Thumbnail

36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა.

სერბმა ვარსკვლავმა აშშ-ს ღია პირველობის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი 6:3, 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში 2 000 ქულა შეიმატა და პირველი პოზიციიდან ესპანელი კარლოს ალკარასი დააქვეითა.

ხსენებული მედვედევი მე-3 ადგილზეა, ხუთეულში კი დანიელი ჰოლგერ რუნე და ბერძენი სტეფანოს ციციპასიც იმყოფებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს კლასიფიკაციაში 357-ე ადგილზე გადაინაცვლა

კარიერაში პირველად მოწინავე ოცეულში შეაღწია ამერიკელმა ბენ შელტონმა (1 735 ქულით მეცხრამეტეა), რომელმაც US Open-ის ნახევარფინალში ითამაშა (სამ სეტში სწორედ ჯოკოვიჩთან წააგო).

ცნობისთვის, რეიტინგში უკვე 239-ე (!) ადგილზე იმყოფება (განახლებულ კლასიფიკაციაში 100 საფეხურით დაქვეითდა) ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი. დიდი სლემის ტურნირების 22-გზის ჩემპიონს ტრავმის გამო მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა, ჯერაც აქვს იმედი, რომ კორტზე დაბრუნებას შესძლებს.

ველით, როდის გამოჩნდება კორტზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მერე ჩოგბურთი არ უთამაშია. გასაკვირი არაა, რომ რეიტინგში ბასილაშვილმაც კატასტროფული ვარდნა განიცადა. ერთ დროს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ახლა 357-ე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები