- საქართველოს ნაკრებს თამაშში ბევრი სისტემური პრობლემა ჰქონდა
- ქართული კალათბურთი არა სისტემაზე, არამედ ინდივიდებზე დგას
- გამთამაშებლის პოზიციაზე და მთლიანად უკანა ხაზში განსაკუთრებით გვიჭირს
- საქართველო გრანდებს უფრო ჩამორჩა, ვიდრე მიუახლოვდა
გერმანიასთან მარცხის შემდეგ, europop live-ის დროს გულშემატკივრების კომენტარებს ვაკვირდებოდი. ძირითადად, ცალკეულ პერსონალიებზე იყვნენ ორიენტირებულები - "აღარ ითამაშოს სანაძემ", "აღარ დავუძახოთ ანდრონიკაშვილს", "რაღა დროს მაკფადენია"... გაღიზიანებული ფანები ძირითადად ამ ტიპის კომენტარებს აკეთებდნენ.
პათოსი ძირშივე არასწორია, რადგან ეროვნულ ნაკრებს, ობიექტურად, ძალიან უჭირს - ობიექტურად არ გვყავს საკმარისი მოთამაშეები, მწვრთნელს მართლა მინიმალური არჩევანი აქვს. წარმატებულმა ბოლო 10-მა წელიწადმა, როდესაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტებს, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს და მაგარ თამაშებს მიგვაჩვია, სულ რამდენიმე ადამიანის ზურგზე გადაიარა.
ქართული კალათბურთი სისტემას კი არა, ინდივიდებს ეფუძნებოდა - თორნიკე შენგელიას მონდომებას, გიორგი შერმადინის სტაბილურობას, მაკფადენის სამიანებს, იქამდე ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილის კლასს და პროფესიონალიზმს.
'წლებია, ილიას ზუროსი ნაკრების როსტერს ძლივს ავსებს'
ვიცით, რომ ამ ჩემპიონატზე ზოგს თამაში ისე არ გამოუვიდა, როგორც შეეძლო - ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. თუმცა, ვარიანტი, რომელიც არ გვაქვს, ეს არის ნაკრების გარედან გადახალისება. წლებია, ილიას ზუროსი ნაკრების როსტერს ძლივს ავსებს და ეს ახალი სისხლი, სად გვეგულება, რომ ასე უცებ, მათ დავუძახოთ?! ვიცით რომელიმე ისეთი მოთამაშე, რომელიც ნაკრებში არ არის, არ ეძახიან და იქ რომ ყოფილიყო, გუნდს ერთბაშად ხარისხობრივად სხვა დონეზე აიყვანდა - ვგულისხმობ ისეთ მოთამაშეს როტაციაში 20-30 წუთს რომ ითამაშებს? არის ჩვენი ჩემპიონატი იმ დონეზე, რომ იქიდან წამოიყვან მზა მოთამაშეს პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატისთვის? ვინმე ასეთი ევროპაში თამაშობს? ახალგაზრდულ ნაკრებში გვაქვს ის დონე, რომ იქიდან წამოიყვან გამზადებულ მოთამაშეს?
ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად - არა! აქვე არაფერს ვამბობ, ბეჟანიშვილის საკითხზე - გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ეს უკანასკნელი საქართველოს ნაკრებს შეუერთდეს. ბეჟანიშვილი ამ გუნდს აუცილებლად გააძლიერებდა, სხვა შემთხვევაში კი, თუ ახალგაზრდების დამატება გვინდოდა, ეს ადრე უნდა გვექნა - ზედ ჩემპიონატის წინ ეს არ გამოვიდოდა.
ჩვენ არ გვაქვს სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ნაკრებში ახალი სისხლი მოვიდეს, ახალი კადრების მიწოდება მოხდეს. ცალკეულ ადამიანებზე, მათ მონდომებაზე, მათ კლასზე, ეროვნული გუნდისადმი მათ სიყვარულზე ვართ დამოკიდებული. ისლანდიას რომ მოუგო, თორნიკე შენგელია თავისი ტრავმიდან რეკორდულად სწრაფად უნდა დაბრუნდეს და ბოლომდე მოუშუშებელი ტრავმით, მაშინ, როცა გუნდში მხოლოდ 10-15 წუთს თამაშობს, ნაკრებში 35 წუთი ითამაშოს.

ასე რომ, ობიექტურები თუ ვიქნებით, ზუროსმა ყველას დაუძახა, ვისაც შეეძლო და ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ვინმე უკეთესის იმედად, ნაკრების რომელიმე წევრზე უარი ვთქვათ.
თან არც მსოფლიოს ჩემპიონატია ის პლატფორმა, სადაც შეგიძლია ცდები ატარო. ბოლო 1 წელიწადში ზედიზედ გვქონდა საშინაო ევრობასკეტი, მუნდიალის უმნიშვნელოვანესი შესარჩევი და მსოფლიოს ჩემპიონატი - ახალი ცდების, ექსპერიმენტების დრო და საშუალება უბრალოდ არ იყო.
'საუკეთესო 16 გუნდს შორის მოვხვდით, მაგრამ მხოლოდ ამით დაკმაყოფილება და საკუთარი თამაშის კრიტიკულად არმიღება, არასერიოზული და არაპროფესიული დამოკიდებულება იქნება'
მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს ორი მოთამაშე NBA-დან, გვყავს თორნიკე შენგელია - თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესო, ან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გვყავს შერმადინი - ევროპაში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის MVP და, ზოგადად, გვყავს გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში მიგვაჩვია, რომ იოლად არავისთან აგებს - იტალია იქნება, ესპანეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი თუ სერბეთი, თამაში, ბრძოლა და მოგება ყველასთან შეუძლია. ამ ფონზე ის, რომ გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს, დიდი მიზნებისკენ იყურება და ზედიზედ სამჯერ უშანსოდ, 20 ქულით წაგებული თამაში არ მოსწონს, ლოგიკურია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავედით, საუკეთესო 16 გუნდს შორის მოვხვდით და ობიექტურად ისტორიული შედეგი გვქონდა, მხოლოდ ამით დაკმაყოფილება, საკუთარი თამაშის და გამოსვლის კრიტიკულად არმიღება, არასერიოზული და არაპროფესიული დამოკიდებულება იქნებოდა.
გვქონდა კარგი შედეგი? გვქონდა! კარგი იყო ის, რომ ვენესუელას და კაბო-ვერდეს უშანსოდ, ორ მეოთხედში მოვუგეთ? კი ბატონო, კარგი და სოლიდური იყო. უნდა იყოს ეს ჩვენი დონის, კლასის და ამბიციების საზომი? არავითარ შემთხვევაში. ლოგიკურია, რომ მეტი გვინდა. ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია და ისიც ვიცით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ.
ჩვენ რომ მეორე ეტაპზე, მაგალითად, ლატვიის ჯგუფიდან გავსულიყავით, იგივე გზა გაგვევლო, ალბათ გულშემატკივარს არანაირი უკმაყოფილების განცდა არ ექნებოდა. არც ავსტრალიის, სლოვენიის და გერმანიის ჯგუფიდან გასვლა არის ჩვენთვის რეალისტური ამოცანა - ესეც ვიცით. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ყველა გრანდმა, საკალათბურთო ელიტამ, ისე მოგვიგო, რომ მეოთხე მეოთხედში თამაშს აზრიც არ ჰქონდა, არც დაძაბულა, სამ მეოთხედში წაგებული იყო, - 20 ქულა და ჩანდა, რომ კონკურენტულები არ ვიყავით. ჩანდა ის, რომ ჩვენსა და საკალათბურთო ელიტას შორის დისტანცია იზრდება. კი არ მცირდება, ისინი უფრო შორის მიდიან, უფრო სწრაფად ვითარდებიან.
