- უელსი 32:26 ფიჯი
- კუნძულელებს ბოლოს საოცარი ქამბექის შესრულება შეეძლოთ
- ორი ლელო ავსტრალიასთან - ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასი მარცხით დაიწყეს
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. უელსის ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 32:26 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამ ჯგუფის პირველი დაპირისპირება შედგა, რომელშიც ავსტრალიამ საქართველოს 35:15 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის დაწყებამდე კუნძულელებმა მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგეს - ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ძირითადმა მგეზავმა კალებ მუნცმა დაზიანება მიიღო.
პირველი ტაიმი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა. მატჩის მე-2 წუთზე უელსელებმა ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც დენ ბიგარმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გახსნა. მე-7 წუთზე უორენ გეტლანდის გუნდმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყო - ჯორჯ ნორსმა ხაზი გაჭრა, საბოლოო ჯამში კი, უელსელებმა ფლანგზე უპირატესობა შექმნეს და ჯოშ ადამსმა სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა, ბიგარმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ამას მე-14 და მე-18 წუთზე ფიჯელების ლელოები მოჰყვა - უკანახაზელმა ვაისეა ნაიაკალევუმ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თავისი გუნდი წინ ლეკიმა ტაგიტაგივალუმ გაიყვანა, ორივე შემთხვევაში გარდასახვა ზუსტად ფრენკ ლომანიმ შეასრულა.

25-ე წუთზე ბიგარმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი შესვენებამდე თავისი გუნდი წინ ჯორჯ ნორსმა გაიყვანა. ფიჯელებს პირველი ნახევრის მიწურულს ისევ დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო მომენტში ერონი მავიმ ბურთზე კონტროლი დაკარგა და ვერ დაამიწა. საბოლოო ჯამში, პირველი ტაიმი უელსელთა გამარჯვებით 18:14 დასრულდა.
მეორე ტაიმი უელსელებმა ძალიან კარგად დაიწყეს. 49-ე წუთზე ლუის რის-ზამიტმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და კიდევ ერთი ლელო დადო, ბენ დიგარი ამჯერადაც ზუსტი იყო. აშკარა იყო, რომ ამის შემდეგ გეტლანდის გუნდმა ტემპი დააგდო და ფიჯელებს შეტევის საშუალება მისცა. უელსი თავს კარგად იცავდა და მეტოქეს სხვაობა არ შეამცირებინა, ბოლოს კი შეტევაში თავად გადავიდა და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა - აუტის ჩაწოდების შემდეგ უელსმა ძალიან კარგი მოლი ჩამოაყალიბა და ლელოს ავტორი ელიოტ დი გახდა.

თითქოს, ყველაფერი მარტივად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კუნძულელებმა მაინც მოახერხეს ინტრიგის შენარჩუნება - ფიჯის მე-3 ლელო ჯოსუა ტუისოვას ანგარიშზეა, ბონუს-ქულა კი თავის გუნდს მესაკე დოგემ მოუპოვა. ბოლოს მათ გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ რადრადამ გადამწყვეტ მომენტში ბურთის დამუშავება ვერ მოახერხა.
საბოლოო ჯამში, უელსმა ბონუს-ქულით მოიგო, ფიჯიმ კი მარცხის მიუხედავად, ორი ქულა მიიღო, რადგან 4 ლელო დადო და 6 ქულით დამარცხდა.
შემდეგ შეხვედრას უელსი 16 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს, ფიჯი კი 17-ში ავსტრალიას დაუპირისპირდება.
კომენტარები