Thumbnail

დიდი ბრძოლა მძიმე წონაში - ტალახაძე მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა და ცხადია, ამჯერადაც ოქროს მედლის უმთავრესი კანდიდატი იქნება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამჯერად კონკურენციაც საკმაოდ დიდი შეხვდება.

საუდის არაბეთში დაგეგმილი ტურნირის წინ მონაწილეთა მიერ შეკვეთილი სავარაუდო წონების შესახებ გახდა ცნობილი და მართალია, ლაშას კვლავაც პირველი მაჩვენებელი აქვს, მსოფლიოს პირველობას მეტოქეებიც საკმაოდ კარგად მომზადებულები ხვდებიან.

ტალახაძეს ჯამური 465 კგ. აქვს მითითებული, შემდეგ კი ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი, 460 კგ.), გორ მინასიანი (ბაჰრეინი, 460 კგ.), ალი დავუდი (ირანია) და სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი, 450) მოდიან
მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) მონაწილეობას კიდევ 3 ძალოსანი მიიღებს, თუმცა, ნაკლებად სავარუდოა, რომ ისინი მედლებისთვის კონკურენციაში ჩაებან. ესენი არიან აიატ შარიფიკელარიჯანი (ირანი, 445 კგ.), ედუარდ ზიაზულინი (ბელარუსი) და რუსტამ ჯანგაბაევი (უზბეკეთი, 440 კგ.).

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ლაშა ტალახაძე 2-გზის ოლიმპიური, 6-გზის მსოფლიო და 7-გზის ევროპის ჩემპიონია. შარშან მსოფლიოს პირველობას კოლუმბიის დედაქალაქმა ბოგოტამ უმასპინძლა და ქართველი ძალოსანი ტრადიციულად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, თუმცა, 6-დან 2 ცდა გაუფუჭდა, რაც მისთვის უიშვიათესი ამბავია.

ლაშამ ატაცში 215 კგ. დასძლია, აკვრაში – 251 კგ. ხოლო ჯამურად 466 კგ. დააფიქსირა. შედეგად, უმთავრეს კონკურენტებთან სხვაობა დიდი ნამდვილად არ ყოფილა. ტალახაძეს ჩემპიონობას ხსენებული მინასიანი (462 კგ.) და ლალაიანი (461 კგ.) ეცილებოდნენ და წელსაც უმთავრესი მეტოქეები სწორედ ისინი იქნებიან.

ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს რეკორდები, რომლებიც სწორედ ტალახაძეს ეკუთვნის (2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეა დაფიქსირებული) აღნიშნულ შედეგებს საგრძნობლად აღემატება. ატაცი – 225 კგ. აკვრა – 267 კგ. ჯამი – 492 კგ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ მსოფლიოზე პირველ ქართველ ძალოსანს უკვე ხვალ ვიხილავთ, როდესაც ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილი გავა, ტალახაძე კი, ტრადიციულად, ტურნირის ბოლო დღეს, კონკრეტულად კი, 17 სექტემბერს იასპარეზებს. შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები