Thumbnail
  • დინამო თბილისის ესპანელი თავკაცი თანამემამულეებს საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა
  • ვილი სანიოლის გუნდი ფურია როხას ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში უმასპინძლებს

დინამო თბილისის ესპანელი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ თბილისში სერიოზული გამოცდა ელით და გამორიცხული არ არის, დამარცხდნენ კიდეც. 45 წლის სპეციალისტი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია მუშაობს, ესპანურ მედიას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ ესაუბრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი "ფურია როხასთან" თბილისში 8 სექტემბერს გამართავს. 

"ესპანეთის ნაკრების რთული თამაში ელოდება. საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის, ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებს და ვითარდება. თუკი მასპინძლები თავიანთ ძლიერ მხარეებს გამოიყენებენ, სავსებით შესაძლებელია, თამაშის მოგებაც შეძლონ. საქართველოს ნაკრების იარაღი სისწრაფე, კომბინაციები და სწრაფი კონტრშეტევებია", - უთხრა კარასკომ EFE-ს.

ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით დინამო თბილისმა 4 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა

ანდრეს კარასკო, რომელსაც თავის დროზე ბარსელონას აკადემია ლა მასიაში აქვს ნამუშევარი და ქუვეითის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, როდესაც თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა. კარასკო ქართულ ფეხბურთს საკმაოდ კარგად იცნობს - მონაწილეობდა დინამო თბილისის აკადემიის დაარსების პროცესში, რომელსაც ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა კიდეც.

ვილი სანიოლის გუნდმა მომავალი მატჩებისთვის შეკრება უკვე დაიწყო

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ერთად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოდიან, სადაც მეტოქეებად ასევე ჰყავთ შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა (4 მატჩი, 12 ქულა), შემდეგ კი საქართველო (3 მატჩი, 4 ქულა) და ნორვეგია (4 მატჩი, 4 ქულა) მოდიან. ესპანელებს 2 მატჩში 3 ქულა აქვს, ბოლოზე კი კვიპროსია (3 მატჩი, 0 ქულა).

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება “დინამო არენაზე” 20:00 სთ=ზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები