- აშშ 111:113 გერმანია
- გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ისტორიაში პირველად იბრძოლებს
- სერბეთი პირველი ფინალისტია! კანადამ ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს სენსაციური ფინალი ექნება. ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა უმთავრეს ფავორიტად შერაცხული აშშ-ს ნაკრები, რომელმაც ნახევარფინალში გერმანიასთან 111:113 წააგო. შედეგად, საჩემპიონო თამაში სრულად ევროპული იქნება: სერბეთი გერმანიის წინააღმდეგ.
გორდონ ჰერბერტის გუნდმა, რომელსაც მსოფლიოს პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოც გადაეყარა და 73:100 წააგო, ამერიკელთა წინააღმდეგ საოცრად ითამაშა. გერმანიამ მოწინააღმდეგეს არცერთ კომპონენტში არაფერი დაუთმო და წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით მიაღწია, რაც სტატისტიკაშიც აისახა.
გერმანიის ნაკრების რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი, სრულიად მოულოდნელად ანდრეას ობსტი გახდა 24 ქულითა და 6 პასით. ფრანც ვაგნერმა 22 ქულა მოაგროვა, დანიელ თაისმა – 21, ხოლო დენის შრიოდერმა 17 ქულას 9 პასი წაამატა.

ამერიკელთა მხრიდან ენტონი ედვარდსი გამოირჩა 23 ქულითა და 8 პასით, ოსტინ რივსმა 21 ქულა მიითვალა, მიკალ ბრიჯესმა – 17, ხოლო ჯეილენ ბრანსონმა – 15. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა თამაშიდან 58%-იანი სიზუსტით ესროლეს და ესეც მეტყველებს რაოდენ მაღალი დონის მატჩი იყო, ალბათ, მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო.
როგორც აღვიშნეთ, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანია სერბეთს ეთამაშება. ეს შეხვედრა 10 სექტემბერს თბილისის დროით 16:40 საათიდან დაიწყება, მანამდე კი (12:30) აშშ და კანადა ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მე-2 მსოფლიოს პირველობაა, როდესაც ამერიკელები ფინალის მიღმა რჩებიან.
ცნობისთვის, სერბეთი ერთხელ უკვე ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, თუმცა, 2014 წელს აშშ-სთან უიმედოდ წააგო – 92:129. აი, გერმანიის ნაკრები კი ოქროს მედლებისთვის ისტორიაში პირველად იბრძოლებს. აქამდე, გერმანელების ყველაზე დიდი წარმატება 2002 წელს აღებული მე-3 ადგილი გახლდათ.
კომენტარები