Thumbnail

"ბორჯღალოსნები" წინა, 2019 წლის მსოფლიოს თასზე უკანასკნელ მატჩი ავსტრალიას ეთამაშნენ და ახალი მსოფლიოს თასიც ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყეს. ოთხი წლის წინათ, იაპონიაში საქართველოს ნაკრები "ვოლაბებთან" 8:27 დამარცხდა. დღეს ავსტრალიას მხოლოდ პირველ ტაიმში უკვე ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 21 ქულა მოგროვილი. საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა, მეტოქემ ბონუს-ქულაც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატჩისგან ის მიიღო, რაც სურდა.

''ბონუს-ქულა მოვიპოვეთ. ზუსტად ის მივიღეთ ამ მატჩისგან, რაც გვსურდა. საქართველოსთან დაპირისპირება რამდენჯერმე მომიწია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათი შერკინება დომინანტი არ იყო. მადლობას ვუხდი შერკინების მწვრთნელს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის. კვირიდან კვირამდე უკეთესები უნდა გავხდეთ. მეორე ტაიმი საუკეთესო არ გვქონდა, მაგრამ მატჩი მოვიგეთ და მეტოქეს ბევრი ქულის დაგროვების საშუალება არ მივეცით'', - განაცხადა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიოს თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში მიმდინარეობს, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში თამაშობენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. 10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები