Thumbnail
  • ალვარო მორატასთვის საქართველოსთან 7:1 ისტორიული თამაში გახდა
  • ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა პირველი სანაკრებო ჰეთთრიკი შეასრულა
  • მატჩის შემდეგ მან საინტერესო კომენტარები გააკეთა

ალვარო მორატას ეს თამაში არასდროს დაავიწყდება.

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა თბილისში თავისი პირველი სანაკრებო ჰეთთრიკი შეასრულა, მთელ კარიერაში კი მეორედ გაიტანა ერთ მატჩში 3 გოლი. “ფურია როხას” ფორმით მას უკვე 33 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა. მატჩის შემდეგ მან თქვა, რომ “ძალიან ამაყობს იმით, რაც თბილისში მოახერხა.”

მორატა მიუახლოვდა დავიდ სილვას, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 35 გოლი აქვს და ფერნანდო ტორესსაც (38). მათ წინ “ფურია როხას” ყველა დროის ბომბარდირებში რაულ გონსალესი (44) და რეკორდსმენი დავიდ ვილია (59) არიან.

“იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს. ფაბიან რუისს ვახშამზე დავპატიჟებ, რადგან შეეძლო, რომ თვითონ დაერტყა, მაგრამ მე გამატანინა. მერინომაც ფანტასტიკური პასი მომცა. აღარაფერს ვამბობ ასენსიოზე,” - უთხრა საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელთა კაპიტანმა ჟურნალისტებს.

'საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, ამ სტადიონზე ბევრი გაუმწარებიათ'

მისი აზრით, თბილისში მოპოვებული ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო: “აუცილებლად უნდა მოგვეგო. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, ამ სტადიონზე ბევრი გაუმწარებიათ და კარგად თამაში შეუძლიათ. ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა. თბილისში რამდენიმე წლის წინ მოგება ძალიან გაგვიჭირდა, ბოლო წუთზე მოვიგეთ დანი ოლმოს გოლით. ყოველთვის ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ. კვიპროსთანაც ასე იქნება. ესპანეთს წარმოვადგენთ და ნაკრების ფორმის ჩაცმა ყოველთვის განსაკუთრებული ამბავია.” - დასძინა მორატამ.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარი გააკეთა მარტინ სუბიმენდიმაც: “ამოცანა ცხადი და გასაგები იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოლები გავიტანეთ და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, გაზიდან ფეხი არ აგვიღია. მეორე ტაიმში უფრო მშვიდად ვითამაშეთ და მაინც შევძელით, რომ კიდევ რამდენიმე გოლი გაგვეტანა. ეს შედეგი ისტორიას დარჩება, მაგრამ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ესპანეთი ვართ და მიზანი მხოლოდ პირველი ადგილი უნდა იყოს.”

3 მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პირველზე კი შოტლანდიის ნაკრებია, რომელსაც 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ხუთივე მოიგო. საქართველოს ნაკრები 4 ქულით მე-4 ადგილზეა. 4 ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებსაც (ბურთების უკეთესი შეფარდება), რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი 12 სექტემბერს სტუმრად ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები