- მერაბ დვალიშვილმა პოდკასტში საკუთარ მომავალზე ისაუბრა
- ქართველმა თქვა, რომ უახლოეს პერიოდში დანა უაითს უნდა შეხვდეს
მერაბ დვალიშვილმა იუთუბის საკუთარ არხზე პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ ახლო პერიოდში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითსა და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტ ჰანთერ კემპბელს შეხვდება და მის მომავალს განიხილავს.
ქართველ მებრძოლს სჯერა, რომ სუპერმსუბუქი წონის ტიტულზე ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი სწორედ ის არის და დიდი ალბათობით, ჩხუბს მიიღებს.
"ალჯამეინ სტერლინგი შონ ო'მალისთან მოგების შემთხვევაში წონას შეიცვლიდა და დივიზიონში პრობლემა აღარ იქნებოდა - ქამარზე ბრძოლას კორი სანდჰეგენთან ან ჰენრი სეხუდოსთან ჩავატარებდი. “შუგას” მოგებამ ბევრი რამ შეცვალა და ახლა საკითხები UFC-ის ხელმძღვანელობასთან უნდა გავიარო. ერთ ან ორ კვირაში დანა უაითსა და ჰანთერ კემპბელს უნდა შევხვდე, ახლა აშშ-ში არ იმყოფებიან და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ თავად დამიკავშირდებიან. შონს ცოტა ხნის წინ UFC PI-ში შევხვდი - დადებითად მივესალმეთ ერთმანეთს და ხელი ჩამოვართვით. მესმის ო'მალის, თავისთვის მაქსიმალურად სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება უნდა, მეც ცხადია, კონტენდერი ვარ და ქამარზე მატჩის მიღება მინდა. თუ ალჯო დეკემბერში არ იჩხუბებს, მომდევნო მე ვარ და სატიტულო ბრძოლაზე უარს არ ვიტყვი. იმედი მაქვს, სამართლიანი ნაბიჯი გადაიდგმება და არ დავიჩაგრები.
რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ. ფორმაში ვარ, ჯანმრთელად, ზედიზედ 9 მოგება მაქვს და გადაწყვეტილება UFC-მ უნდა მიიღოს. ცხადია, საქმე მარტივად არ არის, რადგან ორგანიზაციას საკუთარი ბიზნეს გეგმები აქვს, მათ საკუთარი არგუმენტები გააჩნიათ. მაგრამ წესით, თუ შონს ქამარზე ჩხუბის ჩატარება დეკემბერში უნდა, ეს ბრძოლა ჩემთან უნდა გამართოს, რადგან დავიმსახურე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება," - თქვა დვალიშვილმა.
ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. მის წინ ალჯამეინ სტერლინგი და ჩემპიონი, შონ ო'მალი არიან. ამერიკელ მომდევნო სატიტულო ბრძოლის ჩატარება მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში ჩიტო ვერასთან (21-8) სურს - სწორედ ეს იყო "შუგას" განცხადება ალჯოს დამარცხების შემდეგ. სავარაუდოდ, ამ თვეში უნდა გაირკვეს, თუ ვინ დაუპირისპირდება ო'მალის ქამარზე ჩხუბში.
კომენტარები