სისტემური პრობლემები თამაშში
საქართველოს ნაკრებს აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები - წინა ხაზი ძლიერია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც, უკანა ხაზში - გვიჭირს, როგორც როტაციისთვის საჭირო მოთამაშეების რაოდენობით, ისე ხარისხით.
უკანა ხაზში როტაციაში სულ სამი მოთამაშე გვყავს - გიორგი ცინცაძე, კლასით და გამოცდილებით, უკვე ასაკში, ბევრი ტრავმების ფონზე და შეზღუდული წუთებით; ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი - ძლიერი დაცვაში, კარგი ჩაჭრებში, აქტიური და აგრესიული, თუმცა სტაბილური სროლის და კლასიკური გამთამაშებლის უნარების გარეშე და თად მაკფადენი, რომელიც კლასიკური მსროლელია, თუმცა, როცა გვიჭირს, ვცდილობთ, მას ყველაფერი დავავალოთ - ბურთის გათამაშებაც, მისი წამოღებაც, რთული სროლებიც...

ცინცაძის შეზღუდული წუთების ფონზე, მაშინ, როცა გიორგი სტაბილურად მხოლოდ 10-15 წუთს თამაშობდა, ისე გამოვიდა, რომ ძირითადად ანდრონიკაშვილი-მაკფადენის დუეტის იმედზე გამოვედით. როცა დიდებით, სამი მაღლით, და ზოგადად, მძიმე გუნდით თამაშობ, გჭირდება იდეალური გამთამაშებელი, ის ადამიანი, რომელიც ბურთის მოძრაობაზე, ტემპის და რიტმის კონტროლზე, სროლების შექმნასა და განაწილებაზე იქნება პასუხისმგებელი. ანუ, იდეალურ სიტუაციაში ბითაძეს, შენგელიას, შერმადინს ბურთს მათთვის სასურველ და ხელსაყრელ პოზიციებში მიაწვდის, კარგ სროლებს მისცემს. ასეთი ჩვენ არ გვყავს - არ იქნება სამართლიანი 22 წლის რატი ანდრონიკაშვილისგან ეს მოლოდინი გვქონდეს. როგორც ზემოთ გითხარით, რატის სხვა ძლიერი მხარეები აქვს და თუ მას ჩვენ მთელი გუნდის ერთპიროვნულად მართვას - სროლების შექმნა, ბურთის მოძრაობა, ტემპის და სროლების კონტროლი - დავავალებთ, არ შეიძლება, იმის მოლოდინი გვქონდეს, რომ ეს კარგად გამოვა.
აქედან მივდივართ იმ პრობლემამდე, რომელიც ნაკრებს ბევრი წელია აწუხებს - დაკარგვების რაოდენობა. საქართველოს 5 თამაშში 84 დაკარგვა ჰქონდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის 17 დაკარგვას ნიშნავს. 40-წუთიან თამაშში, როცა საშუალოდ მატჩში 55-60 სროლა გაქვს, 17 დაკარგვა ძალიან ბევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდის შეტევების თითქმის 25 პროცენტი (ანუ ყოველი 4-დან 1 შეტევა) დაკარგვით სრულდებოდა.
'მივდივართ იმ პრობლემამდე, რომელიც ნაკრებს ბევრი წელია აწუხებს - დაკარგვების რაოდენობა'
დაკარგვა მხოლოდ გაფუჭებული შეტევა არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს ამ დროს კარგი შანსი აქვს, სწრაფი შეტევა დაიწყოს, იქამდე, სანამ ჩვენი გუნდი პოზიციურ დაცვაში დადგება და ჩვენი მაღლები შეტევიდან დაცვაში დაბრუნდებიან და იქ იოლი ქულები აიღოს.
ზუროსი ამ პრობლემის გადაჭრას შეეცადა იმით, რომ გამთამაშებლის ფუნქციები 10-15 წუთი ცინცაძეს მისცა, თან ნაწილობრივ მაკფადენს გადაუნაწილა, ეპიზოდურად კი ბურთი შენგელიას და მამუკელაშვილს მოჰქონდათ. ეს პრობლემა სისტემურად ვერ გადავჭერით.
ამ პრობლემას უნდა დავუმატოთ ის, რომ მაღალი და მძიმე გუნდით თამაშის დროს ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მეტოქეს სისწრაფესა და მოძრაობაში ვერ აჰყვე და პერიმეტრზე მეტოქისთვის ღია სამქულიანები დატოვო. ვენესუელასთან საქართველოს დაცვამ სამქულიანების პრობლემა კარგად გადაჭრა და მეტოქეს კარგი სროლები საერთოდ არ მისცა (მეტოქეს ზუსტი სამიანების მხოლოდ 24 პროცენტი ჰქონდა), თუმცა, მაგალითად, გერმანიასთან პერიმეტრიდან 60 ქულა მივიღეთ. მეტოქემ 35-დან 20 სამქულიანი ჩააგდო, თანაც ისე, რომ ყველა სამიანი (და ზოგადად, ამ მატჩი ყველა სროლა) პასის შემდეგ შეასრულა - ანუ, ჩვენი დაცვა მეტოქეს ბურთის მოძრაობას ვერ აჰყვა. არც 36 წლის მაკფადენი არცთუ ისე შთამბეჭდავი სიმაღლით და გაბარიტებით და ნაწილობრივ არც ცინცაძე თავისი ასაკით და ტრავმებით არ არის პერიმეტრზე ყველაზე შთამბეჭდავი მცველი. ანუ, რა გამოვიდა? მეტოქეს მივეცით ქულების დაგროვების საშუალება პერიმეტრიდან და ჩვენი დაკარგვების შემდეგ. რიგ თამაშებში დავთმეთ ფარი და მეტოქეს (მაგალითად, სლოვენიას) მივეცით მოხსნების და მეორე შანსის ქულების საშუალება (24 მეორე შანსის ქულა). ეს კალათბურთში ყველაზე იოლი და კარგი ქულებია. ასეთ ქულებზე ყველა გუნდი ნადირობს და ამიტომაც იყო, რომ დიდი გუნდები თითქმის სტაბილურად გვიყრიდნენ 90-100 ქულას.

ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ იმით, რომ სამწამიანში გოგა ბითაძე ძალიან შთამბეჭდავი იყო და შენგელია-მამუკელაშვილის დუეტი ჯანში, გაბარიტებსა და ათლეტიზმში არავის არაფერს დაუთმობს, არ გამოდის. მეტოქის პოზიციური შეტევის დროს ჩვენს სამწამიანში შემოსვლა მართლაც ძალიან რთულია. უფრო დაბალი კლასის გუნდებს ჩვენი დაცვა კარგად ახრჩობდა, თუმცა მაღალი კლასის მეტოქეები ამ ხარვეზების (დაკარგვები, პერიმეტრი, მეორე შანსის ქულები) სათავისოდ გამოყენებას კარგად ახერხებდნენ.
საქართველო დაცვითი გუნდი უნდა იყოს - სხვაგვარად თამაშის შესაძლებლობას შემადგენლობა უბრალოდ არ გვაძლევს. ამ შემადგენლობით, ასეთი სიმაღლით და გაბარიტებით, მეტოქეს სწრაფ თამაშში ვერ აყვები. როცა ასეთი გუნდი თავის კალათში 100 ქულას იღებს, მას თამაში ყველა შემთხვევაში წაგებული აქვს.
სისტემური პრობლემა გვქონდა სამქულიანი დისტანციიდან. ეროვნულმა გუნდმა 5 თამაშში 114 სამქულიანი ისროლა და მხოლოდ 33 ჩააგდო, ანუ ზუსტი სროლების 29 პროცენტი. ეს ძალიან დაბალი პროცენტია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თამაშში 23 სამქულიანს ასრულებ და იქიდან დაახლოებით 6-ს აგდებ.
