- საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
- ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მესამე ოქრო საქართველოს მძიმე წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძემ მოუტანა, რომელმაც კონტინენტის ახალგაზრდული პირველობა ზედიზედ მეორე წელს მოიგო.
20 წლის შალვა გურეშიძემ ჰააგაში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ფინალამდე გზიდან ბერძენი, ესტონელი და თურქი მეტოქეები მარტივად ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი კვიპროსელი გიანის ანტონიოუ ვაზარზე ორჯერ დააგდო.

ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე ასევე გავიდნენ მიხეილ ჯაფარიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე -100 კგ.), უჩა ტაბატაძე (+100 კგ.) და ნინო პაპიძეს (+78 კგ.). მათგან მედლის მოპოვებასთან ახლოს მხოლოდ მიხეილ ჯაფარიძე იყო, რომელიც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუმინელ ბოგდან პეტრესთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში საქართველოს ნაკრებიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ.) და გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ.) შეძლეს, ბრინჯაოს კი ლუკა ბაბუციძე (-81 კგ.) დაეუფლა. 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ნაკრებმა ჰააგაში საერთო ჩათვლაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა იტალიელთა შემდეგ (5 ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო), ხოლო მხოლოდ ვაჟებში - პირველი.
10 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდურ შეჯიბრში გაიმართება.
კომენტარები