანი - რომანტიკაა!

მაგრამ ეს რომანტიკული ბურთაობა ფრანგებმა იქამდე აშალაშინეს, სანამ ლამაზ და სახიფათო რეალობად, საკუთარ სტილად არ აქციეს.

შამპანის მწვერვალად, მე, 1994 წელს იდენ პარკში ზელანდიის წინააღმდეგ თავისი 22-დან გატანილი საოცარი ლელო მიმაჩნია, რომელიც რაგბის ისტორიას  „სამყაროს დასალიერიდან გატანილი ლელოს" სახელით შემორჩა.

ვილპრუმ საფრანგეთის ნაკრების შეტევის მწვრთნელად 1999 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე იმუშავა და ფრანგებმაც ის ჯადოსნური ნახევარფინალი გვაჩუქეს, რომელშიც ჯონა ლომუმ კეგლებივით მოფანტა მთელი ფრანგული შერკინება, დაუჯერებელი ლელო გაიტანა, 24:10 დააწინაურა ზელანდია და საბურთალოზე, ბიძაჩემის და მამიდაჩემის სახლში, პატარა ტელევიზორს შემორკალულ გულშემატკივრებში ჩამჯდარმა მამაჩემმა, ხელი ჩაიქნია - მორჩა, ერთ სამოც ქულას დაადებენო და დღემდე მგონია, რომ იმ წამს მარტო არ იყო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებშიც დაეშვა ეგრე, გილიოტინასავით, ჩაქნეული ხელები.

მაგრამ ფრანგებმა მოუტრიალებელი მოატრიალეს და 43:31 გაიმარჯვეს - თან სულ ლამაზად, სულ შამპანით. იმის აღწერა ძნელია, ამიტომ ვიტყვი: თუკი რამეს ბევრს ვუყურებ, ეგ რაგბია და მაინც, ეგეთი თამაშები თითზე ჩამოსათვლელია, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში კი - ჯერ-ჯერობით ერთადერთი. მსოფლიო თასებზე საფრანგეთი-ზელანდიის სხვანაირად დაძაბული ჯახების ისტორიასაც ეგ თამაში უდებს სათავეს.

თუმცა ამის მერე საფრანგეთში რაღაც აირია. იმას თან ვერ დაარქმევ და თან მაინც დაარქმევ ჩავარდნას, რადგან საფრანგეთი 2007 წელსაც გააგდებს ზელანდიას მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან და 2011 წელსაც ჯგუფში ტონგასთან დამარცხებული და მაინც ფინალში გასული ლამის მოუგებს მასპინძელ ოლ ბლექსს, 2015 და 2019-ში კი მეოთხედფინალში გავარდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ოც წელიწადში საფრანგეთი ნელ-ნელა კარგავს საკუთარ სტილს და სულ უფრო და უფრო ავადდება პროფესიული სპორტის თუ თანამედროვე სამყაროს მთავარი ვირუსით, როდესაც ყველა ერთსა და იმავეს თამაშობს. ვერ იტყვი - შამპანი მთლიანად გაუქრათო, მაგრამ უკვე იშვიათია.

დიდ ქვეყანაში დაწყებული ჩავარდნა კი ყოველთვის რაღაცა უფრო დიდის გაჩენას მოასწავებს.

მე ახალგაზრდულების მწვრთნელი ვარ და ზუსტად ვიცი, სად ჩანს ქვეყნის რაგბის სწორ თუ არასწორ გზაზე სიარული - მაგ სარკეს ოცწლამდელთა ყოველწლიური მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია და თუკი შენი ნაკრები ზედიზედ რამდენიმე მსოფლიო თასზე კარგად გამოდის, ესე იგი შენი რაგბი წინ მიდის, მაგრამ თუ ვერა, მაშინ ხიფათი უკვე კარს მოგდგომია და რაღაც უნდა მოიფიქრო, ზოგი ამას, შოტლანდიის მსგავსად, ნატურალიზაციით მკურნალობს, ზოგი კი - ვერაფრით.

ამიტომ მეჩვენება, რომ ფრანგული რაგბის აფეთქება, უფრო კი, უკან სათავეებთან მიბრუნება, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც ფრანგულმა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა უეცრად დაიბრუნეს ძველებური სიბასრე და მრისხანება და ორი ახალგაზრდული მსოფლიო თასი მოიგეს ზედიზედ, მეორე ჩემპიონატის წინ კი მათმა მეორე ნაკრებმა მგონი 35 ქულით გაგვასწორა მიწასთან და შემდეგ თამაშზე, როდესაც გიჟებივით გავედით შურის საძიებლად და ყველაფერი შევალეწეთ, რაც გვქონდა, არაფერი დაგვითმო მოტალახებულ მოედანზე, ჩვენებურ მძიმე თამაშში და მაინც გვძლია 12:0.

