- 📅 8 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ესპანეთი | 📺 I არხი
- ვილი სანიოლის გუნდის შეკრების მესამე დღე
8 სექტემბერს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს. ვილი სანიოლის გუნდი აგრძელებს ამ დაპირისპირებისთვის მზადებას. შეკრების მესამე დღეს ნაკრებმა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის დებიუტანტებმა, სანდრო კალანდაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრეს.
გიორგი ქოჩორაშვილი: "რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია.
ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ და ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში".
სანდრო კალანდაძე: "ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა".
საქართველო - ესპანეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს, გუნდები მატჩის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. თამაშზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 7 სექტემბერს, დინამო არენაზე, 15:00-დან 16:30 საათამდე შეუძლიათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლაშა დვალი (აპოელ), საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), საბა საზონოვი (ტორინო).
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).
კომენტარები