Thumbnail

ავსტრალიის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა მსოფლიო თასზე საქართველოსთან მატჩისთვის, რომელიც პარიზულ Stade de France-ზე შაბათს არის დაგეგმილი.

ავსტრალიელთა გუნდს გამოცდილი ნაკლებად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგანაც 23-დან 17 მორაგბე მსოფლიო თასზე პირველად იასპარეზებს, მოთამაშეთა საშუალო კეპების რაოდენობა კი მხოლოდ 19-ს უტოლდება.

საინტერესოა, რომ ჯამური კეპების რაოდენობა 343 გახლავთ, რაც მსოფლიო თასებზე ავსტრალიელთა უმდაბლესი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ: ნამიბიასთან მატჩში 'ვოლაბებს' მხოლოდ 283 კეპი უგროვდებოდათ.

ავსტრალიის ნაკრებს ვილ სკელტონი უკაპიტნებს

ედი ჯონსის გადაწყვეტილებით, ნაკრების კაპიტანი ფრანგული ლა როშელის მესამეხაზელი ვილ სკელტონი იქნება, არადა, მას აქამდე სამკლავური არასდროს მოურგია. ვიცე-კაპიტნის მოვალეობას ქუინსლენდ რედსის 9 ნომერი ტეიტ მაკდერმოტი შეასრულებს.

მწვრთნელმა უცვლელი დატოვა ფორვარდების ხაზი, რომელიც ათიოდ დღის წინ სწორედ Stade de France-ზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. სხვათა შორის, როგორც ავსტრალიელები წერენ, მომავალ თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია, არადა, ცნობილი პარიზული სტადიონი 80 ათასამდე ადამიანს იტევს.

ავსტრალიელთათვის კარგი ამბავი ისაა, რომ ხელის ტრავმა მოიშუშა გამოცდილმა შუახაზელმა სამუ ქერევიმ და ის ცენტრში ასევე საქვეყნოდ ცნობილ ჯორდან პეტაიას შეუწყვილდება. შთამბეჭდავად გამოიყურება მეტოქის ფრთებიც მარიკა კოროიბეტესა და მარკ ნავაქანიტავასეს შემადგენლობით.

ედი ჯონსმა საფრანგეთში საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა ჩაიყვანა

"ვოლაბების" რიგებში კეპების მხრივ ნიკ უაიტი (63), ხსენებული კოროიბეტე (55), ტანიელა ტუპოუ (49), ქერევი (45) და რობ ვალეტინი (35) გამოირჩევიან, ყველაზე გამოუცდელი კი ავსტრალიელთა სათადარიგო შერკინების ხაზია. მეტ ფესლერს (2), ბლეიკ შუპსა (1) და ზეინ ნონგორს (3) ჯამში მხოლოდ 6 ტესტი აქვთ ჩატარებული.

ედი ჯონსი (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): "მსოფლიო თასი განსაკუთრებული შეჯიბრია, სადაც მორაგბეებს თავის წარმოჩენის უნიკალური შანსი ეძლევათ. საფრანგეთში საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით ვართ ჩამოსულები, ამდენად, ტურნირამდე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. მსოფლიო თასის მონაწილე ოცივე ნაკრებს თავისი მიზნები აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი მოულოდნელობა გამოვრიცხოთ და საქართველოსთან კარგი სტარტი ავიღოთ".

ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებებს ერთადერთხელ უთამაშიათ. გუნდები გასულ მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ მეტოქემ 27:8 მოიგო. 9 სექტემბერს თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის C ჯგუფში უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც ითამაშებენ. 

ავსტრალია საქართველოსთან

15. ბენ დონალდსონი (3 კეპი), 14. მარკ ნავაქანიტავასე (7), 13. ჯორდან პეტაია (28), 12. სამუ ქერევი (45), 11. მარიკა კოროიბეტე (55), 10. კარტერ გორდონი (5), 9. ტეიტ მაკდერმოტი (26); 1. ანგუს ბელი (24), 2. დევიდ პორეცკი (15), 3. ტანიელა ტუპოუ (49), 4. რიჩი არნოლდი (5), 5. ვილ სკელტონი (29, კაპ.), 6. ტომ ჰუპერი (4), 7. ფრეისერ მაკრითი (13), 8. რობ ვალეტინი (35).
სათადარიგოები: 16. მეტ ფესლერი (2), 17. ბლეიკ შუპი (1), 18. ზეინ ნონგორი (3), 19. რობ ლეოტა (17), 20. ლანგი გლისონი (4), 21. ნიკ უაიტი (63), 22. ლალაკაი ფოკეტი (6), 23. სულისაი ვუნივალუ (3).

კომენტარები

ბოლო ამბები