- 35 წლის ქართველი მებრძოლი ნოემბერში, ტურნირში UFC 295 გამოვა
- რომან დოლიძე ვეტერან ამერიკელს დერეკ ბრანსონს დაუპირისპირდება
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება. 35 წლის სპორტსმენი, რომელიც საშუალო წონის რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, ორგანიზაციის ეგიდით მორიგ შეხვედრას ამერიკელი ვეტერანის, დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
რომან დოლიძისა და დერეკ ბრანსონის დაპირისპირება 11 ნოემბერს, ნიუ იორკში, “მედისონ სქვერ გარდენში”, შოუ UFC 295-ში შედგება, რომლის მთავარი მოვლენა მძიმე წონის ამჟამინდელი ჩემპიონის ჯონ ჯონსისა და დივიზიონში ტიტულის დაცვის მხრივ რეკორდსმენი სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება იქნება.
დოლიძეს MMA-ში 14 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო და 2 დათმო. უშუალოდ UFC-ში, სადაც 2020 წლიდან გამოდის, მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და 2 წაგებაა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ამ წლის მარტში, იტალიელ მარვინ ვეტორისთან, ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილებით, წაგებულად გამოცხადდა. მანამდე ქართველ მებრძოლს მოგებათა 4-მატჩიანი სერია ჰქონდა.

რაც შეეეხება დოლიძის ოპონენტს, 39 წლის ბრანსონის ანგარიშზე MMA-ში 23 მოგება და 9 წაგებაა. ამერიკელს, რომელიც UFC-ში 2012 წლიდანაა და 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ მოუგია, ბოლო ორი ორთაბრძოლა ვადამდე ჯარედ კანონირსა და დრიკუს დუ პლესისთან აქვს წაგებული.
კომენტარები