ტამაკი, ჟალიბერი, ბარესი, ალდრიტი, ბამბა და ბევრი და ბევრი, სულ იმ ახალგაზრდულების ბიჭები არიან - ახალი, ძველი საფრანგეთის მოშამპანეები! თაობა, რომელიც ახალგაზრდულებიდან ავიდა მაღლა, ეროვნულ ნაკრებში და ისე უცვალა ისედაც ნიჭიერ, მაგრამ შეუკრავ გუნდს სახე, რომ მეორე შემადგენლობის ამარა დარჩენილებმა, სარაგბო სამყაროსთვის სრულიად უცნობი პატარა ბიჭებითაც კი სასტიკი ბრძოლა გაუმართეს კოვიდის დროს ექსპერიმენტულად ჩატარებული რვა ერის ფინალში ედი ჯოუნსის მრისხანე ინგლისს.

ყოველთვის მაინტერესებდა, რა შეცვალეს ფრანგებმა თავის უზარმაზარ გადაბერებულ სისტემაში, რა იყო ის პატარა, მაგრამ ახალი და მთავარი დეტალი, რამაც ასე მალე ამოაფრქვია ამ ბრწყინვალე სარაგბო ქვეყნის საგანძური.

ჰოდა, პანდემიამ სახლებში რომ გამოგვკეტა, რაგბი ევროპამ ვიდეოსემინარი მოგვიწყო და ცნობილი ფრანგი პირველხაზელი, შერკინების მწვრთნელი და ფრანგული რაგბის განვითარების ერთ-ერთ მოთავე დიდიე რეწიე დაგვახვედრა მასპინძლად.

რეწიეს მანამდეც შევხვედროდი, ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთში როცა ვიყავით ტურნირზე, მწვრთნელები რესტორანში დაგვპატიჟეს და იქ გვერდი-გვერდ მოვხვდით სუფრაზე, ჯანიანი კაცი იყო, ბასრი თვალებით და მორივით კისრით. კარგია, რომ თქვენი ბიჭები ჩვენს ჩემპიონატში თამაშობენო, მითხრა. ოღონდ, ამ დინებას კონტროლი უნდა, მხოლოდ საუკეთესოები უნდა ჩამოვიდნენ აქ და საუკეთესო გუნდებში ითამაშონ, თორემ ასე თუ გაგრძელდა და ჩვენმა ლიგებმა და კლუბებმა ეკონომიის მიზნით სულ ქართველები ზიდეს, თქვენი ჩემპიონატი გამოიფიტება, ჩვენ კი ჩვენს პირველხაზელებს ვეღარ გავზრდით და ეს ორივეს დაგვაზიანებსო.

ხუთი წელი გასულიყო იმის მერე. რეწიეს გამოხედვაც და კისერიც ძველებური ჰქონდა, ოღონდ სათვალე ეკეთა და ფრანგული რაგბის ცვლილებაზე ლაპარაკობდა. საფრანგეთის ახალი ნაკრები უკვე მსოფლიოს აზანზარებდა.

ეგ ალბათ საუკეთესო სემინარია, რაც კი მომისმენია, რადგან სულ სხვა თვალით დამანახა, რა არის საკუთარი ქვეყნის, კულტურის, ისტორიის, პოტენციალის სწორი და ღრმა გააზრება, ერთ გობში მოქცევა და იმის ხელახლა გამოძერწვა, რაც ნამდვილად შენია.

როცა მივხვდით, რომ ყველაფერი ჩამოგვეშალა, ჯგუფი შევკრიბეთ, ფრანგული რაგბის ისტორიაში 25 ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ამოვარჩიეთ, ხელახლა ვუყურეთ და დეტალურად განვიხილეთ, რომ გვეპოვა, უფრო კი გაგვეხსენებინა ჩვენი თამაშის მთავარი საყრდენი, ის გამორჩეული, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი რაგბის ძალა და ხიბლი, ის, რაც სადღაც დავკარგეთ ან დავივიწყეთ! და ეს რომ ვიპოვეთ, ამის შემდეგღა დავიწყეთ ახალი სისტემის შენებაო. ზუსტად ამიტომ მომწონს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების თამაში, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მაგრად და ლამაზად თამაშობენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული სტილი აქვთ, თავის კულტურაზე და ძლიერ მხარეებზე მორგებულიო.

