- ალექს ვოლკანოვსკის ილია თოფურიასთან ჩხუბი ძალიან უნდა
- ავსტრალიელი ჩემპიონი ამ ბრძოლას მომავალ წელს ელოდება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ (26-2) ავსტრალიურ მედიასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უდიდესი ალბათობით ილია თოფურიას (14-0) მომავალი წლის დასაწყისში შეხვდება.
“ვოლკი” ორგანიზაციაში 2016 წელს მივიდა და მას შემდეგ სუპერმსუბუქ დივიზიონში დაუმარცხებელია. ავსტრალიელმა ქამარი ხუთჯერ დაიცვა და მაქს ჰოლოუეი (25-7) სამჯერ დაამარცხა.
…მომავალზე: "ისლამთან რემატჩი, ცხადია ძალიან მინდა, მაგრამ მახაჩევი მალე ჩარლზ ოლივეირას ხვდება, მე კი დროის დაკარგვა არ მსურს. ამიტომ, ვფიქრობ მომავალ მატჩში ილია თოფურიას შევხვდები და ეს ბრძოლა 2024 წლის დასაწყისში გაიმართება. ჩხუბი მიმდინარე წლის ბოლოს მინდოდა, მაგრამ ქარდებზე თავისუფალი ადგილი აღარ არის. ილია მაგარი ბიჭია, გამძლე, მაგრამ ვაჩვენებ, რომ მე სულ სხვა დონეზე ვარ. ზოგადად, თოფურია კარგი მებრძოლია, მის არსენალში ბევრი იარაღია და უამრავ რამეს აკეთებს მაღალ დონეზე, ტექნიკურია, ძლიერი მარჯვენა აქვს, თუმცა ვთვლი, რომ ჩემნაირი მეტოქის წინააღმდეგ უფრო მეტი რამ გჭირდება. მასთან ბრძოლაში ვაჩვენებ, თუ რამდენად წინ ვარ."

…ილიასთან Face Off-ზე: "იაირთან მატჩის შემდეგ ერთმანეთის წინ დავდექით და თვალებში ჩავხედე. ვუთხარი კიდეც, მეგონა უფრო მაღალი იყავი მეთქი. ზოგადად, მაღალ მებრძოლებს ჩემი დაჭერა უჭირთ და ეს ადვილი არც ილიასთან იქნება. რომ არ მოგატყუოთ, მოუთმენლად ველი თოფურიასთან ჩხუბს, მართლა აღფრთოვანებული ვარ ამ მატჩით. ის არ გაჩუმდება, რადგან ლაპარაკი უყვარს, იმედია ხალხს ეს მოეწონება, რამდენიმე ფინიშიც ჰქონდა და ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო გამოვა ჩვენი ბრძოლის ნახვა. ამიტომ ვაცადოთ ლაპარაკი, შექმნას ინტერესი და მე სახეში მუშტებს ვუთავაზებ."
…ქართველთან ბრძოლის სურვილზე: "ჩვენს დივიზიონში ბევრი ტალანტია, მაგრამ სატიტულო ჩხუბთან ისე ახლოს არავინ არის, როგორც ილიაა, თან მასთან ბრძოლა მინდა. შესაძლოა, არიან სხვა მებრძოლები, რომლებმაც ქამარზე მატჩის მისაღებად თოფურიაზე მეტი გააკეთეს, მაგრამ მასზე წინ არავინ დგას. “მატადორი” დაუმარცხებელია, ლაპარაკი უყვარს, ესპანეთსა და ევროპაში ბევრი ფოლოუერი ჰყავს, ხალხს ეს ბრძოლა აინტერესებს და მათ შორის ვარ მეც, ერთი სული მაქვს იმ 0-ს როდის წავართმევ. მაქს ჰოლოუეი დიდებული მებრძოლია, ბუნებრივია, ქამარზე ჩხუბს იმსახურებს, მაგრამ უკვე სამჯერ მოვუგე და არა მგონია, მეოთხე დაპირისპირება ვინმეს აინტერესებდეს."
ილია თოფურიამ UFC-ში 6 მატჩი გამართა და ყველა მოიგო, მათ შორის 4 ფინიშით. ქართველ მებრძოლს ტიტულზე ჩხუბი სურს და რადგანაც ეს ბრძოლა ჩემპიონსაც აინტერესებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაპირისპირების თარიღიც გვეცოდინება. ბოლო მატჩში “მატადორმა” ჯოშ ემეტი (18-4) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები