Thumbnail

ნეიმარმა პელეს აჯობა - ბრაზილიის ნაკრებს ახალი რეკორდსმენი ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 31 წლის ფორვარდმა ბრაზილია-ბოლივიის მატჩში დუბლი შეასრულა
  • ნეიმარი 79 გოლით სელესაოს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ნეიმარმა პელეს რეკორდი გააუმჯობესა. ალ ჰილალის 31 წლის თავდამსხმელმა ბრაზილიის ნაკრების მაისურით მორიგი დუბლი მიითვალა და ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით, "ფეხბურთის მეფის" მიღწევა გააუმჯობესა.

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო - პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბოლივიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ნეიმარმა ამ მატჩში გოლები 61-ე და 90+3 წუთებზე გაიტანა. სანტოსის, ბარსელონასა და პსჟ-ის ყოფილ ვარსკვლავს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მე-17 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. 

ფეხბურთის მეფე 2022 წლის მიწურულს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 

ბოლოვიასთან შესრულებული დუბლის წყალობით, ნეიმარის ანგარიშზე ამ დროისთვის ბრაზილიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 125 მატჩში გატანილი 79 გოლია, რაც "სელესაოს" ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი პელეს ეკუთვნოდა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში 1957-1971 წლებში გამოდიოდა, მასთან ერთად სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 92 თამაშში 77 გოლი შეაგდო. 

ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში ასევე შედგიან: რონალდო (62 გოლი), რომარიო (55) და ზიკო (48).

მატჩის შემდეგ ნეიმარმა CBF-ისგან სპეციალური სიგელი მიიღო

"ბედნიერი ვარ და სიტყვები არ მყოფნის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და პელეს რეკორდს დავამხობდი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, ყოველთვის მსურდა, ჩემი სახელი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში შემეტანა და დღეს ეს შევძელი", - თქვა მატჩის შემდეგ ნეიმარმა.

ნეიმარს თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი რამდენიმე დღეში ექნება. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს მომდევნო მატჩის ჩატარება უკვე 13 სექტემბერს მოუწევთ, როდესაც მუნდიალის შესარჩევი ციკლის მე-2 ტურში სტუმრად პერუს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები