Thumbnail

დიდი სლემის 24-ე ტიტული! ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open-იც მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დანიილ მედვედევი 3:6, 6:7(5:7), 3:6 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • სერბმა ჩოგბურთელმა US Open 2018 წლის შემდეგ პირველად მოიგო

5-წლიანი პაუზის შემდეგ US Open-ზე ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფი შედგა.

ამერიკის ღია პირველობის ფინალში ლეგენდარულმა სერბმა დანიილ მედვედევს პრაქტიკულად არაფერი გააკეთებინა, თუ არ ჩავთვლით, მეორე სეტს, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, მაგრამ მხოლოდ ეს დიდი სლემის ფინალისთვის ძალიან ცოტაა.

ნოვაკმა მეტოქეს თავიდანვე დაანახა, რომ კორტზე წასაგებად არ იყო გასული და მისი დღე იყო. პირველი სეტი ნოლემ 6:3 მოიგო, რისთვისაც ერთადერთი ბრეიკი ეყო, რომელიც სეტის მეორე გეიმში გაახერხა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

აი, მეორე სეტში მედვედევმაც მაგრად იბრძოლა, ყველაფერი გააკეთა თამაშში დასაბრუნებლად, მაგრამ ჯოკოვიჩის ბარიერის დაძლევა მარტივი საერთოდ არ არის. თავიანთ ჩაწოდებებზე ჩოგბურთელები უშეცდომონი იყვნენ, შედეგად ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც სერბმა მოიგო (7:5) და გამარჯვებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

გამოჩნდა, რომ ბრძოლაში წაგებულმა სეტმა რუსი მენტალურად გატეხა. მესამე სეტში ჯოკოვიჩი დომინირებდა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჩაწოდება ერთადერთხელ სწორედ ამ სეტში დათმო, სამაგიეროდ, ორი ბრეიკი გაახერხა და საქმეც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ეს არის ჯოკოვიჩის მეოთხე ჩემპიონობა ამერიკის ღია პირველობაზე, დიდი სლემის ტურნირი კი კარიერაში 24-ედ მოიგო (4 US Open, 3 როლან გაროსი, 10 ავსტრალიის ღია პირველობა და 7 უიმბლდონი). ნოლემ წელს 4-დან სამი დიდი სლემი მოიგო, მხოლოდ უიმბლდონზე ვერ შეძლო ჩემპიონობა, სადაც კარლოს ალკარასთან წააგო ფინალი.

ნოლემ დიდი სლემის 24-ე ტიტული კობი ბრაიანტს მიუძღვნა - გამარჯვების შემდეგ მან ლეგენდარული კალათბურთელის 24-ნომრიანი მაისური გადაიცვა...

კომენტარები

ბოლო ამბები