გაოცებული ვუსმენდი, მე ხომ რაღაცა ახალს, რევოლუციურს, სუპერთანამედროვეს და სუპერჭკვიანურს ველოდი, უეცრად კი ჩემი საყვარელი გმირები მარტი მაკფლაი და პროფსორი დოკი შემრჩნენ ხელში. გიჟების ციცქნა ქარავანი, რენესანსის ოსტატებივით, მომავლისთვის უკან, წარსულში რომ დაბრუნდნენ და ასე ააშენეს დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ლამაზად მოთამაშე გუნდი!

შენების პროცესი ხომ იქამდე არ აინტერესებს არავის, სანამ რაღაცა მართლა დიდი და შთამბეჭდავი არ წამოიმართება!

რა შეგიშლით ხელს 2023 წელს მსოფლიო თასის მოგებაშიო - ჰკითხეს სემინარის ბოლოს რეწიეს.

პასუხი, ჩემი აზრით, იყო ბრწყინვალე:

თუკი იქამდე ყველაფერი ზედმეტად კარგად გვექნებაო - გვითხრა რეწიემ.

რატომ მოვყევი ამდენი? იმიტომ, რომ წლევანდემლი ექვსი ერის პირველ სამ ტურში საფრანგეთი თითქოს ძველებურად მრისხანე ვეღარ იყო და ამან სულსწრაფი მსოფლიო სხვანაირად აალაპარკა, ოღონდ ეგ მხოლოდ თითქოს იყო, რადგან ვერთამაშის მიუხედავად, ფრანგები ისევ ყველაზე მაგრები იყვნენ არეულ თამაშში, ბზარში შეძრომაში, ოფლოუდში, მიყოლაში და კონტრშეტევაზე. ისევ ყველაზე მაგარები იყვნენ წარსულიდან მობრუნებულ შამპანში!

რაც ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე ხელახლა დაამტკიცა მათმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა და ზედიზედ მესამედ მოიგო მსოფლიო თასი, თანაც ისე თავისუფლად და ლაღად, როგორც კარგა ხანია არავის მოუგია.

მე ეგ ფინალი ვერ ვნახე. ზელანდიასთან ისეთ დროს დაგვინიშნეს თამაში, სასტუმროში მობრუნებულებს - მიუხედვად იმისა, რომ მატჩის ბოლომდე ჯერ კიდევ კაი დრო იყო დარჩენილი - საფრანგეთი ჩემპიონი დაგვხვდა. ერთი ავხედე სასტუმროს ფოიეში დაკიდებულ ტელევიზორის ეკრენზე ამოსულ ანგრიშს და რეწიეს პასუხი გამახსენდა, პასუხმა კი იმაზე დამაფიქრა და დღემდე მაფიქრებს, ვინ როგორ ფორმაში ხვდება შემოდგომაზე გასამართ დიდების მსოფლიო თასს: ავსტრალია და ინგლისი - დასალაგებელია! არც იაპონია წიკწიკებს საათივით და არც სამხრეთ-აფრიკა და საფრანგეთი. მწვრთნელგამოცვლილმა ფიჯიმ ინგლისს ინგლისში მოგუო, უელსი თითქოს რაღაცას იბრუნებს, ოღონდ მაინც მგონია, რომ მხოლოდ თითქოს. ერთი ზელანდია მეჩვენებოდა ძველებური ბასრი სიმუქისკენ მიბრუნებული და აფრიკამ ისეთ დღეში ჩააგდო, მაგაშიც ეჭვი შემეპარა! ალბათ სულ ორი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ტალღის ქიმზე ხვდება, მეორე ტაიმების ოსტატი, ულამაზესად მოთამაშე შოტლანდია და ირლანდია - თავისი კრომახის წყევლით!

ეს ყველაფერი იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საინტერესო რამეები გველოდება!

ავსტრალიის ნაკრების მზაკვარი და გამოცდილზე გამოცდილი მწვრთნელი, სამ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი სხვადასხვა გუნდით გამართული თამაშების 90% მომგები და ორი ფინალის წამგები ედი ჯოუნზი ხომ ამბობს: მსოფლიო თასს ის დიდი გუნდი იგებს, რომელიც ტურნირის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად გააუმჯობესებს საკუთარ თამაშსო!

ლადო კილასონია
რაგბის მწვრთნელი, მწერალი. უყვარს რაგბი, კითხვა, მთაში სიარული და ხინკალი. არ უყვარს თურქული და ვენესუელური სერიალები, თუმცა ქართულ საინფორმაციო გადაცემებს მაინც ურჩევნია. აქვს facebook-გვერდი “ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები”. არ აქვს დეპუტატობის სურვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები