Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 მატჩს თბილისში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის წინ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მწვრთნელის შემდეგ, საქართველოსთან თამაშზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა როდრიმაც ისაუბრა.

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი)

...საქართველოს ნაკრებზე: „რა თქმა უნდა, მძიმე თამაშს ველით. საქართველოს ნაკრები ბოლო დროს ძალიან გაუმჯობესდა, ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი კარგ გუნდებში თამაშობენ და შესაბამისად, მათი კლასი გაიზარდა. რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა, ამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ“.

...ხვიჩა კვარაცხელიას რას დაუპირისპირებენ: „ძალიან კარგი მოთამაშეების ყოლა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გუნდური ღირებულება სხვა არის. ვილი სანიოლმა კარგად მოახერხა ნაკრებისთვის გუნდური არსის და სულის მიცემა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიდგომა სწორედ ამას უკავშირდება და არა ცალკეულ ფეხბურთელებს. ჩვენთვის ყოველთვის მთავარია მომდევნო მატჩი. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის თამაშია, რომელიც საქართველოსთან გველოდება“.

'ახალი თაობა შესაძლოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოცაა. ამიტომ, დიდ წინააღმდეგობას ველით'

...ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე: „ყოველთვის თვალს ვადევნებდი საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი თაობა შესაძლოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოცაა. ამიტომ, დიდ წინააღმდეგობას ველით, მძიმე თამაშს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხვალ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ის შედეგი მივიღოთ, რომელიც გვინდა“.

...ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაზე: „ვინც გუნდში არ არის, ისინი კი არ არიან მნიშვნელოვანი, არამედ ისინი, ვინც ახლა გუნდში არიან და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოთამაშეები მყავს. თითოეული მათგანის თვისებებს ვენდობი და შემადგენლობის მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ“.

...ლუის რუბიალესის სკანდალი გავლენას თუ იქონიებს: „ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები. ჩემი ფეხბურთელების განწყობით და მიდგომით აღფრთოვანებული ვარ, შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატისკენ გზა ხვალინდელი თამაშით გავიადვილოთ და ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, ეს გუნდზე გავლენას არ მოახდენს.

როდრი (ესპანეთის ნაკრები): 

...საქართველოს ნაკრებზე: „დიახ, ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს. ვიცით და მივიჩნევთ, რომ ამ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. საქართველოს ინდივიდუალურად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ გუნდურად უნდა შევაფასოთ და ამის მიხედვით ვემზადებით, რომ შესაბამისად ვეთამაშოთ“.

...გარდამავალი ეტაპი ესპანეთის ნაკრებში: „ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვართ უფრო გამოცდილებიც. პატარა გარდამავალი ეტაპი კი გვაქვს, მაგრამ საკმარისად მაღალი დონის გუნდი ვართ, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ. კონცენტრირებულები ვართ ხვალინდელ მატჩზე, რადგან მნიშვნელოვანია კონკრეტულ მატჩზე სწორება. ცოტა ხნის წინ ერთა ლიგა მოვიგეთ და ვეცდებით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა. რა თქმა უნდა, უფრო ძნელია იმ შედეგის ჩვენება, რაც ესპანეთს 2008-2012 წლებში ჰქონდა, მაგრამ ვეცდებით, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ“.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც ოთხი მატჩი ოფიციალური იყო (2014 და 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ოთხჯერვე ესპანელებმა მოიგეს (1:0. 2:0, 2:1, 4:0), ხოლო ერთი მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა (2016 წელს) და საქართველომ მადრიდში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლაშა დვალი (აპოელ), საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), საბა საზონოვი (ტორინო).

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).

კომენტარები

ბოლო ამბები