Thumbnail

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მე-4 შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

უეფას გადაწყვეტილებით აღნიშნულ მატჩზე გერმანელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. მთავარი მსაჯი დანიელ ზიბერტი იქნება, რომელიც გამოცდილია - წლებია ბუნდესლიგაში მუშაობს, გარდა ამისა, ფიფასა და უეფას ეგიდით გამართულ მატჩებსაც ემსახურება.

მან ბუნდესლიგაში ბოლოს ბაიერნისა და აუგსბურგის შეხვედრაზე იმუშავა, ხოლო 31 აგვისტოს, აბერდინი - ჰაკენის დაპირისპირებას გაუძღვა. ზიბერტს საქართველოს ნაკრების მატჩზე აქამდე არასდროს უმუშავია. მისი ასისტენტები რაფაელ ფოლტინი და იან სეიდელი იქნებიან, ხოლო მე-4 მსაჯის როლში - ფლორიან ბადშტუბნერი.

აღსანიშნავია ზიბერტმა იმსაჯა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ურუგვაისა და განის ნაკრებების მატჩი, რომელიც სკანდალური გამოდგა. ურუგვაელებს გერმანელ არბიტრთან რამდენიმე მომენტზე პრეტენზია საფუძვლიანად ჰქონდათ, რადგან ზიბერტმა სამხრეთამერიკელთა საწინააღმდეგ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც მატჩის შედეგზე გავლენაც მოახდინა, შედეგად კი, ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა.

საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს (20:00 საათზე) თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას (22:45 საათზე) დაუპირისპირდება.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფს 12 ქულით და უდანაკარგოდ შოტლანდიის ნაკრები ლიდერობს. 4-4 ქულა აქვთ საქართველოსა და ნორვეგიას, თუმცა, ვილი სანიოლის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ესპანეთის აქტივში 3 ქულაა (ორ შეხვედრაში), ხოლო კვიპროსი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები