- 4-17 სექტემბერი. რიადი (საუდის არაბეთი). მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
- შოთა მიშველიძემ (61 კგ) ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რიადში (საუდის არაბეთი) მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირიცაა, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა - 61 კილომდე წონით კატეგორიაში 28 წლის შოთა მიშველიძემ მცირე ბრინჯაო მოიპოვა.
ატაცში მან ჯერ 132-კილონიანი შტანგა დაძლია, შემდეგ - 136 (მეორე ცდაზე). შედეგად, დისციპლინაში მიშველიძემ მე-3 ადგილი დაიკავა ჩინელი ლი ფაბინის (141 კგ) და იტალიელი სერჯო მასიდას (137) შემდეგ.
სამწუხაროდ, აკვრაში მიშველიძემ ცუდად იასპარეზა - 161 კილოგრამი დაძლია, რომელიც მხოლოდ მე-13 შედეგი იყო დისციპლინაში. აკვრაში ჩავარდნა შოთას ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებად დაუჯდა - მას ჩინელმა ჰონგი დინგმა (301) აჯობა. მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 297 კილოგრამი დააგროვა და მე-4 ადგილს დასჯერდა.
ფაბინ ლი 308 კილოგრამით ორჭიდის გამარჯვებული გახდა, სერჯო მასიდა (302) მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ მიშველიძე წლეულს, ერევანში ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
ამავე წონაში (B ჯგუფი) ასპარეზობდა გოდერძი ბერძელიძეც, რომელმაც ორჭიდის ჯამში 280 კილოგრამი აწია. გოდერძი საბოლოოდ მე-16 პოზიციაზე გავიდა.
რიადში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი 17 სექტემბერს დასრულდება. 7 სექტემბერს ჩემპიონატში გოგა ჩხეიძე (67 კგ) ჩაებმება. მსოფლიო ძალოსნობის მთავარი ვარსკვლავი ლაშა ტალახაძე ტიტულის მოგებას მეშვიდედ შეეცდება. ლაშა ფიცარნაგზე ბოლო დღეს, 17 სექტემბერს ავა.
კომენტარები