ესეც ობიექტური პრობლემაა. რეალურად როტაციაში ერთი კლასიკური, სტაბილური მსროლელი გვყავს თად მაკფადენის სახით. მასზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
'როცა მეტოქეს შენზე 10 სამქულიანით მეტი აქვს ჩაგდებული ეს -30 ქულაა და ამ სხვაობის მხოლოდ სამწამიანის და ჯარიმების ხარჯზე ამოქაჩვა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა'
თანამედროვე კალათბურთში სამქულიანები შეტევის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება ის, რომ გუნდების უმრავლესობა შეტევის დროს აქცენტს პერიმეტრზე აკეთებს და სროლების დიდ ნაწილს სამქულიანი დისტანციიდან ასრულებს. ამ ფონზე, ჩვენ ისევ სამწამიანის გუნდი ვიყავით - ისევ შენგელიას და მამუკელაშვილის შესვლების და სამწამიანში ბითაძის და შერმადინის აქტიურობის იმედად ვთამაშობდით. როცა მეტოქეს შენზე 10 სამქულიანით მეტი აქვს ჩაგდებული ეს -30 ქულაა და ამ სხვაობის მხოლოდ სამწამიანის და ჯარიმების ხარჯზე ამოქაჩვა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.
საქართველო ბოლოს პერიმეტრიდან კარგად გამოიყურებოდა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის დროს. მაშინ სამქულიანების 56 პროცენტი ჩაგადეთ (23-დან 13 ზუსტი სამიანი) და მახსოვს, ვწერდი კიდეც იმაზე, რომ ეს ჩვენთვის კარგი კი არა, ცუდი სტატისტიკაა, იმიტომ, რომ ამ ფორმაციის გუნდისგან იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ სტაბილურად სამიანებს ამ პროცენტით ისვრიან. ეს უფრო ბედნიერი გამონაკლისი იყო, ვიდრე ტენდენცია.
იმ თამაშში სამიანები მაღლებმაც ჩააგდეს - შენგელიას, მამუკელაშვილს და ბითაძეს 8-დან 6 სამიანი ჰქონდათ. სროლა სამივეს შეუძლია. მამუკელაშვილის სროლა სულ უფრო უკეთესი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ სტაბილური სამიანების მსროლელია. იმისთვის, რომ საქართველო პერიმეტრიდან ადეკვატურ საფრთხეს წარმოადგენდეს, აუცილებელია, სამქულიანები მაღლებისგანაც წავიდეს. სხვანაირად, მხოლოდ მაკფადენის იმედად ეს არ გამოვა. ყველა მეტოქემ იცის, რომ საქართველოს ერთადერთი სტაბილური ოპცია პერიმეტრიდან ამერიკელია. ბუნებრივია, მაღალ დონეზე ამ სროლებს აღარც აძლევენ. ამ ჩემპიონატზე საერთოდ ისიც მოხდა, რომ ამ სამიანებს მაკფადენიც ვეღარ ყრიდა.

სამქულიანები მხოლოდ დაგროვებულ ქულებს არ ნიშნავს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სამწამიანში მეტი სივრცეა, მეტოქის დაცვა იძულებულია, პერიმეტრზე ამოვიდეს და მჭიდრო მეურვეობა დააწესოს. ამ დროს სამწამიანში სივრცე თავისუფლდება და უკეთესი სროლები გაქვს. მაშინ, როცა თამაშში 23-დან 6 სამიანს აგდებ, მეტოქე სულ უფრო და უფრო ნაკლებ რესურსს ხარჯავს პერიმეტრიდან დაცვაზე და მასიურად, თითქმის მთელი გუნდით სამწამიანს კეტავს. ამ პირობებში გოგას, თორნიკეს და სანდროს კარგი სროლები აღარ აქვთ, სამწამიანი გადატვირთულია და იძულებული ვართ, ყველა სროლისთვის და ყველა ქულისთვის ვიჭიდავოთ. ეს ძნელი ქულებია. ასე შეიძლება შენზე დაბალ, ნაკლებად გაბარიტულ და უფრო დაბალი კლასის ვენესუელას გადაურბინო, მაგრამ მაღალი კლასის გუნდებთან ეს არ გამოდის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ბურთის გათამაშების და სროლების შექმნის კომპონენტშიც გვიჭირს.
