Thumbnail

ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ჯერ 8 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, შემდეგ 12-ში კი კვიპროსს უმასპინძლებს. 

"ფურია როხას" და პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქულათა მაქსიმუმს მოიპოვებენ.

ესპანეთის ნაკრებმა დე ლა ფუენტესთან ერთად უეფას ერთა ლიგა მოიგო

"სასიხარულოა, რომ ნაკრების პირველსავე ვარჯიშზე მოვიდნენ გულშემატკივრები, რომელთა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეცვლილა. ეს თავდაჯერებას გვმატებს და ვალდებულს გვხდის, მათ სამაგიერო მომავალ ორ თამაშში ორი მოგებით გადავუხადოთ", - აქვეყნებს ფაბიან რუისის სიტყვებს Marca

27 წლის ნახევარმცველმა 2021 წელს, თბილისში გამართული მატჩიც გაიხსენა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს კომპენსირებულ დროში, ოლმოს მიერ გატანილი გოლით აჯობა (2:1).

"იმ შეხვედრაში მეც ვითამაშე. მოგება ახლა კიდევ უფრო რთული იქნება. ვიცი ის სტადიონი და ვიცი ისიც, რომ მეტოქე წნეხში მოგვაქცევს და პირველი წუთებიდანვე შეეცდება, ამოცანა გაგვირთულოს. კონცენტრირებული ვარ და გავაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს". 

ფაბიან რუისს თბილისში თამაშის გამოცდილება აქვს

ფაბიანმა ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა, რომელთან ერთადაც ცოტა ხნით ნაპოლიშიც მოუწია ყოფნამ. ცნობისთვის, ესპანელი პარიზში ნეაპოლიდან 2022 წლის აგვისტოში გადაბარგდა, როდესაც იქ ხვიჩა სულ ახალი მისული იყო.

"სანამ პარი სენ-ჟერმენში გადავიდოდი, მასთან ერთად სეზონისწინა მომზადება ნაპოლიში გავიარე. ვიცით, რომ ის არაორდინალური მოთამაშეა, რომელსაც უამრავი ძლიერი თვისება აქვს. ის სწრაფია და სახიფათოა ერთი-ერთზე. ის საქართველოს ნაკრებში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ნაპოლიში კი გამოსვლას შარშანდელ დონეზე აგრძელებს. მოგვიწევს მისთვის ცოტა მეტი ყურადღების დათმობა, რადგან ის ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს".

კვარაცხელიამ თბილისში ესპანეთის ნაკრებს ერთხელ უკვე გაუტანა

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ერთად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოდიან, სადაც მეტოქეებად ასევე ჰყავთ შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა (4 მატჩი, 12 ქულა), შემდეგ კი საქართველო (3 მატჩი, 4 ქულა) და ნორვეგია (4 მატჩი, 4 ქულა) მოდიან. ესპანელებს 2 მატჩში 3 ქულა აქვს, ბოლოზე კი კვიპროსია (3 მატჩი, 0 ქულა).

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები