Thumbnail
  • რეი ლონგომ UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში არსებული სიტუაცია განიხილა
  • მწვრთნელის თქმით, დანა უაითი მერაბ დვალიშვილს უსამართლოდ ექცევა

მერაბ დვალიშვილის (16-4) მწვრთნელმა, ცნობილმა სპეციალისტმა რეი ლონგომ DraftKings-ის პოდკასტში UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ორგანიზაციისაგან უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ლონგომ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრომოუშენს "მანქანისათვის" სატიტულო ბრძოლა არ შეუთავაზებია, თუმცა იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ჩხუბზე უარს ამბობს. 

"დანა უაითის სიტყვები მერაბისა და ალჯოს ურთიერთობაზე არ იმოქმედებს. ამდენი ხანია ლაპარაკობენ, რომ ო'მალის დეკემბერში უნდა ქამარზე ჩხუბი, სტერლინგს 2024 წლამდე ბრძოლის ჩატარება არ შეუძლია, მერაბი, კი მზად არის. ალჯამეინმა თქვა, რომ გაუხარდება, თუ დვალიშვილი სატიტულო მატჩს ჩაატარებს, "მანქანა" შონთან დეკემბერში ბრძოლას 100%-ით მიიღებს, მაგრამ ჩხუბის მისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია, რატომ?! არადა, უმარტივესი გამოსავალია - მერაბი ტიტულზე იჩხუბებს და მერე ვნახავთ რაც მოხდება. თუ დვალიშვილი მოიგებს, ალჯო ან ქვემსუბუქ დივიზიონში ავა, ან შონ ო'მალის ტიტულის გარეშე ეჩხუბება, ამას გარდა კიდევ ბევრი არჩევანია. ბოლო წელია დანა უაითი მერაბის ქამარზე ჩხუბზე საუბრობს, მაგრამ UFC-ს დვალიშვილისთვის ტიტულზე ბრძოლა ჯერ არ შეუთავაზებია - ერთადერთი რასაც საჯაროდ ეკითხება, არის, სურს თუ არა "მანქანას" მეგობართან დაპირისპირება. გასაგებია, რომ “შუგა” სუპერ ვარსკვლავია, მაგრამ მერაბს თუ ეჩხუბება და დაამარცხებს, წარმოგიდგენიათ რა თანხებს გამოიმუშავებს ამის შემდეგ ო'მალი? UFC-ის ადგილას, ამას გავაკეთებდი და საერთოდ, ვერ ვხვდები რაზე საუბრობენ, როცა ბიჭისთვის ტიტულზე ბრძოლა არ შეუთავაზებიათ. დვალიშვილი ო'მალის 5 წელია იწვევს, ნომერ პირველი პრეტენდენტია და ეს ჩხუბი უნდა შედგეს.


პრომოუტერის პერსპექტივაც მესმის, ორგანიზაციისთვის დიდი იმედგაცრუებაა, რომ მეგობრები ერთმანეთში არ ჩხუბობენ, თუმცა დრო გავა და ამ ბრძოლიდან მიღებული ფული აღარ გექნება, მეგობრები, კი ცხოვრების ბოლომდე გეყოლებიან. მგონია, რომ აქ ასეთი ამბავია: შენ ის უნდა გააკეთო, რასაც მე გეუბნები! სრულად უმიზეზოდ ირჩევ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ადამიანს, ვინც ოდესმე შემხვედრია და ასე ექცევი, რაც არასწორია," - თქვა ლონგომ. 

დანა უაითმა წინა კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა და ირიბად განაცხადა, რომ თუ ქართველი ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბი არ სურს, UFC მისი შესაფერისი ადგილი არაა. 

მერაბ დვალიშვილმა იუთუბის საკუთარ არხზე თქვა, რომ უახლოეს პერიოდში დანა უაითისაგან ზარს ელოდება - "მანქანა" UFC-ის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და თავისი მომავალი განიხილოს. ქართველმა თქვა, რომ სუპერმსუბუქ წონაში სატიტულო მატჩს ყველაზე მეტად ის იმსახურებს და უდიდესი ალბათობით, შონ ო’მალისთან ბრძოლას სწორედ მას მისცემენ.

კომენტარები

ბოლო ამბები