რატომ ზუროსი და მაკფადენი?
როცა ამდენი სისტემური პრობლემა გაქვს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ძალიან კარგი მენეჯმენტი, კარგი ‘ქოუჩინგი’ გჭირდება. ანუ, ამ პრობლემების გადაფარვა მწვრთნელის პოზიციიდან უნდა სცადო, რადგან შემადგენლობაში ამის რესურსი ნაკლებადაა.
ილიას ზუროსის კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს - უმაღლესი კლასის სპეციალისტია. მისი მუშაობა საქართველოს ეროვნული ნაკრებში ამ 7 წლის მანძილზე აუცილებლად ძალიან კარგად შეფასდება. ზოგადად, ნაკრების მენეჯმენტი საკალათბურთო თვალსაზრისით კითხვებს არ ტოვებს - მაგალითად, იქ არის მანუჩარ მარკოიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი, სანიმუშო შინაგანი დისციპლინის, საკალათბურთო ინტელექტის და თავისი საქმის უზომოდ მოყვარული ადამიანი.
თუმცა, ამ ჩემპიონატზე ზუროსის "ქოუჩინგი“, მისი მწვრთნელობა ბევრ კითხვებს ბადებდა - საქართველომ ვერ მოახერხა თავისი სისუსტეების დამალვა და საუკეთესოდ ვერ გამოიყენა თავისი ძლიერი მხარეები. საქართველო პარკეტზე რამდენჯერმე აღმოჩნდა იმ ხუთეულით, რომელიც მეტოქეს რამდენიმეწუთიან მონაკვეთში 10-15 ქულით ჩამორჩა.
'ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, ჩვენი სისუსტეების დამალვა ილიას ზუროსის საქმე იყო'
საქართველოს ნაკრებს უჭირდა ახალი იდეა, ახალი შინაგანი ემოცია და ენერგია. საქართველოს თამაში მომენტებში მოძველებულად გამოიყურებოდა. ეს მხოლოდ ზუროსის ბრალი არ არის - ზემოთ გითხარით, მაგალითად, სამქულიანების შესახებ, რაც თანამედროვე კალათბურთში შეტევის დროს ერთ-ერთი ძირითადი იარაღია. ნაწილობრივ ისიც მართალია, რომ ზუროსი გუნდს ათამაშებს იმ კალათბურთს, რის საშუალებასაც შემადგენლობა, რესურსები აძლევს. არც იმის გარანტია გვაქვს, რომ სხვა მწვრთნელი ამ პრობლემებს გადაჭრიდა და ჩვენ სისუსტეებს უფრო უკეთ დამალავდა. მახსოვს, ბევრი უჩიოდა იგორ კოკოშკოვსაც, არადა კაცი NBA-ს ჩემპიონია.
თუმცა მწვრთნელი მაინც ის პოზიციაა, რომელსაც ეს კითხვები უნდა დავუსვათ - ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, ჩვენი სისუსტეების დამალვა სწორედ მისი საქმე იყო.

ინდივიდუალურ დონეზე ნაკრების დიდ უმრავლესობას კარგი ტურნირი არ ჰქონია - თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ უჩვენებია. ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩაატარა გოგა ბითაძემ, ბრწყინვალე იყო დაცვაში, აგრესიული სამწამიანში, მუდამ ძალიან მაღალი ეფექტიანობა ჰქონდა და მაღალი პროცენტით ისროდა. გოგა საუკეთესო იყო სარგებლიანობის მხრივ (20.4) და მეორე პოზიციაზე მყოფ თორნიკე შენგელიას თითქმის ორჯერ ჯობნიდა ამ მაჩვენებელში. ბითაძეს ორი ორმაგი დუბლი ჰქონდა და თამაშში საშუალოდ 13.6 ქულას აგროვებდა, თანაც ისე, რომ 31-დან 21 სროლა ჩააგდო, ანუ 67 პროცენტით ისროდა. პირველ სამ თამაშში საერთოდაც 10 სროლიდან 33 ქულა გააკეთა - 9 ზუსტი სროლა (ანუ სამ თამაშში მხოლოდ ერთხელ ააცილა) და ძალიან ბევრი ნასროლი ჯარიმა.
კარგი იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც, როგორც ამ 1 წელიწადში ვნახეთ, ისევ პროგრესირებს. სანდრო დაცვაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია და შეტევაშიც, ძალიან ათლეტურია, თან მისი სროლა უფრო და უფრო იხვეწება. თუ გოგას თამაშში 7.8 მოხსნა ჰქონდა, სანდრო 6.8-ჯერ ხსნიდა ბურთს და 12.8 ქულას აგროვებდა.
კლასი და სოლიდურობა აჩვენა შენგელიამ. ჩაგდებული ქულებით გუნდის ლიდერი იყო - თამაშში საშუალოდ 15.5 ქულა ჰქონდა, თუმცა პარკეტზე მასთან ერთად გუნდს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ჰქონდა (-8.3). აქ კითხვები ზუროსთან უნდა გვქონდეს - როგორ ხდებოდა ისე, რომ შენგელიას და შერმადინს სწორი როტაციები ვერ ვუპოვეთ, მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ.
'ყველაზე მეტად მაკფადენის ქულები დაგვაკლდა. ამერიკელი მისი სამიანებით საქართველოს შეტევაში ერთ-ერთი ძირითადი ოპციაა'
პირველ ორ შეხვედრაში სოლიდური წუთები ჰქონდა გიორგი ცინცაძეს. როტაციაში კარგად იპოვა ადგილი კახა ჯინჭარაძემ. ეს იყო და ეს. ცინცაძე, ჯინჭარაძე და ბითაძე ნაკრების ის სამი მოთამაშე იყვნენ, რომლებსაც + მაჩვენებელი ჰქონდათ, ანუ, მათთან ერთად წუთებს ზუროსის გუნდი უფრო იგებდა, ვიდრე აგებდა.
მეტზე ვერც ვიტყვით, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში მათი საუკეთესო ვარიანტი ვნახეთ და მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენეთ.
მაგალითად, მხოლოდ ბოლო თამაშში დაბრუნდა გიორგი შერმადინი. იქამდე, პირველ სამ თამაშში 15-დან 7 ჩაგდებული სროლა ჰქონდა, რაც მისთვის დაბალი შედეგია. არადა, გიორგი თავის პოზიციებში და მისთვის ხელსაყრელი სროლების დროს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა (ბოლო ორ თამაშში 10-დან 9 სროლა ჩააგდო).
ყველაზე მეტად მაკფადენის ქულები დაგვაკლდა. ამერიკელი მისი სამიანებით საქართველოს შეტევაში ერთ-ერთი ძირითადი ოპციაა. მისგან 15-20 ქულას ყოველთვის ველით, არადა, ავსტრალიასთან ბოლო თამაშამდე მაკფადენსს მხოლოდ 4 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული და თამაშში 4-5 ქულას აკეთებდა ძალიან დაბალი პროცენტის ფონზე.
აქ კითხვები კალათბურთის ფედერაციასთანაც უნდა გვქონდეს. ზუსტად არავინ იცის, მაკფადენის ეს ფორმა და ეს თამაში რისი ბრალი იყო. თუმცა ფაქტია, რომ ის საუბრები, რაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მაკფადენის ნაცვლად ნაკრებისთვის სხვა ნატურალიზებული მოთამაშის დამატებას გულისხმობდა, არ შეიძლება, მის სათამაშო ფორმაზე კარგად ასახულიყო.
