Thumbnail

საქართველოს ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით განადგურებას ესპანური მედია ეხმაურება და ყურადღებას ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილზე ამახვილებს, რომელსაც ერთ მატჩში 7 გოლი კარიერაში პირველად გაუტანეს. 

ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში "დინამო არენაზე" ესპანეთი მიიღო და ანგარიშით 1:7 დამარცხდა, რაც საქართველოს ისტორიაში ანტირეკორდია. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 

MARCA თავის სტატიაში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერი ამ წარუმატებლობის დაძლევასაც მოახერხებს და ზრდას გააგრძელებს.

გიორგის ხელთათმანები ესპანეთთან მატჩის წინ

"სპორტსმენს დარტყმა აძლიერებს, მამარდაშვილმა კი ეს 22 წლის ასაკში ძლიერად იწვნია. ესპანეთთან 1:7 ისეთი ანგარიშია, რომელიც დიდხანს ემახსოვრება… და დაეხმარება ზრდაში. 

ამ სიმწარეს გიორგი კიდევ დიდხანს იმიტომაც ვერ დაივიწყებს, რომ მის პროფესიონალურ კარიერაში მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა - ყველაზე მეტი, ერთ მატჩში გაშვებული 4 გოლი ყოფილა. ასეთი რამ კი სულ ხუთჯერ დაემართა: რუსთავის, თბილისის ლოკომოტივისა და ვალენსიას შემადგენლობაში. ამ უკანასკნელის მაისურით მამარდაშვილს 4 გოლი მხოლოდ ერთხელ გაუტანეს - 2021/22 წლების სეზონში, ბარსელონამ (4:1). 

მამარდაშვილმა 7 გოლი ერთ მატჩში კარიერაში პირველად გაუშვა

აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ესპანეთისგან მიღებული შვიდივე გოლის შემთხვევაში, მამარდაშვილი უძლური იყო, რაიმე დაეპირისპირებინა მეტოქე თავდამსხმელებისთვის. მატჩის განმავლობაში მას კიდევ 6-ჯერ მოუხდა კარის გადარჩენაზე ზრუნვა და რომ არა ის, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. 

ქართველ მეკარეს ორიოდე კვირაში 23 წელი შეუსრულდება, თუმცა ვინც მას იცნობს, იცის, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგის წარმატებით შეუძლია ასეთ ექსტრემალური სიტუაციებთან გამკლავება. მამარდაშვილს ადრეც გადაულახავს მსგავსი მომენტები და ახალგაზრდული ასაკისთვის უჩვეულო ხასიათის სიმტკიცე უჩვენებია ისეთ რთულ და დაძაბულ სამყაროში, როგორიც ფეხბურთია.

ვალენსიას ქართველ მეკარეს ზაფხულში რეალსაც უკავშირებდნენ

მაგალითად, მეკარისთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო ბეტისთან 2021/22 წლების სეზონში, ესპანეთის თასის ფინალი. მაშინ 21 წლისა აღმოჩნდა პენალტების გადამწყვეტი სერიის პირისპირ. გიორგიმ ხუთი დარტყმიდან ვერცერთი მოიგერია და შეიქმნა წარმოდგენა, რომ თითქოს ის არ იყო მეკარე, ვისი იმედიც 11-მეტრიანის დროს შეიძლება გქონდეს. მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ მამარდაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგერია პენალტი და ეს სწორედ საქართველო-ესპანეთის მატჩამდე ერთი კვირით ადრე, ალავესთან შეხვედრაში მოახერხა.

მეკარეს კარიერაში კიდევ ერთი დელიკატური მომენტი გასულ ზაფხულს ჰქონდა, როდესაც ვალენსიიდან მისი წასვლა გარდაუვალი ჩანდა. მაისში გიორგი კლუბიდან ნაკრებში იმ იმედით გაემგზავრა, რომ ვალენსიაში დაბრუნება აღარც მოუწევდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ისევ უკან დაუბრუნება მოუხდა".

ესპანეთში დარწმუნებულები არიან, რომ მამარდაშვილი ამ სტრესსაც დაძლევს

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლის ზაფხულიდან გამოდის. კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში მეკარემ 74 გოლი გაუშვა, 19 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ საქართველო ეროვნულ ნაკრებში მე-10 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები