- 📅 8 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ესპანეთი | 📺 I არხი
- ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია
- ესპანეთს საქართველოში იოლად მოგება აქამდე უჭირდა
- ყველაფერი, რაც ამ მატჩზე უნდა იცოდეთ
საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო ორი მატჩი, ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან გადამწყვეტია.
სწორედ ამ ორი თამაშის შედეგზე იქნება დამოკიდებული, ექნება თუ არა ვილი სანიოლის გუნდს ამბიცია ოქტომბერსა და ნოემბერში გასამართ საკვალიფიკაციო მატჩებშიც. სანამ ნორვეგიასთან საგარეო მატჩი შედგება, მანამდე თბილისში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაა სათამაშო.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან მოპოვებული პლეი ოფიც აქვს, თუმცა, ჯერ ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპიდან შეიძლება ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა და როგორც ვთქვით, მომდევნო ორ მატჩს აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ეროვნულმა გუნდმა ივნისში იდეალური შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა, მათ შორის, ვერც კვიპროსთან მოგებულ შეხვედრაში, ხოლო შოტლანდიასთან გარკვეულწილად სკანდალურ მატჩში სანიოლის გუნდი პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. თუმცა ნაკრებს ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 წაგება აქვს. სანიოლის განკარგულებაშია ყველა, ვინც მან სექტემბრის მატჩებისთვის გუნდში გამოიძახა. შესაბამისად, ნაკრებს საკადრო პრობლემები არ აწუხებს.
მეორე მხრივ, ესპანეთის ნაკრები თბილისში აუცილებელი 3 ქულისთვის ჩამოვიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს არაფერი აქვს გარანტირებული, რადგან თუ თავიდან ნორვეგიას 3:0 აჯობა, მერე შოტლანდიასთან 0:2 წააგო და მხოლოდ 3 ქულა აქვს. აუცილებლად გასათვალისწინებელია შოტლანდიის ნაკრების 12 ქულა (4 მატჩში), რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ჯგუფიდან ერთი გამსვლელი გუნდის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეულია. რთული წარმოსადგენია, სქოთებმა ეს ჰანდიკაპი გაანიავონ. ამგვარად, მეორე ადგილისთვის მიდის ბრძოლა, კონკურენცია კი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ახლა თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ესპანეთის ნაკრებშიც არ არის საკადრო პრობლემები, დე ლა ფუენტეს მიერ შერჩეული ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, ერთადერთი გამონაკლისი ემერიკ ლაპორტია, რომლის თამაში საეჭვოა.
მეტი ამ თემაზე
ზოგადად, "ფურია როხაში" თაობათა ცვლის პროცესი მიდის, რაზეც მიანიშნებს გუნდის საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა. დებიუტანტია ბარსელონას 16 წლის ტალანტი ლამინე იამალი, რომელმაც შეიძლება ესპანეთის ნაკრების მაისური პირველად "დინამო არენაზე" მოირგოს. ესპანელთა მთავარი ლიდერი როდრია, რომელიც დიდებულ ფორმაშია და ამჟამად თავის პოზიციაზე უდავოდ გამორჩეულია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დანი ოლმოს ფაქტორი, რომელმაც ეს სეზონი იდეალურად დაიწყო. ლაიპციგის შემტევმა გერმანიის სუპერთასზე ჰეთ თრიკი შეასრულა მიუნხენის ბაიერნთან, არც ბუნდესლიგაში დაუგდია ტემპი, 3 ტურში უკვე 2 გოლი გაიტანა. გავიხსენოთ, რომ დანი ოლმომ გადაწყვიტა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის ბედი თბილისში 2021 წლის 28 მარტს, როდესაც მატჩის მიწურულს გიორგი ლორიას კარში შორი მანძილიდან გაიტანა.
საქართველო V ესპანეთი
ეს გუნდები 2012 წლამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ბოლო წლებში მათი გზები ხშირად გადაიკვეთა. თბილისში ესპანეთმა ორჯერ ითამაშა და ორივე მატჩი მოიგო, მაგრამ იოლად არცერთი. 2012 წლის 11 სექტემბერს, ესპანელებმა საქართველოს რობერტო სოლდადოს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით აჯობეს, ხოლო 2 წლის წინ, სანიოლის გუნდმა "ფურია როხას" ხვიჩას კვარაცხელიას გოლით ტაიმი მოუგო. მეორე ნახევარში ფერან ტორესმა და დანი ოლმომ (92-ე წუთზე) გამარჯვება მაინც ესპანეთს მოაპოვებინეს.
