- მარლონ ვერამ UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
- ჩიტოდ აზრით, დანა უაითი მერაბ დვალიშვილსა და ალჯამეინ სტერლინგს გაყინავს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მეექვსეადგილოსანმა ჩიტო ვერამ (21-8) MMAFighting-ის პოდკასტში დივიზიონში არსებული ვითარებასა და თავის საჩემპიონო ამბიციებზე ისაუბრა. ეკვადორელმა მებრძოლმა კომენტარი ალჯამეინ სტერლინგისა (23-4) და მერაბ დვალიშვილის (16-4) შესახებაც გააკეთა.
ვერა მიმდინარე წლის მარტში კორი სანდჰეგენთან (17-4) უშანსოდ დამარცხდა, თუმცა წინა თვეში წონის რეიტინგის მე-10 ადგილზე მყოფ პედრო მუნიოსს (20-8) მოუგო და ო'მალის გაჩემპიონების შემდეგ ქამარზე ჩხუბის ამბიციები გაუჩნდა, რადგან "შუგას" კარიერაში წაგებული მხოლოდ ჩიტოსთან აქვს.
"მერაბისა და ალჯოს ამბავი ძალიან სევდიანია, რადგან მათი მეგობრობის მესმის. თუმცა, ამ ბიზნესში უკეთ უნდა იყვნენ გარკვეულები - ორივემ საკუთარი თავი და ერთმანეთი დამარხა. ახლა სტერლინგი ქვემსუბუქ წონაში უნდა წავიდეს, დვალიშვილი ყველაზე მსუბუქში, რადგან ჩვენს დივიზიონს ამუხრუჭებენ. ალჯამეინი იძახდა, ქვემსუბუქში ავალ და ალექს ვოლკანოვსკის დავამარცხებო, ბლა, ბლა, ბლა, შონ ო’მალიმაც ადვილად მოუგო. ახლა იმედგაცრუებულია და რემატჩი უნდა.
მეგობარს, რომელსაც ქამარზე უნდა ეჩხუბა, ეუბნება: "ახლა შენ მომიცადე, რადგან "შუგასთან" რემატჩი ძალიან მინდა!" ამას რა ჰქვია, თქვენ შეაფასეთ, თუმცა ის ვიცი, რომ დანა უაითი ალჯოს ო'მალისთან რემატჩს არ მისცემს და ორივეს დასჯის. დარწმუნებული ვარ, როგორც სტერლინგს, ისე დვალიშვილს, გარკვეული დროით მაცივარში შეინახავენ. ქამარზე მე და შონმა უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ეს ბრძოლა ყველას სურს - მეც, ო'მალისაც, ორგანიზაციასა და ფანებს" - თქვა ეკვადორელმა.
ჩიტო ვერამ ქამარზე ჩხუბი ორი მიზეზით შეიძლება მიიღოს: პირველი, ასე შონ ო'მალის სურს და მეორე, მისი და "შუგას" ბრძოლა კარგად გაიყიდება. სხვა მხრივ, ვერას სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია და მერაბზე რომ არაფერი ვთქვათ, საჩემპიონო მატჩს სანდჰეგენიც მასზე მეტად იმსახურებს.
კომენტარები