- ნაკრების საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა საკალათბურთო მუნდიალზე
- TOP 16-ში მე-16 - საკალათბურთო მუნდიალის საინტერესო ფაქტები
საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულებულია - დებიუტანტმა გუნდმა ტურნირიმე-16 ადგილზე დაამთავრა. მოდი, ვნახოთ, ვინ როგორ ითამაშა ილიას ზუროსის გუნდში.
ილიას ზუროსმა 12-ვე კალათბურთელი ათამაშა, თუმცა როტაციაში 9 მათგანი იყო. ლუკა ლიკლიკაძეს (საშუალოდ 6.3 წუთი 3 მატჩში), გიორგი ტურძილაძეს (5.2 წთ/2 მატჩი) და მიხეილ ბერიშვილს (3.5/2) ძალიან ცოტა დრო მიეცათ თავის გამოსაჩენად.

გუნდში მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო გოგა ბითაძე იყო - 20.4 შესაბამისად, სწორედ ორლანდო მეჯიკის ცენტრი იყო საქართველოს ნაკრების MVP. ის ტურნირზეც ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი იყო (ამ წუთისთვის გოგა მუნდიალზე მე-15-ეა). აღსანიშნავია, რომ მეორე-მესამე ადგილებს სანდრო მამუკელაშვილი (5 თამაში) და თორნიკე შენგელია (4) იყოფენ - 11.8 მარგი ქმედების კოეფიციენტით. ქულებით საუკეთესო ნაკრებში კაპიტანი თორნიკე შენგელიაა - 15.5 ქულა საშუალოდ მატჩში (მეორე ბითაძეა - 13.6, მესამე მამუკელაშვილი - 12.8), მოხსნებში ბითაძე პირველია - 7.8 მოხსნა თამაშში (მეორე მამუკელაშვილია - 6.2, მესამე - გიორგი შერმადინი - 4.2), ხოლო ასისტებით - თად მაკფადენი - 4.4 (მეორე რატი ანდრონიკაშვილია - 4.0, მესამე - გიორგი ცინცაძე - 3.5).
უნდა ითქვას, რომ თად მაკფადენმა ეს ტურნირი ჩააგდო, ბოლო მატჩამდე ის ყველაზე მეტს თამაშობდა და როტაციის მოთამაშეებში ყველაზე ცოტა სარგებელი მოჰქონდა. საკმარისი იყო ერთი წარმატებული თამაში (ბოლო მატჩში თადმა გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 მოხსნა შესძინა) და მან გუნდში ბევრს გაუსწრო ეფექტურობის კოეფიციენტით, პასებში კი სულაც პირველ ადგილზე გადავიდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ნაკრების პრობლემა მხოლოდ მაკფადენის ცუდი თამაში არ ყოფილა.
TOP 5 სარგებლიანობის მიხედვით: 1. ბითაძე - 20.4, 2. შენგელია - 11.8, 3. მამუკელაშვილი - 11.8, 4. შერმადინი - 11.2, 5. ანდრონიკაშვილი 7.2. როტაციის კალათბურთელებში ყველაზე ცუდი შედეგი დუდა სანაძეს ჰქონდა - 3.8.

🏀 ბურთს ყველაზე ხშირად მამუკელაშვილი კარგავდა - 3.6 საშუალოდ თამაშში. შემდეგ მოდის შენგელია - 2.8 და ანდრონიკაშვილი - 2.2.
🏀 +- კოეფიციენტით ტურნირზე პლუსში მხოლოდ სამი კალათბურთელი დარჩა (როტაციის 9 მოთამაშიდან): ცინცაძე - 3.5, ბითაძე და კახა ჯინჭარაძე - 2.8. გუნდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი შერმადინს ჰქონდა - -9.6. შემდეგ მოდიან მაკფადენი (-8.4) და შენგელია (-8.3).
🏀 ტურნირზე ყველაზე მეტი სამქულიანი ისევ მაკფადენმა ჩააგდო - 8, მაგრამ აქედან ნახევარი ავსტრალიასთან მატჩზე მოდის. თადი ძალიან ცუდად ესროდა - 34-დან 8 ეს 23.5%-ია. ბითაძეს (44.4%) და მამუკელაშვილს (35.7%) უკეთესი პროცენტი ჰქონდათ.
🏀 ნაკრების 10 ბლოკ-შოტიდან ნახევარი ბითაძეზე მოდის, 3 შერმადინის ანგარიშზეა, თითო მამუკელაშვილზე და ანდრონიკაშვილზე. დანარჩენ 8 კალათბურთელს დაფარება არ ქონია.
🏀 მოხსნებით პირველი კი არის ბითაძე, მაგრამ მეტოქის ფარზე მეტი მოხსნა მამუკელაშვილმა - 10. გოგა (7 მოხსნა შეტევაში) სულაც საზიარო მესამე ადგილზეა - 8 მოხსნა აქვს ჯინჭარაძეს.
🏀 პარკეტზე მეტ დროს მაკფადენი ატარებდა - 31.3. მართალია, მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ იყო (ძირითადად), მაგრამ ის მოედანზე საკმაო დროს ატარებდა - 28.7. ბითაძე მხოლოდ მეოთხეა საშუალოდ 24.2 წუთით, თუმცა ეს მონაცემი მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გაიზარდა, პირველზე გოგა კიდევ უფრო ნაკლებს თამაშობდა.
🏀 ერთადერთი კალათბურთელი, ვინც ორმაგი დუბლი გააკეთა ზუროსის გუნდში ბითაძეა, მან ეს ორჯერ შეძლო. მას მუნდიალზე მხოლოდ კარლ-ენტონი ტაუნსი (დომინიკის რესპუბლიკა), კარლიკ ჯონსი (სამხრეთი სუდანი) და ნიკოლა მილუტინოვი (სერბეთი. თან, 6 მატჩის შემდეგ) უსწრებენ - 3-3 ორმაგი დუბლით.
კომენტარები