- 📅 12 სექტემბერი | 🏟 ულევაალი | ⌚ 22:45 | ⚽ ნორვეგია V საქართველო
- დაბანოვიჩის მსაჯობით საქართველს ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებს და დინამოს არ წაუგიათ
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მე-5 მატჩს ოსლოში, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ესპანეთთან უმძიმესი მარცხის შემდეგ ნაკრები ნორვეგიაში დღეს გაემგზავრა, სადაც 12 სექტემბერს, "ულევაალის" სტადიონზე ითამაშებს (თბილისის დროით 22:45 საათზე).
უეფას გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრას მონტენეგროელი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი 41 წლის ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას მილოშ ბოშკოვიჩი შეასრულებს, VAR-ზე კი სლოვენიელი არბიტრები, ნეიც კაიტაზოვიჩი და რადე ობრენოვიჩი იმუშავებენ.
რაც შეეხება დაბანოვიჩს; 2022 წლის 29 მარტს, მან ტირანაში იმსაჯა ალბანეთისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი (0:0). მაშინ მონტენეგროელმა 5 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს, მათ შორის, ქართველებიდან გიორგი მამარდაშვილს, საბა კვერკველიას და გრიგოლ ჩაბრაძეს. დაბანოვიჩს ნამსაჯი აქვს 2011 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მატჩიც ბულგარელთა წინააღმდეგ, რომელიც 3:2 მოვიგეთ ჭიაბერ ჭეჭელაშვილის, ნიკა ახვლედიანისა და გიორგი პაპუნაშვილის გოლებით. იმ მატჩში ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ და ლაშა დვალმა, რომლებიც მოედანზე შეიძლება ოსლოშიც იყვნენ. ამ მატჩიდან ორ დღეში ის ასევე 17-წლამდელებში, საქართველო-მოლდოვაზე (2:1) მე-4 მსაჯი იყო.
დაბანოვიჩს განსჯილი აქვს დინამო თბილისის მატჩიც: ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2011 წლის 30 ივნისს თბილისში, როდესაც დინამომ მილსამი 2:0 დაამარცხა ნიკა კვეკვესკირისა და ირაკლი ლექვთაძის გოლებით. ამ მატჩში ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებშია. მონტენეგროელმა სანაკრებო დონეზე ბოლოს 28 მარტს, შვეიცარია-ისრაელის თამაშზე იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.
კომენტარები