ესპანეთისთვის გაცილებით ადვილი იყო საშინაო მატჩები: 2013 წლის 15 ოქტომბერს, ალბასეტესში მასპინძლებმა ალვარო ნეგრედოს და ხუან მატას გოლებით 2:0 მოიგეს, ხოლო ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2021 წლის 5 სექტემბერს, ბადახოსში შეხვდნენ, სადაც ესპანეთმა 4:0 გაიმარჯვა (გოლები: ხოსე გაია, კარლოს სოლერი, ფერან ტორესი, პაბლო სარაბია).

დამაინც: საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება სწორედ ესპანეთს უკავშირდება. 2016 წლის 7 ივნისს, მადრიდში, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში დიდი სენსაცია მოახდინა, მოუგო რა ესპანეთს მისსავე მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილის გოლით.
ახლა ცოტა განსხვავებული ვითარებაა: ესპანეთი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად, მაგრამ უძლეველი ნამდვილად არ არის. საქართველოს ნაკრებსაც მაღალი დონის კლუბებში ფეხბურთელები მოუმრავლდა, რაც ნამდვილად აჩენს დადებით განწყობას. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ფაქტი ისაა, რომ არცერთ გუნდს ამ შეხვედრაში ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს - სასწორზე ევრო 2024-ის საგზურია.
"დიახ, ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს. მივიჩნევთ, რომ ამ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია." - ეს როდრის სიტყვებია, რომელიც თბილისში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა. როცა ესპანეთის ნაკრების ლიდერი ასეთ რამეს ამბობს, ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ, რომ ახლა უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მატჩში, როცა ესპანეთს ვეთამაშებოდით?!

საინტერესო ფაქტები
🟠 საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც ოთხი მატჩი ოფიციალური იყო (2014 და 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ოთხჯერვე ესპანელებმა მოიგეს (1:0. 2:0, 2:1, 4:0), ხოლო ერთი მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა (2016 წელს) და საქართველომ მადრიდში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.
🟠 საქართველოს ნაკრებმა 274 მატჩი ითამაშა: 87 გამარჯვება, 58 ფრე, 129 მარცხი. ბურთების შეფარდება: 321:382
🟠 საქართველოს ნაკრებს კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 13 მატჩიდან 4 მოგება აქვს (3 ფრე, 6 წაგება).
🟠 შოტლანდიასთან ბოლო შეხვედრაში (0:2) საქართველოს ოფიციალურ მატჩებში 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (8 მოგება, 2 ფრე), რაც სათავეს 2021 წლის ოქტომბრიდან იღებდა. ზოგადად, ამ პერიოდში ვილი სანიოლის გუნდმა 16 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან (11 მოგება, 3 ფრე) და შოტლანდიასთან.
🟠 ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 22 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, რითაც გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშია. თუ კვარა გოლს გაიტანს, ჯაბა კანკავას გადაასწრებს და მე-8 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა.
🟠 საქართველოს ნაკრებს შინ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 2 ფრე). ეს პოზიტიური სერია სათავეს 2021 წლის 9 ოქტომბრიდან იღებს, როდესაც ბათუმში ვილი სანიოლის გუნდს საბერძნეთმა აჯობა (0:2).
🟠 კონკრეტულად ესპანეთთან საქართველოს შინ ორჯერ უთამაშია და ორივე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო: 2012 წელს 0:1, ხოლო 2021 წლის მარტში - 1:2.
🟠 ხსენებულ მატჩში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ესპანელთაგან თავი ფერან ტორესმა და დანი ოლმომ გამოიჩინეს, რომლებიც ახლაც არიან „ფურია როხას“ რიგებში.
🟠 გიორგი მამარდაშვილი და ხოსე გაია ვალენსიაში თანაგუნდელები არიან. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ფაბიან რუისის თანაგუნდელი მცირე ხნით იყო.
🟠 ესპანეთის ნაკრებს ლუის დე ლა ფუენტეს ხელში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).
🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი 4-ჯერ ვერ გაიტანა.
🟠 საქართველოსა და ესპანეთის წინა 5 შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - საზონოვი (ან კვერკველია), კაშია, დვალი - გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, კიტეიშვილი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, პაუ ტორესი, ბალდე - გავი, როდრი, ფაბიან რუისი - ასენსიო, მორატა, დანი ოლმო.
კომენტარები