შეცდომა იყო ის, რომ მაკფადენი ნაკრების სხვა მოთამაშეებთან სოციალურ ქსელებში არკვევდა, მის თავს რა ხდება. ზოგადად, შეცდომა და ცუდი მენეჯმენტი იყო თავად მისი შეცვლის იდეაც. ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაკფადენთან ერთად მოიპოვა - მისი სამიანების გარეშე ეს საგზური საერთოდ არ იქნებოდა. ის იყო ამ გუნდის წევრი და ახლა, ზედ ჩემპიონატის წინ მისი შეცვლა თუ შეცვლის მცდელობა, არასწორი იყო ადამიანურადაც და პროფესიულადაც.
თუმცა, ახლა, უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე მეტი კითხვა, რომ მაკფადენთან და ზუროსთან გვაქვს, ეს სწორია. იმას ვიტყვი, რითაც დავიწყე: ჩვენს კალათბურთს არ ულხინს, ეს გუნდი გვყავს, რაც გვყავს და თორნიკეს, სანდროს, გოგას და სხვების პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. არ მჯერა, რომ ლატვიისნაირი გუნდი არ შეიძლება ვიყოთ. შეცვლა, თუ ვინმესი შეგვიძლია ეს მწვრთნელი და ნატურალიზებული მოთამაშეა. მანდ გვაქვს არჩევანის საშუალება - ყველა სხვა დანარჩენი ფაქტორი (კონკურენტული ეროვნული ჩემპიონატი, ქართული კლუბები ევროთასებზე, ახალი მოთამაშეების ზრდა ა.შ.) გრძელვადიანი, სისტემური გამოსასწორებელია, რასაც უახლოეს წლებში, უცებ, არ ეშველება. ამიტომ, გუნდის გაუმჯობესების რესურსი უახლოეს მომავალში მხოლოდ მწვრთნელის და ნატურალიზებული მოთამაშის ხარჯზე გვაქვს. ხოლო, რაც შეეხება გრძელვადიან მომავალს, თუ კალათბურთს სისტემურად არ მივუდექით, სულ ფაჩულიას, შენგელიას და მამუკელაშვილისნაირი ხალხის იმედად ვერ ვიქნებით, ანუ ინდივიდუალური ტალანტის და მონდომების.

ამ ეტაპზე ნატურალიზება აუცილებლად გვჭირდება უკანა ხაზში. როტაციისთვის საჭირო და საკმარისი რესურსი არ გვაქვს. როცა მაკფადენის ნაცვლად სხვა მოთამაშის ნატურალიზებას გადავწყვეტთ (და მაკკფადენს ჩვენგან მხოლოდ დიდი მადლობა ეკუთვნის ამ წლებისთვის), ეს უნდა იყოს ისეთი მოთამაშე, რომელიც გუნდის მთელ თამაშს წაიყვანს - ბურთს გაათამაშებს, სროლებს შექმნის, სამქულიანიდანაც შეუტევს და შესვლა და ბურთის გამოტანის ოპცია სტაბილურად ექნება (მაკფადენს მხოლოდ სამქულიანების ოპცია ჰქონდა). ანუ ადამიანი, რომელიც მთელ თამაშს წაიყვანს. უფრო მეტს, უფრო სრულყოფილ პაკეტს ველით დამატებული მოთამაშისგან, იმისთვის, რომ ჩვენი სისტემური პრობლემები გადავფაროთ.
არ ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ როგორ წავა საქართველოს ნაკრების ამბავი. ახალ ციკლს ისევ ზუროსთან ერთად დაიწყებს თუ ახალი მწვრთნელი დაინიშნება. ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში ახალი სათამაშო სურათი, სისტემა და ემოცია გვჭირდება. მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სისუსტეების გადაფარვა ჩვენი ძლიერი მხარეების ხარჯზე.
მსოფლიოს ჩემპიონატი ქართული კალათბურთის ისტორიაში დარჩება შედეგის მხრივ, როგორც ტურნირი, როდესაც 16 საუკეთესოს შორის აღმოვჩნდით. თუმცა ისიც დავინახეთ, რომ მსოფლიო კალათბურთი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ. ჩვენსა და გრანდებს შორის სხვაობა, დისტანცია იზრდება. ეს დინამიკა შესაცვლელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში...
კომენტარები