Thumbnail

"ბორჯღალოსნები" წინა, 2019 წლის მსოფლიოს თასზე უკანასკნელ მატჩი ავსტრალიას ეთამაშნენ და ახალი მსოფლიოს თასიც ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყეს. ოთხი წლის წინათ, იაპონიაში საქართველოს ნაკრები "ვოლაბებთან" 8:27 დამარცხდა. დღეს ავსტრალიას მხოლოდ პირველ ტაიმში უკვე ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 21 ქულა მოგროვილი. საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა, მეტოქემ ბონუს-ქულაც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარცხის მიზეზებზე საქართველოს რაგბის კავშირთან შალვა მამუკაშვილმა, გურამ პაპიძემ და თედო აბჟანდაძემ ისაუბრეს.

შალვა მამუკაშვილი: პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ, დისციპლინაში მოვიკოჭლეთ, ავსტრალიას ბევრი შანსი მივეცით და ბურთი არ გვქონდა. როცა ბურთი არ გაქვს, ტიერ ერთის გუნდთან 40 წუთი დაცვაში ვერ გაძლებ. გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. კარგი ის არის, რომ მატჩის მობრუნების შანსი იყო მეორე ტაიმში. ორი კვირა გვაქვს პორტუგალიასთან მატჩამდე. მჯერა, რომ ჯერ ჩვენი სახე ბოლომდე არ გვიჩვენებია.

გურამ პაპიძე: ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო დაცვასა და შეტევაში, მაგრამ ბევრი რამ დაგვაკლდა მაინც. ვერ მივიყვანეთ რამდენიმე მომენტი ბოლომდე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს შედეგი, პორტუგალიასთან დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, რადგანაც ისინი ჩვენთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

თედო აბჟანდაძე: თამაშის მარცხის მიზეზი პირველი ტაიმი იყო. ძალიან გაიჭრნენ წინ და თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა. შეცდომებზე ვსწავლობთ, პორტუგალიასთან ორ კვირაში ვთამაშობთ და გვინდა, რომ დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიოს თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში მიმდინარეობს, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში თამაშობენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. 10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები