Thumbnail
  • გიორგი მოისწრაფიშვილი ბევერენში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავიდა
  • ბევერენი ბელგიის მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც ოთხ ტურში 4 ქულა აქვს

გიორგი მოისწრაფიშვილმა დინამო თბილისი დატოვა და ბელგიურ ბევერენში გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

21 წლის ფეხბურთელი ბელგიელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ბევერენს მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვის ვარიანტიც ექნება. გიორგი ახალ კლუბში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"გიორგი საქართველოდან, დინამოდან შემოგვიერთდა, სადაც ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ის იჯარით ერთი წლით დავიმატეთ გამოსყიდვის ვარიანტით. გასულ ზაფხულს მან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ის და მისი თანაგუნდელები ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. გვჯერა, რომ მწვრთნელს უფრო მეტ არჩევანს მისცემს", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტომ ვან დენ აბეელემ.

ბევერენი ბელგიის მე-2 დივიზიონში თამაშობს, სადაც ოთხ ტურში მოპოვებული 4 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 სექტემბერს, ბელგიის თასზე ვირტონთან ჩაატარებს.

გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში მან 66 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მცირე პერიოდი კი იჯარით თელავშიც გაატარა (13 თამაში, 1 გოლი). საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 3 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები