- 📅 8 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ესპანეთი | 📺 I არხი
- ვილი სანიოლის და ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისწინა პრესკონფერენცია
- ლუის დე ლა ფუენტე: საქართველოსთან რთულ თამაშს ველით
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელსაც საქართველოს ნაკრები პარასკევს, 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გამართავს, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა "ფურია როხასთან" მომავალი თამაშის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა, რომელმაც ესპანეთთან თამაშის გარდა, ევროპის U21 ჩემპიონატზე ართამაშზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეჯამება: "საქართველო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მძიმე ჯგუფში იყო და ამ ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი წარმატებაა. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. გულდასაწყვეტია ისრაელთან მარცხი, მაგრამ კარგია, რომ ბევრი მოთამაშე წავიდა უცხოეთში. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ძირითად ნაკრებში დავაწინაურეთ. დევიდ ვები, რომელიც ახლახან შემოგვიერთდა, სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობისას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება წაგვადგება."
'როგორც რომი არ აშენებულა ერთ დღეში, ისე ვერ ვიქნებით ერთ დღეში მსოფლიოს წამყვანი ნაკრები.' - ვილი სანიოლი
...ესპანეთთან მატჩზე: "ეს უკვე მეოთხე მატჩია ჩვენს ჯგუფში, რომელიც ფინალის ტოლფასია. ეს შეხვედრა ესპანეთისთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი არ იქნება. მოლოდინი საქართველოში საკმაოდ მაღალია. როგორც რომი არ აშენებულა ერთ დღეში, ისე ვერ ვიქნებით ერთ დღეში მსოფლიოს წამყვანი ნაკრები. ესპანეთი უძლიერესი ნაკრებია, ჩემი მხრიდან ფეხბურთელებზე ზეწოლა არ იქნება. მთავარია, დისციპლინით თამაში და დანარჩენს ყველა ერთად ვნახავთ. პატივს ვცემთ ყველა ტურნირს. პლეი ოფის საგზური მოპოვებული გვაქვს, მაგრამ ხვალინდელი და ნორვეგიასთან გასამართი მატჩები მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ. პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ ამ შეხვედრებს, ამ დონეზე თამაში ძალიან დიდი გამოცდილებაა. ასეთ დონეზე თამაშზე უკეთესი არაფერია. ბევრი ახალგაზრდისთვის დიდი გამოცდილებაა ასეთ დონეზე და ასეთ ნაკრებებთან თამაში. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე ვართ ორიენტირებული. გვინდა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულონ."

...ნაკრების ფეხბურთელების ტრანსფერებზე: "ბედნიერი ვარ სატრანსფერო ფანჯრის დახურვით, ბევრი ფეხბურთელისთვის ეს სტრესია. მიქაუტაძე ამსტერდამში წავიდა, საზონოვი ტორინოში, ჩაკვეტაძე უოტფორდში გადავიდა. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებს ასეთი შესაძლებლობები აქვთ. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ შეცდომის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა დაარტყას პენალტები - ფეხბურთელებმა იციან, რომ მე ვენდობი. ვენდობი კვარას, კიტეს, მიქაუტაძეს... ყველას ვენდობი."
...ტაქტიკის შესახებ: "ვინც ივნისში ესპანეთის მატჩებს უყურა, ნახავდა, რომ ეს ესპანეთი არ ჩამოუვარდება იმ ნაკრებს სიძლიერით, რომელმაც ჩვენ ადრე მოგვიგო. არ არის მიზანშეწონილი ყოველთვის ერთი და იმავე ტაქტიკით თამაში. მეტოქე სიურპრიზებს უნდა ელოდოს."
...გიორგი არაბიძეზე: "საგრძნობლად მოუმატა და თავის კლუბს ეხმარება. ეს ჯერ საკმარისი არ არის ნაკრებში გამოძახებისთვის, მან რეგულარულად უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე. თუ ასე გააგრძელებს, მას ყოველთვის გავითვალისწინებ. ამ მომენტისთვის მისი გამოძახება ნაადრევი იყო."
ხვიჩა კვარაცხელია:
...ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე: “ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრე, მიზეზიც ვთქვი და ეს ყველასთვის ცნობილია. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს: ალბათ არავის დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ამ ბიჭებს ვიღაც ან რაღაც დააკლდათ. წარმატებით გამოვიდნენ, ქართველი ხალხიც ასახელეს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ შედეგი კარგი იყო. ჩემს უთამაშებლობას რაც შეეხება, ვიმეორებ, მიზეზი წესით ყველამ იცის“.

…თავის ფიზიკურ კონდიციაზე: „საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე კლუბისთვის, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ - არ აქვს მნიშვნელობა, 90 წუთისთვის მზად ვარ თუ არა. განვლილ დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი და ჩემი აზრით, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამას უკვე მოედანზე იხილავთ“.
...ოქროს ბურთის ნომინანტობაზე: „ძალიან მოხარული ვარ და სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება, მაგრამ ამ მომენტში ესპანეთთან მატჩის გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობ“.
...ნაპოლის განცხადებაზე: „ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ. იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ და როგორც ვარ“.
'მათ გამოც ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა სწორი ჩემი თამაში' - ხვიჩა კვარაცხელია
...ისევ U21 ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე: „რომ ჩამოვსულიყავით რამდენიმე ფეხბურთელი, ალბათ იმ ფეხბურთელებზე ვერ გაიგებდით, რომლებმაც იდეალურად ითამაშეს. სხვა მიზეზებთან ერთად იყო ისიც, რომ ეს ბიჭები 2 წელი თამაშობდნენ ერთად და ჰქონდათ შესაძლებლობა, დიდ ჩემპიონატზე ეთამაშათ და მეტი გამოცდილება მიიღოთ. არა მხოლოდ ჩემი თავის გამო, არამედ მათ გამოც ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა სწორი ჩემი თამაში. მე ყველაფერს გულწრფელად ვამბობ, ყველამ იცის, რატომაც არ ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე. ნაპოლის შეუძლია თუ არა ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებაში ხელის შეშლა, მე ვერაფერს გეტყვით, ამ შეკითხვით ნაპოლის უნდა მიმართოთ. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ საქართველოსთვის და ამას აუცილებლად გავაგრძელებ“.
...დანი კარვახალის წინააღმდეგ თამაშზე: "სასიხარულოა, როდესაც ასეთ ფეხბურთელთან თამაში გიწევს, რადგან იყო დრო, როცა მას ტელევიზორში ვუყურებდი. მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო და დიდი პასუხისმგებლობაა."
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ოთხი მატჩი ოფიციალური იყო (2014 და 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ოთხჯერვე ესპანელებმა მოიგეს (1:0, 2:0, 2:1, 4:0), ხოლო ერთი მატჩი ამხანაგური გახლდათ (2016 წელს) და საქართველომ მადრიდში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლაშა დვალი (აპოელ), საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), საბა საზონოვი (ტორინო).
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).
კომენტარები