Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლა როშელში გავლილი შეკრების შემდეგ პარიზში ჩავიდა და ბოლო მზადებას გადის ავსტრალიასთან მოახლოებული მატჩისთვის. ბორჯღალოსნები ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასში ხვალ, 8 სექტემბერს ჩაებმებიან და "ვოლაბების" სახით სტარტზევე ურთულესი მეტოქე ელით.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ავსტრალია გასულ მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და 2019 წლის ოქტომბერში იაპონიის ქალაქ ფუკუროიში ითამაშეს. იმ შეხვედრაში ბორჯღალოსნები მეტოქეს მაგრად დაუდგნენ და 75-ე წუთამდე ჩამორჩენა მხოლოდ 9 ქულა იყო, თუმცა, ბოლო ხუთ წუთში ავსტრალიელებმა კიდევ 2 ლელო მიითვალეს და 27:8 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გუნდების დაპირისპირების ისტორიაც მხოლოდ ამ ერთი შერკინებით შემოიფარგლება.

საინტერესოა, რომ იმ ნაკრებიდან ხვალინდელი თამაშის განაცხადში ერთბაშად 9 ქართველი მორაგბე (კვესელაძე, შარიქაძე, აფრასიძე, გორგაძე, მიქაუტაძე, გიგაშვილი, მამუკაშვილი, გოგიჩაშვილი, ლობჟანიძე) მოხვდა, ავსტრალიელთა შემადგენლობაში კი ექვს ასეთ მოთამაშეს ვხედავთ (პეტაია, ქერევი, კოროიბეტე, უაიტი, არნოლდი, ტუპოუ). ამასთან, მამუკაშვილი, მიქაუტაძე, ლობჟანიძე და შარიქაძე მსოფლიო თასზე მესამედ ითამაშებენ, მოდებაძე, გორგაძე, გოგიჩაშვილი, გიგაშვილი, აფრასიძე, აბჟანდაძე და კვესელაძე – მეორედ, დანარჩენი 12 კი დებიუტანტია.

ავსტრალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა იქნება

ბორჯღალოსნების მაისურით 101-ე თამაშს ჩაატარებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები კი ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე იქნებიან. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ტრავმის შემდეგ მესამე ხაზში ბექა გორგაძე ბრუნდება, მას კი ფლანკერები თორნიკე ჯალაღონია და ლუკა ივანიშვილი დაეხმარებიან. ღერძზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთებზე აკაკი ტაბუცაძე და მირიან მოდებაძე იდგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 8 მორკინალის კეპების ჯამი 327-ია და მათი ნახევარზე მეტი ორ მორაგბეზე მოდის (მამუკაშვილი, მიქაუტაძე). ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 291-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე გამოცდილები შარიქაძე (96 კეპი) და ლობჟანიძე (78) არიან. 268 არის მარქაფაში მყოფი მოთამაშეების კეპების ჯამი (129 შერკინება, 139 ხაზი).

საინტერესოა, რომ ავსტრალიასთან მატჩის განაცხადში მყოფი 23 მორაგბიდან ერთბაშად 10 წარმოადგენს პირველ ქართულ ფრენჩაიზ შავ ლომს, დანარჩენი 13 კი ლეგიონერია, ძირითადად, ფრანგული კლუბებიდან. მხოლოდ აბულაძე წარმოადგენს ინგლისურ პრემიერშიფს, კერძოდ კი, ექსეთერ ჩიფსს.

ლევან მაისაშვილის გუნდს ურთულესი მეტოქე ელის

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ავსტრალიის თამაში გაანალიზებული გვაქვს და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას და შანსების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ. მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკურობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ავსტრალიელთა გუნდს გამოცდილი ნაკლებად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგანაც 23-დან 17 მორაგბე მსოფლიო თასზე პირველად იასპარეზებს, მოთამაშეთა საშუალო კეპების რაოდენობა კი მხოლოდ 19-ს უტოლდება. საინტერესოა, რომ ჯამური კეპების რაოდენობა 343 გახლავთ, რაც მსოფლიო თასებზე ავსტრალიელთა უმდაბლესი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ: ნამიბიასთან მატჩში "ვოლაბებს" მხოლოდ 283 კეპი უგროვდებოდათ.

ედი ჯონსის გადაწყვეტილებით, ნაკრების კაპიტანი ფრანგული ლა როშელის მესამეხაზელი ვილ სკელტონი იქნება, არადა, მას აქამდე სამკლავური არასდროს მოურგია. ვიცე-კაპიტნის მოვალეობას ქუინსლენდ რედსის 9 ნომერი ტეიტ მაკდერმოტი შეასრულებს. მწვრთნელმა უცვლელი დატოვა ფორვარდების ხაზი, რომელიც ათიოდ დღის წინ სწორედ Stade de France-ზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. სხვათა შორის, როგორც ავსტრალიელები წერენ, მომავალ თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია, არადა, ცნობილი პარიზული სტადიონი 80 ათასამდე ადამიანს იტევს.

ავსტრალიელთა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში საქართველოსთან თამაშის წინ

ავსტრალიელთათვის კარგი ამბავი ისაა, რომ ხელის ტრავმა მოიშუშა გამოცდილმა შუახაზელმა სამუ ქერევიმ და ის ცენტრში ასევე საქვეყნოდ ცნობილ ჯორდან პეტაიას შეუწყვილდება. შთამბეჭდავად გამოიყურება მეტოქის ფრთებიც მარიკა კოროიბეტესა და მარკ ნავაქანიტავასეს შემადგენლობით.

"ვოლაბების" რიგებში კეპების მხრივ ნიკ უაიტი (63), ხსენებული კოროიბეტე (55), ტანიელა ტუპოუ (49), ქერევი (45) და რობ ვალეტინი (35) გამოირჩევიან, ყველაზე გამოუცდელი კი ავსტრალიელთა სათადარიგო შერკინების ხაზია. მეტ ფესლერს (2), ბლეიკ შუპსა (1) და ზეინ ნონგორს (3) ჯამში მხოლოდ 6 ტესტი აქვთ ჩატარებული.

ედი ჯონსი (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): "მსოფლიო თასი განსაკუთრებული შეჯიბრია, სადაც მორაგბეებს თავის წარმოჩენის უნიკალური შანსი ეძლევათ. საფრანგეთში საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით ვართ ჩამოსულები, ამდენად, ტურნირამდე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. მსოფლიო თასის მონაწილე ოცივე ნაკრებს თავისი მიზნები აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი მოულოდნელობა გამოვრიცხოთ და საქართველოსთან კარგი სტარტი ავიღოთ".

ედი ჯონსი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. 10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

ავსტრალია – საქართველო

ავსტრალია: 15. ბენ დონალდსონი, 14. მარკ ნავაქანიტავასე, 13. ჯორდან პეტაია, 12. სამუ ქერევი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. კარტერ გორდონი, 9. ტეიტ მაკდერმოტი; 1. ანგუს ბელი, 2. დევიდ პორეცკი, 3. ტანიელა ტუპოუ, 4. რიჩი არნოლდი, 5. ვილ სკელტონი (კაპ.), 6. ტომ ჰუპერი, 7. ფრეისერ მაკრითი, 8. რობ ვალეტინი.

სათადარიგოები: 16. მეტ ფესლერი, 17. ბლეიკ შუპი, 18. ზეინ ნონგორი, 19. რობ ლეოტა, 20. ლანგი გლისონი, 21. ნიკ უაიტი, 22. ლალაკაი ფოკეტი, 23. სულისაი ვუნივალუ.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები