Thumbnail

აგუსტინ პიშო: საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო რაგბის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ ინტერვიუ მისცა ურუგვაულ El Observador-ს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მცირე სარაგბო ქვეყნები ძველებურად იჩაგრებიან. არგენტინის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ საქართველოც ახსენა, რომელსაც ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, ელიტარულ ნაკრებებთან ტესტების მიღება ისევ ძალიან უჭირს.

"მსოფლიო რაგბის რეიტინგში რაღაც უნდა შეიცვალოს. მათი შედგენა არასწორად ხდება და არასამართლიანია. მაგალითად, იტალიას მხოლოდ მე-13 ადგილი უკავია, თუმცა, 6 ერზე თამაშობს და ტესტებიც უმაღლესი დონის მეტოქეებთან აქვს. საქართველოს ნაკრები მეთერთმეტეა და რამდენი მატჩი აქვს ხოლმე ტოპ-გუნდებთან? ამ მხრივ არაფერი იცვლება. დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც 2007 წელს. მოდით, ვკითხოთ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას, რას აკეთებენ ისინი იმისთვის, რომ ჩილესა და ურუგვაის დონის ნაკრებები მაგალითად ავსტრალიის დონეს მიუახლოვდნენ?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი მსოფლიო თასის მონაწილეთა 24-მდე გაზრდაა. საჭიროა რაგბის გლობალიზაცია, რადგანაც ახლა რესურსების უმეტესობა ათამდე ქვეყანაზე იხარჯება, დანარჩენები კი მინიმუმს იღებენ. მაგალითად, 2016-2022 წლებში ბრაზილიელებმა რაგბში საკმაოდ სოლიდური თანხები ჩადეს, თუმცა, მსოფლიო თასის ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპამდეც კი ვერ მივიდნენ. და რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს ფული ჩადოს რაგბში, თუკი მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსიც კი არ სჩანს?".

შეგახსენებთ, რომ 49 წლის პიშო არგენტინის ნაკრების (71 კეპი) კაპიტანი იყო, 2009 წლიდან არგენტინის რაგბის კავშირში მუშაობდა, 2016 წელს კი მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 2020 წელს მან მონაწილეობა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო, თუმცა, ბილ ბომონტთან 23:28 დამარცხდა.

ინგლისელი ჩინოვნიკის მე-2 ვადით არჩევაში ლომის წვლილი 6 ერის ქვეყნებმა შეიტანეს, რომელთაც 3-3 ხმა ჰქონდათ, ამდენად, ბილმა ევროპელებისგან ერთბაშად 18 ხმა მიიღო. საქართველოს რაგბის კავშირმა მხარი პიშოს დაუჭირა, რომელსაც არ დაუმალავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ე.წ. მე-2 რანგის ნაკრებებს გაცილებით მეტი პერსპექტივა ექნებოდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები