Thumbnail

ამ თამაშს და ამ დღეს მალე ვერავინ დაივიწყებს, არადა 4 დღეში ნორვეგიასთან მატჩი გველოდება, ოსლოში...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩში ესპანეთთან 1:7 განადგურდა - ეროვნული გუნდის ისტორიაში ეს ანტირეკორდია. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა (კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა):

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...თამაშის შეფასება: „პირველ რიგში ეს მინდა ვთქვა: დარწმუნებული ვარ, მიცნობთ, ყოველთვის ვპასუხობ თქვენს კითხვებს, მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ვითარება შეიქმნა, რომ 300 შეკითხვაზე პასუხის გაცემას აზრიც არ აქვს. ბოდიშს ვუხდით ფანტასტიკურ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს მხოლოდ ისინი იმსახურებენ ქებას და მადლობას ვუხდით მას. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი გამოგვივიდა - ბურთითაც და უბურთოდაც, არც ჩვენი მიდგომა ვარგოდა, თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა."

...მომხდარის გაანალიზებაზე: "დაველაპარაკები ფეხბურთელებს. დაწვრილებით გავაანალიზებთ იმას, რაც დღეს მოხდა. კატასტროფული შედეგი იყო და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, როგორც მოთამაშებს, ასევე მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს. პატიოსნად უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან და შევჯერდეთ იმაზე, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და რა დონეზე უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ წინ ერთა ლიგის მატჩებია."

...ნორვეგიასთან მატჩზე: ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ამ დონეზე თამაშის ჩაგდება მიუღებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ მომენტში ლაპარაკს აზრი არ აქვს. ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს - სულ მალე ნორვეგიაში ურთულესი თამაში გველის. ყველა იმ შეცდომას თუ გავიმეორებთ, რაც დღეს დაგვემართა, სრული კატასტროფა იქნება. ამიტომ, ამ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ და ამიტომ არ გპასუხობთ ახლა შეკითხვებზე და მარცხისთვის ბოდიშს ვიხდით. ხვალიდან დავილაპარაკებთ მთელი გუნდი და ვიმუშავებთ იმაზე, რომ მომდევნო მატჩი ღირსეული შედეგით დავასრულოთ."

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა. სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები