Thumbnail

ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ: პირველივე წუთებში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი დღე არ ექნებოდა. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს თამაში მალევე გადაიქცა ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საშინელებად. 0:4 პირველ ტაიმში - ასეთ კოშმარს ალბათ არავინ ელოდა.

ვილი სანიოლმა, მოულოდნელად, ტაქტიკური სქემა შეცვალა და ამჯერად 4-მცველით თამაში ამჯობინა - ცენტრში გურამ კაშია და საბა კვერკველია, ხოლო ფლანგებზე კი - მარჯვნივ გიორგი გოჩოლეიშვილი, მარცხნივ კი ირაკლი აზაროვი ვიხილეთ. ეს ალბათ მოულოდნელი იყო ესპანეთის ნაკრებისთვისაც, რადგან სანიოლი ნაკრებს უმეტესად 3 ცენტრალური მცველით ათამაშებს ხოლმე. მცველების წინ, საყრდენ ზონაში გიორგი აბურჯანია და ლუკა გაგნიძე მოქმედებდნენ, შემტევ ნახევარმცველებად საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო ფორვარდის პოზიციაზე - გიორგი მიქაუტაძე.

ლუის დე ლა ფუენტეს არჩევანში სიურპრიზები არ ყოფილა. ესპანეთმა 4-3-3 აირჩია. ძირითადში იყო ემერიკ ლაპორტი, რომლის თამაში თავიდან თითქოს საეჭვო იყო. „ფურია როხას“ წინა ხაზზე მარკო ასენსიო, ალვარო მორატა და დანი ოლმო თამაშობდნენ.

თამაში ესპანეთის დიდი უპირატესობით დაიწყო. საქართველოს ნაკრების კართან პირველივე წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ასენსიოს ახლო მანძილიდან დარტყმულს გიორგი მამარდაშვილი გაუმკლავდა. მაველე, ასენსიოს მეორე შანსი მიეცა, თუმცა, ამჯერად არაზუსტად დაარტყა.

სტუმართა უპირატესობას ლოგიკური გოლი 22-ე წუთზე მოჰყვა: ასენსიომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მორატამ გოჩოლეიშვილს საჰაერო დუელი მოუგო და ანგარიში გახსნა. 6 წუთში ესპანელთა მორიგი ფლანგური შეტევა დასრულდა გოლით: კვერკველიამ პასის ჩაჭრა სცადა, მაგრამ ავტოგოლი გამოუვიდა - 0:2. ამ გოლმა საქართველოს ნაკრები მოშალა - ერთ წუთში ესპანეთმა მესამეც გაიტანა, ისევ დაცვის უსუსური თამაში, მაგრამ ფაბიან რუისი ძალიან მცირე თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. რუისს მალევე მაგარი მომენტი ჰქონდა და მამარდაშვილმა აჯობა. თუმცა, ესპანეთის მესამე გოლს არ დაუგვიანია, რადგან 38-ე წუთზე დაცვაში მორიგი კატასტროფული მოქმედება ვიხილეთ და დანი ოლმომ სხვაობა გაზარდა. ორ წუთში კვერკველიამ დაკარგა ბურთი საჯარიმოსთან, დანი ოლმომ მორატას ცარიელ კარში გაატანინა - 0:4.

შესვენებაზე წვიმა გაძლიერდა და მთელი მეორე ტაიმი თავსხმა იყო. შეცვლაზე შესული გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ეროვნული გუნდის ერთადერთი ბედნიერი მომენტი იყო, მაგრამ რეალურად, არც ამ გოლს შეუცვლია იმის განცდა, რომ ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კოშმარს ვუყურებდით. მალევე ესპანელებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს, მორატამ კი ჰეთთრიკი გაიფორმა. თავი გამოიჩინეს ნიკო უილიამსმა და ლამინე იამალმაც. ეს უკანასკნელი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და შესაბამისად, გოლის ავტორიც გახდა... ესპანელებს მერეც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ მამარდაშვილმა მოიგერია რამდენიმე დარტყმა.

ფაქტია: ამ თამაშს და ამ დღეს მალე ვერავინ დაივიწყებს, არადა 4 დღეში ნორვეგიასთან მატჩი გველოდება, ოსლოში...

საინტერესო ფაქტები

🟠 საბა კვერკველია პირველი ფეხბურთელი გახდა 2021 წლის შემდეგ, რომელმაც ესპანეთის სასარგებლოდ ავტოგოლი გაიტანა. მანამდე ეს ევრო 2020-ზე შვეიცარიელმა დენის ზაკარიამ გააკეთა.

🟠 ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში 4 გოლი 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა (მაშინ რუმინეთთან ასევე 4).

🟠 ალვარო მორატამ ესპანეთის ნაკრებში ჰეთ თრიკი პირველად შეასრულა (65-ე მატჩში).

🟠 16 წლისა და 57 დღის ასაკში ლამინე იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ითამაშა. მან გავის შედეგი გააუმჯობესა (17 წლის და 62 დღის).

🟠 იამალი ამავდროულად გახდა ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში გოლი გაიტანა.

🟠 საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. აქამდე ანტირეკორდი იყო რუმინეთთან 0:5 (1996 წელს) და დანიასთან 1:6 (2005 წელს). ცხადია, ნაკრებმა საკუთარ მოედანზეც ყველაზე კოშმარული მარცხი განიცადა.

საქართველო 1:7 ესპანეთი

გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვერკველია (28-ავტოგოლი), 0:3 დანი ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (69), 1:7 იამალი (74)

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი (77. საზონოვი), კვერკველია, კაშია, აზაროვი (61. დვალი) - გაგნიძე (46. მექვაბიშვილი), აბურჯანია (46. ჩაკვეტაძე), კიტეიშვილი - ლობჟანიძე (46. დავითაშვილი), მიქაუტაძე, კვარაცხელია.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია - გავი (58. მერინო), როდრი (72. სუბიმენდი), ფაბიან რუისი - ასენსიო (44. ნიკო უილიამსი), მორატა (72. ხოსელუ), ოლმო  (44. იამალი).

კომენტარები

ბოლო ამბები