Thumbnail

ძიუდო | ტერაშვილის ოქრო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ტერაშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 მეტოქე დაამარცხა
  • ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა ლუკა ბაბუციძემ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს: გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.) ჩემპიონობა იზეიმა, ლუკა ბაბუციძე (81 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტერაშვილმა, რომელსაც უკვე დიდების ტურნირებზეც ხშირად ვხედავთ, დილის სესიაში ჩრდილომაკედონიელი, ბელგიელი, ბულგარელი და ბრიტანელი ძიუდოისტები დაამარცხა, ფინალში კი ვაზარით აჯობა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძეს.

გიორგი ტერაშვილმა ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძეს სძლია

რაც შეეხება ბაბუციძეს, მან გზიდან ლიეტუველი და კვიპროსელი მეტოქეები ჩამოიცილა, მეოთხედფინალში უკრაინელ ძიუდოისტთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი, 2 გამარჯვება იზეიმა ისრაელისა და უკრაინის ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თენგო ზირაქაშვილი (66 კგ.) ავიდა, ამდენად, ქართული დელეგაციის მონაგარი უკვე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია და ეს ვაჟთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

ლუკა ბაბუციძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ხვალ ტატამიზე მიხეილ ჯაფარიძეს, ერეკლე ბაზიერიშვილს (ორივე – 100 კგ.), შალვა გურეშიძეს, უჩა ტაბატაძესა (ორივე +100 კგ.) და ნინო პაპიძეს (+78 კგ.) ვიხილავთ, 10 სექტემბერს კი გუნდური შეჯიბრის დრო დადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები