- 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება
- საქართველოს ნაკრები ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
- ფავორიტებად ახალი ზელანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა და ირლანდია მოიაზრებიან
8 სექტემბერს, რაგბის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი იწყება. საფრანგეთში რიგით მე-10 მსოფლიო თასი აიღებს სტარტს და 20 მონაწილეს შორის უკვე ტრადიციულად საქართველოს ნაკრებიც იქნება, რომელიც მსოფლიო რაგბის უმთავრეს ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
ქართველი მორაგბეები C ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთანა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდნენ, მიზანი კი მეოთხედფინალში გასვლა იქნება, სადაც ბორჯღალოსნებს არასდროს უთამაშიათ. ხუთივე გასულ შემთხვევაში, საქართველო ჯგუფში რჩებოდა და 2 მატჩიც კი ერთადერთხელ მოიგო, 2015 წლის მსოფლიო თასზე (ტონგასთან და ნამიბიასთან).
2023 წლის მსოფლიო თასი პარიზულ Stade de France-ზე მასპინძელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის სუპერმატჩით გაიხსნება და ეს ის ნაკრებები არიან, რომელთაც ტურნირის ფინალური ეტაპი არასდროს გამოუტოვებიათ. მათ გარდა, ასეთი წარმატებით იაპონია, ინგლისი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია, უელსი, ავსტრალია და არგენტინა დაიკვეხნიან. პორტუგალია მსოფლიო თასზე მხოლოდ მეორედ მოხვდა, ჩილე კი დებიუტანტია.

მსოფლიო თასს საფრანგეთის 9 სტადიონი უმასპინძლებს. ესენი არიან Stade de France (პარიზი, ტევადობა 80 023 ადამიანი), Stade Vélodrome (მარსელი, 67 847), OL Stadium (ლიონი, 58 883), Stade Pierre-Mauroy (ლილი, 50 096), Stade de Bordeaux (ბორდო, 42 115), Stade Geoffroy-Guichard (სენტ ეტიენი, 41 965), Stade de Nice (ნიცა, 35 983), Stade de la Beaujoire (ნანტი, 35 520) და Stadium de Toulouse (ტულუზი, 33 150).
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო თასზე ყველაზე პროგნოზირებადი A ჯგუფია, სადაც პირველ-მეორე ადგილებს ხსენებულ საფრანგეთსა და ახალ ზელანდიას უწინასწარმეტყველებენ (იტალიას, ურუგვაისა და ნამიბიას მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებათ), აი, სხვა ჯგუფებში კი გაცილებით დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
B-ში სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და ტონგა საინტერესო თამაშებს გვპირდებიან (რუმინეთი უშანსოდაა), C-ში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები უნდა გამოვარჩიოთ (აუტსაიდერი პორტუგალიაა), ხოლო D-ში – ინგლისი, იაპონია, არგენტინა და სამოა (ჩილეს ქულის აღებაც კი ძალიან გაუჭირდება).

უკვე ტრადიციულად, ჯგუფებიდან მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გავა, რის შემდეგაც ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება. ფინალი 28 ოქტომბერს Stade de France-ზე არის დაგეგმილი, წინა დღეს კი, იმავე სტადიონზე ბრინჯაოს მედლების მფლობელის ვინაობა გაირკვევა.
ქაღალდზე უმთავრეს ფავორიტებად ახალი ზელანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა და ირლანდია მოიაზრებიან, ამდენად, იმის საკმაოდ დიდი შანსი არსებობს, რომ მსოფლიო თასის გახსნის და დახურვის მატჩებში ერთი და იმავე გუნდებმა ითამაშონ. ცხადია, საუბარი საფრანგეთსა და ახალ ზელანდიაზეა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. მოახლოებულ ტურნირს მთავარი მსაჯის რანგში 12 რეფერი მოემსახურება, რომელთა შორის ქართველი ნიკა ამაშუკელიც იქნება, ასეთი რამ კი არასდროს მომხდარა. მეტიც, ამაშუკელი ტიერ 2-ის ქვეყნებიდანაც პირველი არბიტრია, რომელსაც მსოფლიო თასზე მუშაობის პატივი ერგო.

