Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებმა საბერძნეთს მოუგო
  • ლევანდოვსკიმ ფარერებთან დუბლი შეასრულა, სერბეთს უნგრელებმა აჯობეს

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები გრძელდება. სექტემბერში ჯგუფური ეტაპის ორი ტური ჩატარდება. პირველ სათამაშო დღეს საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდიას 2:0 სძლია. მასპინძელთა მხრიდან გოლები ჩუამენისა და ტურამის ანგარიშზე იყო.

ჩუამენიმ ირლანდიელებს ულამაზესი გოლი გაუტანა, ხოლო მარკუს ტურამმა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად გამოიჩინა თავი. ფრანგებს 5 ტურში 15 ქულა აქვთ, მათ 11 გოლი აქვთ გატანილი და არცერთი არ გაუშვიათ.

ნიდერლანდების ნაკრებმა ამავე ჯგუფში, საკუთარ მოედანზე, საბერძნეთს 3:0 სძლია. რონალდ კუმანის ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. დენზელ დუმფრისმა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და გოლები მარტენ დე როონს, კოდი გაკპოსა და ვუტ ვეგჰორსტს გაატანინა. ნიდერლანდებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილს საბერძნეთთან ერთად იყოფს.

რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთს ფარერებთან სამი ქულა მოუტანა. მან დუბლი შეასრულა. პოლონელებს 6 ქულა დაუგროვდათ და ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. მათ ჩეხეთი (8 ქულა) და ალბანეთი (7 ქულა) უსწრებენ, რომლებმაც ამ ტურში ფრედ 1:1 ითამაშეს.

სერბეთის ნაკრები უნგრეთთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა - 1:2. უნგრელებს 10 ქულა დაუგროვდათ და სერბებს 3 ქულით გაასწრეს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები 12 სექტემბერამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ნაკრებები ერთმანეთს უკვე ოქტომბერში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები