- ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ერთად პირველად იასპარეზეს
- მათ მე-2 ადგილზე გასულ ამერიკულ დუეტს 26.85 ქულით გაუსწრეს
ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, ოქროს მედლები მოიპოვა ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა გრან პრის მორიგ ეტაპზე, რომელსაც ამ დღეებში თურქეთის ქალაქ სტამბული მასპინძლობს.
საინტერესოა, რომ მეტელკინასა და ბერულავას სადებიუტო ტურნირი ჰქონდათ, თუმცა, კონკურენტებს მაინც საგრძნობლად აჯობეს. მათ მოკლე პროგრამაში 67.92 ქულა მიიღეს, თავისუფალში კი – 113.45 და ჯამში 181.37 ქულა მოუგროვდათ.

ცნობისთვის, ქართველმა მოციგურავეებმა მე-2 ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს 26.85 ქულით გაუსწრეს, რაც ძალიან დიდი სხვაობაა, ბრინჯაოს მედლები კი კანადელ სპორტსმენებს ერგოთ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ბერულავა კარინა საფინასთან ერთად ასპარეზობდა და ამ დუეტს დიდი წარმატებები ჰქონდა.
ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების გარდა, მათ დიდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მე-4 შედეგი აჩვენეს და საქართველოს ღირსება პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზეც დაიცვეს (მე-9 ადგილი). წელს საფინამ და ბერულავამ იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზეს, სადაც მე-19 ადგილს დასჯერდნენ.
📺 მეტელკინა-ბერულავას მოკლე პროგრამა
კომენტარები