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ურუგვაი, ნამიბია
8 სექტემბერი: საფრანგეთი – ახალი ზელანდია
9 სექტემბერი: იტალია – ნამიბია
14 სექტემბერი: საფრანგეთი – ურუგვაი
15 სექტემბერი: ახალი ზელანდია – ნამიბია
20 სექტემბერი: იტალია – ურუგვაი
21 სექტემბერი: საფრანგეთი – ნამიბია
27 სექტემბერი: ურუგვაი – ნამიბია
29 სექტემბერი: ახალი ზელანდია – იტალია
5 ოქტომბერი: ახალი ზელანდია – ურუგვაი
6 ოქტომბერი: საფრანგეთი – იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, ტონგა, რუმინეთი
9 სექტემბერი: ირლანდია – რუმინეთი
10 სექტემბერი: სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია
16 სექტემბერი: ირლანდია – ტონგა
17 სექტემბერი: სამხრეთ აფრიკა – რუმინეთი
23 სექტემბერი: სამხრეთ აფრიკა – ირლანდია
24 სექტემბერი: შოტლანდია – ტონგა
30 სექტემბერი: შოტლანდია – რუმინეთი
1 ოქტომბერი: სამხრეთ აფრიკა – ტონგა
7 ოქტომბერი: ირლანდია – შოტლანდია
8 ოქტომბერი: ტონგა – რუმინეთი
C ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, საქართველო, პორტუგალია
9 სექტემბერი: ავსტრალია – საქართველო
10 სექტემბერი: უელსი – ფიჯი
16 სექტემბერი: უელსი – პორტუგალია
17 სექტემბერი: ავსტრალია – ფიჯი
23 სექტემბერი: საქართველო – პორტუგალია
24 სექტემბერი: უელსი – ავსტრალია
30 სექტემბერი: ფიჯი – საქართველო
1 ოქტომბერი: ავსტრალია – პორტუგალია
7 ოქტომბერი: უელსი – საქართველო
8 ოქტომბერი: ფიჯი – პორტუგალია
D ჯგუფი: ინგლისი, იაპონია, არგენტინა, სამოა, ჩილე
9 სექტემბერი: ინგლისი – არგენტინა
10 სექტემბერი: იაპონია – ჩილე
16 სექტემბერი: სამოა – ჩილე
17 სექტემბერი: ინგლისი – იაპონია
22 სექტემბერი: არგენტინა – სამოა
23 სექტემბერი: ინგლისი – ჩილე
28 სექტემბერი: იაპონია – სამოა
30 სექტემბერი: არგენტინა – ჩილე
7 ოქტომბერი: ინგლისი – სამოა
8 ოქტომბერი: იაპონია – არგენტინა

მსოფლიო თასის საინტერესო ფაქტები
🏉 ჩილეს ნაკრები ტურნირზე პირველად ითამაშებს.
🏉 ირლანდიელი ჯოი ნევილი პირველი ქალი არბიტრია, რომელიც კაცთა მსოფლიო თასზე იმსაჯებს.
🏉 მსოფლიო თასების ისტორიაში 2 ფინალი ყოფილა, რომელთა ბედი არა ძირითად, არამედ – დამატებით დროში გადაწყვეტილა (1995 და 2003 წლები).
🏉 ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს მსოფლიო თასის ფინალში 3-ჯერ უთამაშია და სამივე მატჩი წაგებული აქვს: 1987 და 2011 წლებში – ახალ ზელანდიასთანა და 1999 წელს – ავსტრალიასთან.
🏉 მსოფლიო თასების ისტორიაში მხოლოდ 4 ჩემპიონი ყოფილა: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი.
🏉 ჯონა ლომუ (ახალი ზელანდია), ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) და ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია) ერთ მსოფლიო თასზე დადებული ლელოების მიხედვით რეკორდსმენები არიან. მათ აქტივში 8-8 ლელოა.
🏉 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთის 9 სტადიონზე ჩატარდება.
🏉 ეს, ისტორიაში მე-10 მსოფლიო თასია. პირველი 1987 წელს ჩატარდა.
🏉 ჯონა ლომუ (ახალი ზელანდია) და ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) იყოფენ პირველობას მსოფლიო თასებზე დადებული ლელოების მხრივ. მათ აქტივში 15-15 ლელოა.
🏉 მას მერე, რაც პორტუგალიამ მსოფლიო თასზე ბოლოს ითამაშა, 16 წელი გავიდა.
🏉 ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი) და რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია) არიან რეკორდსმენები მსოფლიო თასზე ჩატარებული მატჩების მხრივ. მათ აქტივში 22-22 თამაშია.
🏉 მსოფლიო თასში მონაწილეობას 20 ნაკრები მიიღებს, საერთო ჯამში კი 48 მატჩი ჩატარდება.
🏉 მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფინალი (51 ქულა) 2015 წელს ჩატარებულა. ახალმა ზელანდიამ ავსტრალია 34:17 დაამარცხა.
🏉 2003 წელს ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა. ავსტრალიელებმა ნამიბია 142:0 გაანადგურეს. იმ თამაშში დადებული 22 ლელო ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.
🏉 ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი ჯონი ვილკინსონი მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მორაგბეა. მის აქტივში 277 ქულაა.
🏉 2023 წლის მსოფლიო თასის მატჩებზე 2.5 მილიონამდე ბილეთია გაყიდული.
კომენტარები