Thumbnail

‘უფლება არ გაქვთ მაისური შელახოთ’ - ულტრასების მიმართვა ლიონის ფეხბურთელებს

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ლიონის ფანებმა ფეხბურთელებს პსჟ-სთან წაგების შემდეგ მიმართეს
  • ფრანგული გრანდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს

ლიონმა საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო. ლორან ბლანის გუნდს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება კი კატასტროფული - 3 გატანილი და 10 გაშვებული. ფრანგული ფეხბურთის გრანდში დიდი არეულობაა.

ლიგა 1-ის 7-გზის ჩემპიონმა მეოთხე ტურში პსჟ-ს უმასპინძლა. დაპირისპირება ტურის ცენტრალურ შეხვედრად იყო შერაცხული, თუმცა პარიზელებმა მატჩი ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიგეს, მბაპემ და კომპანიამ ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულეს, როცა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ცხადია, ლიონმა თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა. 

კილიან მბაპემ შეხვედრაში დუბლი შეასრულა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიონის უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მიმართეს. ულტრასების ერთ-ერთი ლიდერი მეგაფონით მოთამაშეებს მიმართავდა და უხსნიდა მათ, თუ რას ნიშნავს ლიონის მაისურის ტარება. 

“თქვენ ლიონის ოლიმპიკის მაისურს ატარებთ. უფლება არ გაქვთ მისი შელახვის, აქამდე ამ მაისურს სხვები იცვამდნენ და ადიდებდნენ. ჩვენ გვინდა, თქვენი სახელები ვიმღეროთ, რადგან ვიცით, რომ სიყვარულით თამაშობთ. თქვენგან პატივისცემას ველით და თუ ჩვენ დავმარცხდებით, მაისური მაღლა ავწიოთ” - მიმართა ულტრასების ლიდერმა ფეხბურთელებს. 

ლიონი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ლე ავრის დაუპირისპირდება. დიდია იმის შანსი, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის შემთხვევაში თანამდებობიდან 57 წლის სპეციალისტი ლორან ბლანი დაითხოვონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები