Thumbnail
  • საფრანგეთი 27:13 ახალი ზელანდია
  • მსოფლიო თასის მასპინძელმა 'ოლ ბლექსს' მე-2 ტაიმში აჯობა

2023 წლის მსოფლიო თასი სუპერმატჩით გაიხსნა. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები სრულიად ტურნირის ფავორიტთა შორის მოიაზრებიან, ამდენად, მათგან ყველა საოცარ სანახაობას ელოდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ გრანდების თამაშის სანახავად პარიზულ Stade de France-ზე 80 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მსოფლიოს პირველობის სასტარტო შეხვედრას წინ გახსნის ცერემონიალი უძღოდა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი და მასშტაბური გამოდგა. მის ბოლოს გულშემატკივრებს მსოფლიო რაგბისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, შესაბამისად, ბილ ბომონტმა და ემანულე მაკრონმა მიმართეს და ტურნირი გახსნილად გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსმა" უშუალოდ თამაშის წინ დიდი დანაკლისი განიცადა: ტრავმა მიიღო ახალზელანდიელთა კაპიტანმა სემ ქეინმა. შესაბამისად, ის განაცხადს მიღმა დარჩა (დალტონ პაპალი’იმ შეცვალა), სამკლავური კი არდი სავეამ მოირგო.

პირველ ტაიმში უფრო საინტერესოდ ახალი ზელანდიის ნაკრები გამოიყურებოდა. "შავებმა" მასპინძელთა დაცვის ხაზი რამდენჯერმე გაჭრეს და ლელოც სრულიად დაიმსახურეს. უკვე მე-2 წუთზე "ოლ ბლექსი" ხეირზე თამაშობდა, როდესაც ბიოდენ ბარეტმა დიდებული პასი გადაუკიდა მარცხენა ფლანგზე მარკ ტელეას და ამ უკანასკნელს ბურთის დამიწება არ გასჭირვებია.

ამის შემდეგ, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, გუნდებს მხოლოდ ჯარიმები გაჰქონდათ. ტომა რამოსმა 9 ქულა აკრიფა, რასაც რიჩი მო’უნგამ ერთი ზუსტი გარდასახვით უპასუხა და "სამფეროვნები" შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ – 9:8.

მე-2 ტაიმის სტარტი პირველის მსგავსი აღმოჩნდა. ბარეტმა და ტელეამ დამუშავებული კომბინაცია კიდევ ერთხელ გაიმეორეს და ახალზელანდიელია გარემარბმა დუბლი შეასრულა. რიჩი მოუნგას გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა, თუმცა, ეს "დანაშაული" სრულად გამოისყიდა მაშინ, როდესაც ფრთაზე გაჭრილ დამიან პენოს ბოლომდე სდია და ლელო არ დაადებინა.

სხვა საქმეა, რომ მალევე პენომ თავისი საქმე მაინც გააკეთა, როდესაც მეტიუ ჟალიბერმა დიდებულად იფინტავა და ფრთის მოთამაშეს ისეთი პასი მისცა, მას ბურთის დამიწების მეტი აღარაფერი დარჩენოდა. რამოსმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახვაც შეაგდო და საფრანგეთი 16:13 დაწინაურდა.

მასვე მალევე ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა, შემდეგ 3 ქულა მაინც აიღო და საფრანგეთი 19:13 დააწინაურა. ამ პერიოდში მასპინძელთა უპირატესობა იყო გამოკვეთილი, რასაც ხელი "ოლ ბლექსის" რიგებში სინბინმაც შეუწყო. მეტოქის ჰაერში შებოჭვისთვის ყვითელი ბარათი ვილ ჯორდანმა მიიღო.

ახალზელანდიელთა თამაშში წუნი მრავლად იყო, რაც დისციპლინაზეც აისახებოდა. შედეგად, მორიგი ჯარიმა და როდესაც რამოსმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ტაბლოზე 22:13 დაფიქსირდა. ეს ნიშნავდა, რომ "ოლ ბლექსს" თამაშის გადასარჩენად უკვე გარდასახული ლელო არ ჰყოფნიდა, ეს კი, ვითარებას ძალიან ართულებდა.

სხვა საქმეა, რომ ახალი ზელანდია მატჩის გადარჩენასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. მეტიც, თამაშის ბოლო შედეგიანი შეტევა ისევ ფრანგების იყო. გადაკიდებულ ბურთზე ყველას შეცვლაზე შესულმა მელვინ ჟამინემ დაასწრო და მასპინძლების კიდევ ერთი ლელო მიითვალა. მალევე მატჩისთვის განკუთვნილი 80 წუთი მიილია და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 27:13.

ამგვარად, საფრანგეთის ნაკრებმა A ჯგუფში 4 ქულა მიითვალა, ახალმა ზელანდიამ კი ბონუს-ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

დღეს, მსოფლიო თასზე გაცილებით დატვირთული განრიგი გვაქვს, რადგანაც ერთბაშად 4 მატჩი გაიმართება. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ავსტრალია-საქართველოს დაპირისპირებაა 20:00 საათიდან, ამის გარდა კი, იტალია-ნამიბია (15:00), ირლანდია-რუმინეთი (17:30) და ინგლისი-არგენტინა (23:00) ითამაშებენ.

საფრანგეთი 27:13 ახალი ზელანდია

საფრანგეთი: ლელოები – პენო (55), ჟამინე (78), გარდასახვა – რამოსი (57), საჯარიმოები – რამოსი (5, 20, 29, 65, 74).
ახალი ზელანდია: ლელოები – ტელეა (2, 43), საჯარიმო – (25).

კომენტარები

ბოლო ამბები